skip to content
ახალი ამბები

სავარაუდო ანაფილაქსიური რეაქციით დაღუპული ექთნის საქმეზე პროკურატურამ ბრალი ექიმს წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ სავარაუდო ანაფილაქსიური რეაქციის შედეგად გარდაცვლილი ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ამავე კლინიკის ექიმს ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების მუხლით ბრალი წარუდგინა. მას 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის ინფორმაციით, ექიმმა უგულებელყო მოთხოვნა, რომ ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

ამავე ინფორმაციით, ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრისა და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

2021 წელს, პროკურატურამ ბაქრაძის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორ ექიმსა და ერთ ექთანს ბრალი წარუდგინა. მათ შორის იყო ზემოთ ხსენებული ექიმიც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button