Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ჯარისკაცი და სამშობლო რესპუბლიკა, ანუ ბრძოლა ძმობის, ერთობისა და თანასწორობისათვის

Civil.ge-ს ფურცლებზე გასული წლის სექტემბერში სტატიაში „მოქალაქე-ჯარისკაცი: ჯარის მშენებლობა პირველ რესპუბლიკაში” ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე მოგითხრობდათ, რომ „სახელმწიფომ მიზნად დაისახა, განათლებული მოქალაქე-ჯარისკაცი ჰყოლოდა. 1918 წლის დეკემბერში სამხედრო სამინისტროში შეიქმნა დროებითი კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია, რომელიც 1919 წლის ივლისში უკვე სამინისტროს სრულფასოვან სტრუქტურულ ერთეულად იქცა. სხვადასხვა პერიოდში სექცია ზემოთ ჩამოთვლილ სამხედრო გაზეთთაგან გამოსცემდა ორს –„რესპუბლიკის ჯარსა“ და „მხედარს“. მისი საქმიანობა და ჯარისკაცთა კულტურულ განვითარებაზე ზრუნვა მხოლოდ ამით არ ამოიწურებოდა.”

წინამდებარე ტექსტიც„საუბარი ჯარის კაცთან” სწორედ „რესპუბლიკის ჯარში“ გამოაქვეყნა ივანე გომართელმა, რომელშიც მესამე დასელი ქართველი პუბლიცისტი ჯარისკაცებს მიმართავს და მათში პატრიოტული განწყობილებების აღზევებას ცდილობს. ტექსტს ნათლად ეტყობა, რომ ავტორი შთაგონებულია ფრანგული სამოქალაქო ნაციონალიზმით, საფრანგეთის რევოლუციის იდეალებითა და რესპუბლიკანური ღირებულებებით. წერილს ასევე ეტყობა, რომ სომხეთ-საქართველოს ომის პერიოდშია დაწერილი. ავტორს ქართული ჯარისკაცი ეროვნული თავისუფლებისა და კლასობრივი თანასწორობის მესაძირკვლედ ესახება.

 

„რესპუბლიკის ჯარი“, N6, 5 იანვარი, 1919 

საუბარი ჯარის-კაცთან

შორს ჩვენგან არის საუცხოვო ქვეყანა, რომელსაც საფრანგეთი ეწოდება.
ვინ არ იცნობს საფრანგეთს!
პირველათ იქ აფრიალდა წითელი დროშა რევოლიუციისა და თავისუფლებისა.
და ეს დროშა ააფრიალა თვითონ ხალხმა.
აი იმისთანა ხალხმა, მშრომელმა ხალხმა, როგორსაც შენ ეკუთვნი, ჩემო ჯარისკაცო!
აბა დაეკითხე სულ უკანასკნელ ფრანგს: ვინა ხარ შენო.
– მე ვარ თავისუფალი საფრანგეთის შვილიო, გიპასუხებს ის, – ჩემი სამშობლო საფრანგეთიაო.
ის ამაყობს, როდესაც თავის საფრანგეთს ახსენებს.
ამაყობს იმიტომ, რომ სამშობლო ყოველი ადამიანისათვის, ვისაც კი ადამიანობა აქვს, სიამაყეს შეადგენს.
შენ უკვე დაამტკიცე, ჩემო ჯარისკაცო, რომ შენთვისაც სამშობლო სიამაყეს წარმოადგენს.
შენს გმირობას ბრძოლის ველზე ჩვენი თავისუფლების დასაცავათ აღტაცებაში მოჰყავს ყველა.
ქურდულათ შემპარავ, ძმათა სისხლით გაუმაძღარ მტერს ეგონა, რომ შენ სამშობლოც დაივიწყე, ძველი რაინდობაც, ნამუსიც და სივაჟკაცეც.
სომხის მდიდრებისა და მღვდლების მთავრობას ეგონა, რომ შენ ქუდის მაგიერათ ლეჩაქი გეხურა თავზედ.
მაგრამ შენმა მახვილმა და ბრძოლის ყიჟინამ მტერს ფერი უცვალა.
მტერმა იგრძნო, რომ შენ სამშობლო გიყვარს და მისთვის თავის განწირვისა არ გეშინია.
მტერმა გააღვიძა შენში ძველებური მამაპაპური სული ვაჟკაცობისა და რაინდობისა და უკვე იგემა, თუ როგორ ჰმუსრავს შენი მადლიანი მარჯვენა სამშობლოსა და თავისუფლების მტერს, ორგულსა და მოღალატეს.
გწამდეს, ჩემო ჯარისკაცო, რომ დღეიდან შენ ხარ სიამაყე მთელი სამშობლოსი, მთელი ქართველი ერისა. შენ ამაყობ სამშობლოთი, მაგრამ სამშობლოც ამაყობს შენით. შენ თავი მოგწონს სამშობლოთი, მაგრამ სამშობლოსაც თავი მოსწონს შენით.
შენ ხომ გიყვარს შენი სოფელი, შენი სახლ-კარი, შენი კარ-მიდამო, შენი ყანა, შენი ვენახი?
რაღა თქმა უნდა, გიყვარს! ყოველივე ეს ნაწილია შენი სამშობლოსი. აკვანი შენის სიხარულისა, სიყვარულისა, ოფლისა, იმედებისა შენს სამშობლოში, და ამიტომ სამშობლო საყვარელია, როგორც ტკბილი დედა.
სამშობლო, დედის ძუძუი.
არ გაიცვლების სხვაზედა.
ორთავე ერთნაირათ ტკბილია, ჩემო ჯარისკაცო!
ვისაც მშობელი დედა უყვარს, მას სამშობლოც უყვარს.
და იცოდე, შხამათ შეერგება დედის ტკბილი ძუძუ მას, ვინც გაჭირვებაში სამშობლოს არ გამოადგება.
სამშობლო, ჩემო ძვირფასო, სხვებსაცა აქვთ; ყველას თავისი სამშობლო უყვარს.
ეს სიყვარული დიდი გრძნობაა და ჩვენ მას ყველგან პატივისცემით უნდა მოვეპყრათ.
ვისაც სამშობლო უყვარს, ის სხვების სამშობლოსაც აფასებს, ის არ მოინდომებს სხვისი სამშობლოს დაღუპვას.
არ უნდა გასთელო სხვისი სამშობლო, მაგრამ არც სხვას უნდა შეარჩინო და აპატიო შენი სამშობლოს გათელვა.
შენ განა ოდეს მე გაგივლია გულში სხვისი სამშობლოს დაღუპვა? არასოდეს, ამგვარ ცილს ვერავინ დაგწამებს, ჩემო ჯარის კაცო…
შენ მუდამ ძმა და მეგობარი იყავი ყველასი.
მაგრამ მეტათ მდაბალმა, მეტათ უპატიოსნო მტერმა მოინდომა შენი სამშობლოს დაღუპვა
…..
თუ ფრანგს შეუძლია, ამაყათ ილაპარაკოს თავისთავზე და სამშობლოზე, შენც შეგიძლია, ჩემო ჯარისკაცო, ამაყათ უთხრა ყველას – მტერსაც და მოყვარესაც:
– მე ქართველი ვარ. ჩემი სამშობლო თავისუფალი საქართველოა. თუ საქართველო დღემდე იყო სხვისი მონა, მეფის მონა, დღეს ის თავისუფალი ქვეყანაა.
თუ დღემდე საქართველოს განაგებდენ მეფისაგან დანიშნული მმართველები, დღეს საქართველოს განაგებს თავისუფალი ქართველი ერი და მისი ნებით, მისი სურვილით არჩეული მთავრობა.
თუ დღემდე საქართველოში იყვნენ წოდებები, იყო უთანასწორობა, დღეს საქართველოში აღარც თავადია, აღარც გლეხი – ყველა თანასწორია.
….
დღემდი ჩვენი მშრომელი ხალხი მონა მორჩლი იყო ყველასი.
დღეიდან ის არის ქვეყნის სრული ბატონპატრონი და გამგე.
მასა ჰყავს ისეთი მთავრობა, რომელიც მუდამ მშრომელ ხალხთან იყო ჭირსა და ლხინში.
მაგრამ ჩვენს მშრომელ ხალხს დღემდე მხოლოდ ჭირი ჰქონდა.
მისი ლხინი აწი იწყება.
სწორეთ ამისი ეშინიათ მგლებსა და აფთრებს.
ჩვენი მშრომელი ხალხის ბედნიერება ჩვენს მეზობლებშიაც თვალებს აუხელს მშრომელ ხალხს და აი სწორეთ ეს უკარგავს მოსვენებას ხალხის მტრებსა და მისი ოფლით გასუქებულებს.
არარატის ბურჟუები და მღვდლები სწორეთ ამიტომ გვესხმიან თავს, რომ მოსპონ ჩვენი მშრომელი ხალხის ბატონობა და ისევ თვითონ იბატონონ და სწოვონ ყველას სისხლი.
მაგრამ მათი აღსასრულის ზარმა უკვე დარეკა.
და იცი, ვინ ჩამორეკა?
შენ, ჩემო ჯარისკაცო!
შენი სამშობლო ღირსია სიყვარულისა, შენი სამშობლო ღირსია, რომ მისი დაცვის გულისათვის მეხათ მოევლინო ყველა იმის მტერს და შეუბრლებლათ გაანიავო.
ამით შენ იცავ მარტო სამშობლოს კი არა, – მშრომელ ხალხს, რომელსაც შენ ეკუთვნი.
ამით შენ ანთავისუფლებ სომხის მშრომელ ხალხსაც, რომელიც დღეს ბურჟუებისა და მღვდლების მონა და მოსამსახურეა.
კაცი ჯაბანი რითა სჯობს.
დიაცვა ქსლისა მბეჭველსა!
სჯობს სახელისა მოხვეჭა,
ყოვლისა მოსახვეჭელსა!
დიახაც რომ სჯობს!                                                                                                                                                                        სახელი არ იკარგება, სახელი არა ჰქრება, სახელი არა კვდება.
ქება და ხსენებაც მხოლოდ მათია, ვისაც ამ ქვეყნათ სახელი დარჩენია.
რითი იხსენიება ადამიანი? ნამუსით, კეთილშობილებით, რაინდობით. აბა ერთი დამისახელე ვის დარჩენია კარგი სახელი, ვინ უქიათ ლაჩრობისათვის, მუხანათობისათვის, ვერაგობისა და მოღალატეობისთვის!
არავინ!
ლაჩარსა და მოღალატეს პირში აფურთხებს ყველა.
დღეს დაგიდგა ჟამი, ჯარისკაცო, როდესაც შენი სახელი უნდა უკვდავ ჰყო.
ჩვენი შვილები და შვილისშვილები შენს სიმამაცეს, შენს ვაჟკაცობასა და თავგანწირვას სამშობლოსა და თავისუფლების გულისათვის ერთი მეორეს უნდა გადასცემდნენ და შენს უკვდავ სახელს მოწიწებით იხსენიებდნენ.
შვილებს საზღაპროთ ექნებათ ჩვენი ბრძოლა და ომები!
შენი ბრძოლა ჩვენში საზღაპროთ დარჩება, შენი სახელი წაუშლელი ინება!
შენს გულში რაინდობასთან ერთათ სიყვარულის ძლიერი ნაკადულიც ჩქეფს. შენ გინდა დაამყარო ძმობა, ერთობა და თანასწორობა ჩვენში.
მაგრამ ამიერიდან იცოდეს ყველამ, რომ შენს გულში ჰბობოქრობს ძლიერი სიძლვილიც მათდამი, ვინც ძმობას, ერთობას, თანასწორობას და თავისუფლებას ძირს უთხრის.
თავისუფალი სამშობლოს სწორ უპოვარო დარაჯო, მშრომელი ხალხის სიამაყევ – ჩვენო ჯარისკაცო! გასწი წინ! დაჰკა, გააპე მტრისა და მუხანათის შავი გული!
თქვენდა მტერთა და ორგულთა
დაჰფრეწდით, დაცასჭრილითა.                                                                                                                                                   მტერმა უკვე იბრუნა. შენი გულის ცეცხლს, სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულით აგიზგიზებულს მან ვეღარ გაუძლო და გარბის.
ერთი კიდევ დასჭექე შენებურათ და სამუდამოთ მოახრევინე მას ქედი თავისუფლების დროშის წინაშე.
ვაშა ჩვენს რაინდ კარისკაცს!
ვაშა ჩვენს უკვდავსა და ძლევამოსილ ჯარს!

ივ. გომართელი.

მსგავსი/Related

Back to top button