ახალი ამბები

ომბუდსმენი ხელისუფლებას არასამთავრობოებთან მიმართებით დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი სახელმწიფო თანამდებობის პირებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს და ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ყველა ორგანიზაციას „მხარდაჭერას უცხადებს“.

ნინო ლომჯარიას 24 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, რომელიც მიზნად ქვეყნის „დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას“ ისახავდა.

სახალხო დამცველმა განცხადებაში ხელისუფლებას ის საერთაშორისო ვალდებულებები შეახსენა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები – გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო სახელმწიფოებს ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობის ხელშესაწყობად უწესებენ.

„ზემოაღნიშნული ვალდებულებების მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ადარებდნენ ფაშისტურ ორგანიზაციებს. მიმდინარეობდა აქტიური და ორგანიზებული კამპანია სოციალურ მედიაში და საჯაროდ მითითება თითქოსდა მათ დანაშაულებრივ ფაქტებთან კავშირებზე. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი დამოკიდებულება დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

იმავე დღეს, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე „მიზანმიმართული თავდასხმების“ შესახებ განცხადება 14-მა არასამათავრობო ორგანიზაციამაც გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ხელისუფლების „აგრესიული რიტორიკა“ „შეშფოთებას“ საერთაშორისო დონეზეც იწვევს.

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მათზე თავდასხმის ნაცვლად, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უპასუხოს „სავარაუდო კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით და დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, მიუხედავად მათი გავლენებისა“.

რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააკრიტიკა, მოგვიანებით კი ისინი „ფაშიზმის“ თანამონაწილეებად მოიხსენია.

22 ოქტომბერს, კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გააკრიტიკა და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „სავარაუდოდ“, 2007 წლის 7 ნოემბრის „მშვიდობიანი“ აქციის დარბევის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა 23 ოქტომბერს სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმაც გააკრიტიკა და მათ ნაციონალური მოძრაობის „აქტივი“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button