
წულუკიანის კომისიამ პარლამენტს 470-გვერდიანი ანგარიში წარუდგინა
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა 2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანოს საგამოძიებო კომისიის 470-გვერდიანი ანგარიში წარადგინა. ანგარიში 2003 წლის „ვარდების რევოლუციას“ „გადატრიალებად“ წარმოაჩენს და კატეგორიულად გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას 2004 წლიდან 2012 წლამდე. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში ადანაშაულებს, მას 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებასა და სამხედრო ოპერაციებზე პოლიტიკური გავლენის მოხდენაში სდებს ბრალს. ამასთან, დოკუმენტი ასევე ადანაშაულებს დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებით საქართველოს ეროვნული ინტერესების შელახვაში.
ანგარიში ეფუძნება ფუნდამენტურ ვარაუდს, რომ 2003 წელს საქართველოში „გარედან მართული“ გადატრიალება მოხდა. მასში ნათქვამია: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეზე უცხო ძალების წვდომა და ინტერესი გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანას ე.წ. ფერადი რევოლუციების ტალღამ გადაუარა…, რომელსაც, ოფიციალურად გაცხადებული დემოკრატიზაციის მიზნების გარდა, გეოსტრატეგიული ექსპანსიის განზომილებაც ჰქონდა და გარედან მართული, რუსეთთან კონფრონტაციაში მყოფი ქვეყნების ერთიანი ბანაკის ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად“.
ანგარიში ისეთ აქტუალურ თემებს მიმოიხილავს, როგორიცაა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, კორუფცია და ბიზნესის რეკეტი, მედიის თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა. დოკუმენტში ასევე აღწერილია სახელმწიფოს მიმართ მტრულად მიჩნეული ქმედებები, რომლებიც ყოფილმა თანამდებობის პირებმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სავარაუდოდ 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ განახორციელეს.
This post is also available in: English