skip to content
არჩევნები 2018ახალი ამბები

ივანიშვილი ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე და მომავალ გეგმებზე საუბრობს

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, მეორე სატელევიზიო ინტერვიუ მისცა და სამი წამყვანი ტელეკომპანიის – „რუსთავი 2-ის“, „იმედის“ და „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტებს ესაუბრა.

140-წუთიანი ინტერვიუ 23 ოქტომბერს გვიან საღამოს გავიდა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და რიგ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ომეგა ჯგუფსა და ფარულ აუდიოჩანაწერებზე საკუთარი პოზიცია გაახმოვანა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის შესახებ

ინტერვიუს დროს, ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის შესახებ. ქართული ოცნების ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ არხი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს. „ტელევიზია არის დახურული, მათ ჰყავთ მძევლად აყვანილი მაყურებლების დიდი ნაწილი და ვერ ხერხდება განსხვავებული აზრის მოსმენა“, – მიმართა მან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს.

„საზოგადოება მუდმივ სიცრუესა და სტრესებში არ უნდა ამყოფოთ. ჟურნალისტებმა კეთილი ინებეთ და ობიექტური მასალები მოიტანეთ, დააზუსტეთ რას გადასცემთ ტელევიზიებით და ისე მოახსენეთ ტელემაყურებელს. ის, რაც კეთდება „რუსთავი 2“-ში და ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, თქვენს ტელევიზიაში, აკლია არგუმენტები და აკლია ობიექტურობა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

„დღეს რომ გამორთო „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ. ის, რაც გადმოდის „რუსთავი 2“ – დან, 99 % არის სიცრუე. ის, რომ პრობლემები შეიძლება იყოს მთავრობაში, ხელისუფლების სხვა შტოებში, ეს არის ნორმალური ყველა სახელმწიფოში. ჟურნალისტები და მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ არ მოხდეს კორუფციისა და დანაშაულის ზრდა, ოღონდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები“, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ – თან დაკავშირებით „პიარ-ჯგუფთან ერთად, რომელიც პარტიაში ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ გვაქვს მთელი პროგრამა, რომ „რუსთავი 2“ – ში განსხვავებული აზრი შევიდეს და არა ეს სიცრუე რაც ისმის“. „რუსთავი 2“ – ის ჟურნალისტის რეპლიკის საპასუხოდ, რომ ეს არის მუქარა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ მოვახერხებთ ისეთი მონიტორინგით, რაც უცხო არ არის, ჩვენ საზოგადოებას ავუხსნით, გავაცნობთ და გამოვიყენებთ, რომ განსხვავებული აზრი რამდენად შედის ტელევიზიაში“.

ოქუაშვილის და სუბელიანის საქმეები

ქართული ოცნების ლიდერი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ გამოძალვის თაობაზე გაკეთებულ ბრალდებებსაც შეეხო. მან დაადასტურა, რომ ის ოქუაშვილს, როგორც ბიზნესმენი ორჯერ შეხვდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ მის დასახმარებლად გააკეთა. ივანიშვილის თქმით, მათ ადგილობრივი თამბაქოს წარმოების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

მისივე განმარტებით, „რუსთავი 2“ – ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, უკანონო გარიგებების შესახებ ოქუაშვილის საუბრებია ასახული, ავთენტური არ არის და დამონტაჟებულია. მისი თქმით, ბიზნესმენმა მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ვერ დაამტკიცა, კერძოდ, თუ რაში გადაიხადა მან ფული.

ივანიშვილის თქმით, ეს იყო ხელისუფლების „დაშანტაჟების“ მცდელობა, ვინაიდან ოქუაშვილს არ სურდა მისი კომპანიის საბიუჯეტო დავალიანების გადახდა. „რამდენად სანდოა კაცი და მისი ნალაპარაკევი, რომელიც 50 მილიონს სახელმწიფოს არ უხდის, მაყურებლისთვის მიგვინდია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე უარყო ოქუაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ყოფილი სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ სარდაფში ჩაკეტა და გაუპატიურებით დაემუქრა. მისი თქმით, ამაზე ფარულ ჩანაწერებში რაიმე მითითება არ კეთდება და რომ ეს ამბავი „რუსთავი 2“ – ის გამოგონილია.

ივანიშვილმა იმ ფარულ ჩანაწერებზეც ისაუბრა, რომლებიც ოფიციალურ პირებს მორიგებაში ამხელს და განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობა „მთელი ქვეყნის ტრაგედიაა“, მაგრამ „პარალელების გავლება ამ ორ საქმეს შორის უზნეობა და მაღალი დონის ცინიზმია“.

გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მათ მკვლელებს… არსად არ იკვეთება, რომ დღევანდელ სახელმწიფოს და დღევანდელ ხელისუფლებას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ მკვლელობაში… დღევანდელი ხელისუფლების ინტერესია ერთადერთი, რომ ეს გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწორად წარმართული და დროში დასრულებული“, – განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა.

პოლიტიკაში დაბრუნება, პარტიის რეფორმირების გეგმები

ივანიშვილი ხანგრძლივად ისაუბრა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ და განაცხადა, რომ ის დაბრუნდა, რათა გააძლიეროს პარტიის მენეჯმენტი და გუნდურობა.

„მე დავბრუნდი პოლიტიკაში და მე მოვახერხებ, რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო. გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება ქართული ოცნების წევრების მიმართ, პარტიაც გაძლიერდება და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩვენს საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება და რუსთავი 2 ვერ შეძლებს, საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს და ესეთ სიცრუეში და ესეთ სტრესებში აცხოვროს საზოგადოება“, – განაცხადა მან.

„დღეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სახელწიფო აღარ არსებობს, დღეს ოქუაშვილი, რომელიც ბიუჯეტს ფულს არ უხდის, ის უტევს სახელმწიფოს. დღეს უნდათ დახატონ სიტუაცია, რომ სახელმწიფო რეკეტი ივანიშვილის მეთაურობით არსებობს და ოქუაშვილისგან ფულს იღებს, რაც არავითარი ფაქტით არ საბუთდება და ვერც დასაბუთდება, რასაც ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა

ივანიშვილმა შესაძლებლობა გამოიყენა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუხატა.

პარტიის ლიდერის თქმით, დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის იდეა მას ეკუთვნოდა, ვინაიდან უპარტიო პრეზიდენტი უფრო საინტერესო იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისთვის, იმ ფონზე, რომ „ქართულ ოცნებას ისედაც ძალიან ბევრი ჰყავს ხელისუფლებაში დღეს წარმომადგენლები“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს არჩევნების პირველივე ტურში მოგების შანს აქვს და ამაში უცნაური არაფერია, ვინაიდან მისი მთავარი ოპონენტები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორი განშტოებიდან არიან – ნაციონალური მოძრაობიდან და ევროპული საქართველოდან.

ყოფილმა პრემიერმა ქართული ოცნების წევრებს მოუწოდა, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირონ. „კიდევ ერთხელ შევახსენებ გუნდის წევრებს, რომ ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ. ძალიან ღირსეული კანდიდატია ქალბატონი სალომე, ის ძალიან ბევრს იმსახურებს და მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც მიმართა და განაცხადა: „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერების იმ ნაწილს, რომელიც დღეს კიდევ მერყეობს ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით, რომ ეს არის ძალიან ღირსეული კანდიდატი“. „მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ქართული ოცნების წევრი, ყველა განაწყენება ძველი გადადეთ გვერდზე და კეთილი ინებეთ და ძალიან გთხოვდით, რომ მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებაც სთხოვს. მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის ეთანხმება ზურაბიშვილს, რომ სააკაშვილმა „დაბომბა საკუთარი მოსახლეობა“.

„2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ღალატი ქვეყნისა და სამშობლოსი. მას შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა ქვეყნისთვის, მას შეეძლო არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება…თუ არა მაშინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი, ყველაზე რბილია, თუ გინდათ ღალატობრივი ქმედებებიც კი, რუსეთი ვერ მოახერხებდა და ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს“, – განაცხადა მან.

არასამთავრობო ორგანიზაციები

ქართული ოცნების ლიდერმა მოკლედ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებაც და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არასამთავრობოების მნიშვნელობა მას „ძალიან კარგად“ ესმის.

„ეს არის აქტივი, ჩვეულებრივად, ნაციონალური მოძრაობის, რომელიც შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში და ამ ნიშნით თავს ესხმის თვითონ და საკმარისია მათ პასუხი გასცენ იმ წუთში თარგმნიან, რომ მათ თავს ესხმიან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის „აბსოლუტურად ადეკვატური“ იყო, თუმცა დასძინა: „ირაკლისაც ვუთარი, რომ უკეთესი იქნებოდა, მას არ ეხმარა არც ფაშიზმი და არც სხვა გამონათქვმები. თუმცა, ეს ტერმინები აბსოლუტურად შესატყვისობაში მოდიოდა თქვენი [რუსთავი2] ხელმძღვანელის და დირექტორის სამარცხვინო ქმედებასა და გამონათქვამებთან (8 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“).

ბიძინა ივანიშვილის მიერ მედიაში ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებების სანახავად გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button