skip to content
არჩევნები 2018ახალი ამბები

კობახიძე: ზურაბიშვილის შესახებ გვარამიას განცხადება „ისტერიული და ფაშისტურია“

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ „ფაშისტური“ და „ისტერიული“ განცხადების გამო გააკრიტიკა.

კობახიძემ ამის შესახებ 8 ოქტომბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც სმი დღის წინ გვარამიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ: „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ…უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა“.

მოგვიანებით, იმავე დღეს, გვარამიამ საკუთარი პოზიცია განმარტა და განაცხადა, რომ ის მისი „პერსონალური აზრი“ იყო. „[ზურაბიშვილი] მიმაჩნია ჩემი სამშობლოს მოღალატედ და ჩემი სამშობლოსთვის ძალიან დიდ საფრთხედ და ამით დავკავდები ვიქნები „რუსთავი 2“-ში, თუ ვიქნები სხვაგან. ქვეყნის მოღალატეების წინააღმდეგ ყოველთვის ვიბრძოლებ…რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზია და ნიკა გვარამია ორი განსხვავებული რამ არის. „რუსთავი 2“-ს მისთვის არ უთქვამს უარი – ტელევიზია კანონით დადგენილ ყველა ვალდებულებას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გვსიამოვნებს ტირაჟირება ქვეყნის მოღალატის“, – განაცხადა მან.

კობახიძემ ბრიფინგის დაწყებისას გვარამიას „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ამავე პარტიის კუთვნილი ტელევიზიის გენერალური დირექტორი“ უწოდა. „ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე, არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოებისა და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, გვარამიას განცხადება „უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის პარტიული კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოება „რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია“.

„მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც, სავარაუდოდ, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელის ის განცხადება ჰქონდა მხედველობაში, რომლის მიხედვითაც გვარამიას განცხადება „სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და საარჩევნო კოდექსის მუხლები არ ირღვევა“.

საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას მიხეილ ბენიძემ განაცხადა: „გვარამია კერძო ტელეკომპანიის დირექტორია და პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური აგიტაციის პროცესში შეზღუდვა მათ არ აქვთ. მთავარია, სატელევიზიო ეთერში იყოს ტელეკომპანიის მიერ თანასწორი მიდგომა ყველა კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტისადმი. მას რომ დაეწერა, დროს არ დავუთმობ სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნებოდა საარჩევნო კოდექსის ცალსახა დარღვევა. ამ შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსის რომელიმე მუხლი აგიტაციასთან დაკავშირებით, არ ირღვევა”.

„სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ-დასავლური ურთიერთობების კონტექსტში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო, აზიანებენ თავად ამ იდეას“, – აღნიშნა კობახიძემ.

„გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძის კრიტიკას მმართველი პარტიის დეპუტატები გამოეხმაურნენ. მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასამთავრობოების მიერ გვარამიას „ფაშისტური“ განცხადების უგულვებელყოფა „უკიდურესად შემაშფოთებელია“. „სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ოდესღაც საერთოდ ვერაფერზე ვერ იღებდნენ ხმას, დღეს არ აკეთებენ რეაგირებას ფაშისტური ხასიათის განცხადებაზე“, – განაცხადა დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრეც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი ხელმძღვანელები პარტიულ ინტერესებს ატარებენ, რომ ისინი პირადი ინტერესებით მოქმედებენ და მათი საზოგადოებრივი აზრის კვლევები დაუსაბუთებელია. შემდეგ, მან ის ცამეტი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაც გააკრიტიკა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული მოვლენები „ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე“ მიუთითებს.

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით, საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია ხუთი წლის ვადით აირჩევს.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button