ახალი ამბები

შემოწირულებების კუთხით კვლავ სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

აუდიტის სამსახურის ბოლო მონაცემებით, 3-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, შემოწირულება ჯამში 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო. ფულადი და არაფულადი შემოწირულების მოცულობამ 2 152 091.67 ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, შემოწურულებების მთლიანი მოცულობის 99 % – 2 136 518 ლარი კვლავ სამ საარჩევნო სუბიექტზე გადანაწილდა. ჯამური შემოწირულების 89 % – 1 916 026 ლარი მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. 121 893.22 ლარით მას ევროპული საქართველო, 98 598.45 ლარით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსდევს.

საანგარიშო პერიოდში 10 000 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო პარტია ახალმა საქართველომ, 3 255 ლარი თავისუფალმა საქართველომ, 1 250 ლარი თავისუფალმა დემოკრატებმა, 1 000 ლარი ლეიბორისტულმა პარტიამ, 69 ლარი კი პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა.

გარდა შემოწირულებებისა, საანგარიშო პერიოდში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა საბიუჯეტო დაფინანასებაც მიიღეს. 3-12 ოქტომბრის პერიოდში, 495 460 ლარის ოდენობის თანხით ბიუჯეტიდან სულ 16 პოლიტიკური სუბიექტი დაფინანსდა. ყველაზე მეტი საბიუჯეტო დაფინანსება 86 344 ლარი ევროპულმა საქართველომ მიიღო, 82 644 ლარით მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსდევს, 42 683 ლარით თავისუფალი დემოკრატები, 39 401 ლარით ლეიბორისტული პარტია, 31 571 ლარით ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, 16 293-16 293 ლარით კი, სახელმწიფო ხალხისთვის და ახალი საქართველო.

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button