skip to content
ახალი ამბები

ახალი კონსტიტუციის ძირითადი პუნქტები


საქართველოს პარლამენტი, 26 სექტემბერი, 2017. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. 2024 წლიდან უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაც და პარლამენტი მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრით დაკომპლექტდება.

ქვემოთ მოცემული საქართველოს ახალი კონსტიტუციის ძირითადი პუნქტები:

პრეზიდენტი

  • პრეზიდენტი კვლავ რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში; თუმცა მას აღარ ევალება, რომ „კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირება“.
      
  • პრეზიდენტი კარგავს უფლებას, რომ  „მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვა მოითხოვოს და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში“.
      
  • პრეზიდენტი აღარ აირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით, არამედ მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს 300 ხმოსანის შემადგენლობით, რომელთა შორის არიან დეპუტატები, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები. თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ პირდაპირი წესით გაიმართება.   
      
  • პრეზიდენტი წინასწარი დებატების გარეშე აირჩევა პარლამენტის სასახლეში ხუთი წლის ვადით (ექვსი წლის ვადით 2018-2024 წლებში). ერთი და იგივე პირს ორი ვადით შეუძლია პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება.  
      
  • საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან (ნაცვლად მანამდე არსებული 35 წლისა), რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც. თუმცა, კანდიდატს აღარ მოეთხოვება არჩევნებამდე ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრება. 
      
  • ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც „სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის“ იქმნება და რომელსაც, წინა კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, აღარ იარსებებს. სანაცვლოდ, ახალი კონსტიტუციით, შეიქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციას განახორციელებს.  ეროვნული თავდაცვის საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური. 

პარლამენტი

2020 წლის არჩევნები

  • საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება, სადაც ამომრჩევლები 73 დეპუტატს მაჟორიტარული სისტემით, ხოლო დარჩენილ 77 დეპუტატს პროპორციული სისტემით აირჩევენ.
      
  • საარჩევნო ბარიერი არსებული 5%-დან 3%-მდე შემცირდება და პარტიები საარჩევნო ბლოკების შექმნას შეძლებენ (რაც მომდევნო საკონსტიტუციო ცვლილებებით იქნება მიღებული) 

2024 წლიდან

  • პარლამენტი მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა.
      
  • საარჩევნო ბლოკების შექმნა აღარ იქნება შესაძლებელი. 5%-იანი ბარიერი ძალაში დარჩება.
      
  • იმ პარტიების ხმებს, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, მთლიანად გამარჯვებული პარტია მიიღებს (ეს ცვლილება მომდევნო საკონსტიტუციო ცვლილებებით გაუქმდება და გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება).
      
  • ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებულ დეპუტატებს მხოლოდ ერთი საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბება შეუძლიათ.
      
  • კანდიდატის ასაკი არსებული 21 წლიდან 25 წლამდე იზრდება.

პრემიერ-მინისტრი/მთავრობა

  • პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობებს განსაზღვრავს და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს.
      
  • პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

სხვა დებულებები

  • გარდამავალი დებულებების 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. 
      
  • ქუთაისი აღარ იქნება პარლამენტის განთავსების ადგილი.
      
  • ქორწინება განისაზღვრა, როგორც კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის ოჯახის შექმნის მიზნით.
      
  • პროკურატურა აღარ დაექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს, ის დამოუკიდებელი ორგანო გახდება და პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ამ ორგანოს პარლამენტის მიერ ექვსი წლის ვადით არჩეული მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს.
      
  • სახალხო დამცველი ექვსი წლის ვადით აირჩევა. ომბუდსმენად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.
     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button