ახალი ამბები

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, შემოწირულების 94 % სამმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო მონაცემების მიხედვით, 2018 წლის პირველი აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შემოწირულება სულ 12-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო. ფულადი და არაფულადი შემოწირულების ჯამურმა მოცულობამ 837 307 ლარი შეადგინა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოწირულებების 94 % – 791 157 ლარი სამმა საარჩევნო სუბიექტმა – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ (388 980 ლარი), ევროპულმა საქართველომ (293 156 ლარი) და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო (109 021). 89 624 ლარის ოდენობის შემოწირულება კი 9 საარჩევნო სუბიექტმა გაინაწილა.

საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მეტი ფულადი თანხა – 385 480 ლარი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირეს, მას 286 141 ლარით ევროპული საქართველო, 101 701 ლარით კი, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსდევს. აქედან 40 000 ლარი პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარ თავს თავად შესწირა.

პირველი აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 8 943 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩმა, 22 259 ახალმა საქართველომ, 1 791 თავისუფალმა საქართველომ და 400 ლარი მოძრაობამ სახელმწიფო ხალხისთვის. საანგარიშო პერიოდში, შემოწირულება არ მიუღია მმართველ პოლიტიკურ პარტიას – ქართულ ოცნებას, ასევე ლეიბორისტულ პარტიას.

გარდა შემოწირულებებისა, კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა შემოსავლის სახით საბიუჯეტო დაფინანსებაც მიიღეს. 1 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 18 პოლიტიკურ სუბიექტზე ჯამში 1 099 203 ლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხა გადანაწილდა. ყველაზე მეტი სახელმწიფო დაფინანასება – 173 420 ლარი მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ – ქართულმა ოცნებამ მიიღო. შემდეგ მოდის: ევროპული საქართველო (128 429 ლარი), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (124 729 ლარი), ლეიბორისტული პარტია (84 915 ლარი), ახალი საქართველო (37 335 ლარი), მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის (37 335 ლარი) და თავისუფალი საქართველო (14 266 ლარი).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button