არჩევნები 2018ახალი ამბები

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის რაიმე თანამდებობის დაკავებას არ გეგმავს

Tags

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მოიგებს, ის რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.

სააკაშვილმა ეს განცხადება პირველად 24 ნოემბერს Facebook ლაივით გააკეთა, შემდეგ კი ამის შესახებ მან 25 და 26 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან და „ტელეკომპანია პირველთან“ ისაუბრა.

24 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა: „მე არც ერთითანამდებობა არ მინდა. ვარ რეგიონული ლიდერი. უკრაინაში მაქვს პარტია, რომელიც ჩვეულებრივ შედის პარლამენტში. არ ვაპირებ არცერთი თანამდებობის დაკავებას“.

ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერთადერთი პოსტი, რომელსაც ის თეორიულად საქართველოში დაიკავებდა, არის ლაზიკის ახალი საპორტო ქალაქის თავისუფალი ეკონომიკური ზონის დირექტორის თანამდებობა.

შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ ანაკლიას და ფოთის ჩრდილოეთით მდებარე, სოფელ ყულევს შორის ქალაქ ლაზიკას მშენებლობის იდეა სააკაშვილმა 2011 წლის დეკემბერში გააჟღერა. 2012 წელს ხელისუფლებამ დაგეგმილ ქალაქს „განსაკუთრებული სტატუსი“ მიანიჭა. (ეს მუხლი ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, გაუქმდება).

2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ლაზიკის განვითარების პროექტი შეაჩერა, თუმცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი გააგრძელა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას სურს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს კონკრეტულ სარგებელს მოუტანს და დასძინა, რომ თანამდებობები სრულიად ახალმა ადამიანებმა უნდა დაიკავონ.

„როდესაც მე ვამბობ, რომ არ ვიქნები მთავრობაში, მე კი არ ვირევშმაკობ ივანიშვილივით. მე კი არ ვაპირებ ჯდომას, ვთქვათ, დედაჩემის სახლში, ან ჩემს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ან ჩემს ყვარლის ვენახში და ჩვენს ბინაში ბარნოვზე და იქიდან ქვეყნის მართვას და იქ დაბარებას მინისტრების“, – განაცხადა მან 25 ნოემბერს.

სააკაშვილმა დასძინა, რომ მისი ამბიციაა, რომ საქართველოს „დიდ საზღვაო, წარმატებულ ქვეყნად ქცევა“. „მე მინდა, რომ ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონა იყოს ისეთი ზონა, სადაც იქნება ინგლისური სამართალი, სადაც იქნებიან ინგლისელი მოსამართლეები, სადაც იქნება დღგ ნული, სადაც იქნება თავისუფალი ბიზნესგარემო და სადაც იქნება ყველას სამართლებრივი უფლებები დაცული“, – განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა 2004-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებიდან მალევე დატოვა. მას საქართველოში ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი, რომლითაც ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სააკაშვილი აქტიურადაა ჩართული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და Facebook ე.წ. ლაივებისა და „რუსთავი 2“-ზე ჩართვის საშუალებით, ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ კამპანიას ახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button