ახალი ამბები

პრეზიდენტი და პრემიერი არჩევნების შედეგებს აფასებენ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგებზე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაფასეს.

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით „მისასალმებელია და დემოკრატიის მაჩვენებელია“ ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აქტიური და კონკურენტული იყო, რაც „გამოიხატა იმაშიც, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნების მეორე ტური“.

პრეზიდენტმა საზოგადოებას მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიული პროცესისათვის“.

„ძალაუფლების წყარო არის ხალხი, თქვენ ამას გრძნობთ და არავის არ უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ის არჩევნების პოლიტიკურ კონტექსტზე არ ისაუბრებს.

პრეზიდენტის შეფასებით, მართალია არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა მეორე ტურშივე გასათვალისწინებელი და გამოსასწორებელია ის „ხარვეზები“ რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიუთითებდნენ.

პრემიერ-მინისტრი

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 28 ოქტომბრის „საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები“. მისივე განმარტებით, ეს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში „ტრადიციად იქცა“.

პრემიერმა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, საარჩევნო ადმინისტრაციას და სამართალდამცველ სტრუქტურებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მათ „შეცდომებზე“, საზოგადოების მოლოდინებზე და არსებულ გამოწვევებზე „მკაფიო გზავნილი მიიღო, რაც მისივე შეფასებით იმის მანიშნებელია, რომ „ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში“. „საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია“, – დასძნა მანვე.

პრემიერმა არჩევნების მეორე ტურზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მეორე ტურში გუნდი იმ მხარდამჭერების „ერთსულოვნებას“ უზრუნველყოფს, რომლებმაც „სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში“.

„მეორე ტურში, ყველა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებებისა და ფასეულობის გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე, არჩევნების შედეგებზე მედიასთან ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც ისაუბრა. დედაქალაქის მერმა, ასევე არჩვენების შედეგებით საზოგადოების მხრიდან მიღებულ გზავნილებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button