ახალი ამბები

არასამთავრობოები პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებისკენ მოუწოდებენ

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებისკენ მოუწოდებს.

კოალიციის მიერ 31 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „კოალიცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და ამის ნაცვლად, პასუხისმგებლობა სხვადასხვა ჯგუფებს დააკისროს“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი წესით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატურა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღარ იქნება, რაც „მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკებს“.

„სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით“, კოალიცია პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ „დროულად და ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და უზრუნველყოს ისეთი კანდიდატის დასახელება, რომელსაც ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ექნება“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 2 აგვისტოს გახდა, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო.

21 აგვისტოს, პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესის წარმართვა და კონკურსის შედეგად, კანდიდატის დასახელება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანაცხადეს, რომ პრეზიდენტი კანდიდატურას აღარ დაასახელებდა.

მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. ახალი კონსტიტუციით კი, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა ხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button