skip to content
ახალი ამბები

ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა

17 სექტემბერს, ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომაზე, დეპუტატებმა 83 ხმით ნულის წინააღმდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალ, 28-ე წევრად ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.

ოპოზიციური დეპუტატების უმრავლესობა პლენარულ სხდომას არ დასწრებია, რადგან უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ისინი საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ.  

მარსაგიშვილი ახალ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც 2025 წელს უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ეკატერინე გასიტაშვილს ათწლიანი ვადა ამოეწურება. მარსაგიშვილი, რომელიც უვადოდ დაინიშნა, მკაცრად ეწინააღმდეგებოდა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის, ე.წ. ვეტინგის შემოღებას, რაც გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი 2020 წლის მარტიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი (მეორე ვადით 2024 წელს აირჩიეს). 2019 წლიდან იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. 2019-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო  სასამართლოს თავმჯდომარე. იგი სასამართლო სისტემაში 2008 წლიდან მუშაობს.

2024 წლის 27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში სამი ახალი მოსამართლის კანდიდატურები დაამტკიცა. 2021 წელს უზენაესი სასამართლოს თერთმეტი მოსამართლე დაინიშნა, ხოლო 14 უვადოდ 2019 წელს დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button