ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე „ვეტინგზე“ სასამართლოს განცხადებას არ ეთანხმება

უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი, არ ეთანხმება უზენაესო სასამართლოს მიერ 11 მარტს გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც შეშფოთება გამოხატა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის – ე.წ. ,,ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.

უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ეს ინიციატივა „ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის „საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი“, რითიც აადვილებს „პოლიტიკური კონტოლის განხორციელებას სასამართლო ხელისუფლებაზე“.

მოსამართლე ნინო ბაქაქურმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი და ეკატერინე გასიტაშვილის მხარდაჭერა არ ჰქონია და მოსამართლეებმა საკუთარი პოზიციები დეტალურად განმარტეს პლენუმის სხდომის ოქმში.

ამასთან, „ნეტგაზეთმა“ 15 მარტს განაცხადა, რომ სულ მცირე, 9 მოსამართლეა, ვინც არ ეწინააღმდეგბა საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, და დასძინა, რომ „ის ზარმაცობს და სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს. თუ იქნებოდა საუბარი კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს“.

15 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის „თავდასხმა სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეზე საქმეთა გაჭიანურების საფუძვლით, განსაკუთრებით პრობლემურია“. არასამთავრობიები მოუწოდებენ ხელისუფლებას შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების „დისკრედიტაციის კამპანია“ და შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც „არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა“.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს სასამართლოს გუშაგი, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, დემოკრატიის მცველები, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, უფლებები საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button