ახალი ამბები

უზენაესი სასამართლო „ვეტინგის“ შესახებ ინიციატივას სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვის საფრთხედ აფასებს

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის – ე.წ. ,,ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის „ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის „საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი“, რითიც აადვილებს „პოლიტიკური კონტოლის განხორციელებას სასამართლო ხელისუფლებაზე“.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ  მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის ყველა წამყვანი პოზიციისთვის შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, და ჩამოყალიბდეს ქონებრივი დეკლარაციების ეფექტური სისტემა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს.

11 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ „მოსამართლეთა მიმართ გარეგანი ზეწოლა“ ქმნის „გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს თითოეული მოსამართლისადმი ინდივიდუალურად მიმართულ გზავნილს-შესაბამისი დღის წესრიგით გაცხადებული პოლიტიკური კონტროლისათვის დაქვემდებარებაზე უარის გაცხადების პირობებში-მათ მიმართ შემოწმების საგანგებო მექანიზმების გავრცელება/გამოყენების დაშვების თაობაზე“.

უზენაესი სასამართლოს თქმით, კონტროლის არსებული მექანიზმები საკმარისია და  ე.წ. ,,ვეტინგის’’ მოთხოვნა არის დაინტერესებული პირების  მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე. „ცხადია, რომ მითითებული აქტორების მოჭარბებული ინტერესი და მათი დღის წესრიგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს ლეგიტიმაციის შესუსტებას და მართვის მექანიზმების სასამართლოს მიღმა გატანას“, – ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ ე.წ. ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, „ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას“.

უზენაესმა სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ  საერთაშორისო პრაქტიკამ თვალნათლად აჩვენა, მსგავსი ე.წ. ,,საგანგებო პროცედურების შედეგი“, სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ნაცვლად ამ პრინციპის მოსპობა.

ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია „პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში, აშშ-ის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ „ვეტინგის“ მიზანი „სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა გაყრა და მათი იმ კადრებით ჩანაცვლებაა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არიან მისაღები“. „ზოგადად, მე პრობლემა არ მაქვს კეთილსინდისიერების ტესტი ჩავაბარო. იძახიან, რომ ყველა მოსამართლეს არ ეხებაო. რეალურად, ეს ყველა მოსამართლეს ეხება, რადგან უკრაინაში შეეხო ყველა მოსამართლეს, ალბანეთში შეეხო ყველა მოსამართლეს“, – განაცხადა მურუსიძემ.

27 თებერვალს, თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად დეტალური ხედვა წარმოადგინა. არასამთავრობოების თქმით, სასამართლოს რეფორმირებისთვის საჭიროა ფართო, ინკლუზიური და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის წარმართვა. მათი თქმით, უნდა მოხდეს კანდიდატების და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩეული პირების, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც ექნებათ გადამწყვეტი როლი. მათივე თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების სისტემა ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button