ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტმა კონსულტაციები დაიწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად დღეს პირველი შეხვედრა გამართეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, GIPA-, გრიგოლ რობაქიძის სახელობის, ილიას სახელმწიფო, კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტების პროფესორები ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვახუშტი მენაბდემ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ დღეს კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა და ყურადღება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის პროცედურებზე და კრიტერიუმებზე გამახვილდა.

მთავარი კრიტერიუმი არის კვალიფიკაცია და მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. ასევე ის, რომ მას [კანდიდატს] უნდა ჰქონდეს გარკვეული ხედვები სასამართლო სისტემაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ კონსულტაციები პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ ჯგუფებთანაც გაიმართება. მისი თქმით, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მათ საკუთარი კანდიდატურებიც ჰყავდეთ და საერთო მსჯელობის შედეგად, „უნდა ჩამოვყალიბდეთ საუკეთესო ვერსიაზე“. მისივე განმარტებითკონსულტაციები ამ თემაზე მომავალშიც გაგრძელდება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 2 აგვისტოს გახდა, როდესაც მოქმედი თავჯდომარე ნინო გვენეტაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 3 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს დაიწყებდა.

მოქმედი კონსტიტუციით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით კი, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა ხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button