
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ომის დროს თავდაცვის ძალებს შეუერთდება
„ქართული ოცნების“ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც ომის დროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო თავდაცვის ძალებს შეუერთდება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2024 წლის პირველი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას, გამოძახებას და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწვევას ნაცვლად მუნიციპალიტეტების ორგანოებისა, ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სამინისტროს სისტემაში შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო.
„მისი [სააგენტოს] სტრუქტურა მუნიციპალიტეტების მიხედვით, მოიცავს სამსახურებს და მას გააჩნია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომლის გამოყენება საჭირო გახდება საომარი მდგომარეობის შემთხვევაში“, – ნათქვამია კანონპროექტში. „ამდენად, მშვიდობიანობის დროს, საჭიროა სააგენტოსა და თავდაცვის ძალების მიერ, ერთობლივად განხორციელდეს წვრთნების/ტრენინგების/სწავლებების დაგეგმვა/ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების მომზადება“.
საკანონმდებლო პაკეტი ასევე მოიცავს ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმადაც 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობის ან სამედიცინო შემოწმების თავის არიდებისთვის.
2023 წლის სექტემბერში, წინა, მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული თავდაცვის კოდექსით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეორგანიზაცია განხორციელდა. კერძოდ, 2025 წლიდან ყველა წვევამდელი მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლის სავალდებულო სამსახურს. ამასთან, მნიშვნელოვნად, 2000 ლარიდან 10000 ლარამდე, გაიზარდა გაწვევის გადავადების საფასური. 25 წლამდე წვევამდელებისთვის მხოლოდ ერთი ასეთი ერთწლიანი გადავადება იქნება დაშვებული. მანამდე, მათ ორჯერ შეეძლოთ სამხედრო სამსახურის გადავადება საერთო ჯამში 18 თვით.
This post is also available in: English Русский