პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 21 სექტემბერს მესამე მოსმენით 80 ხმით სადავო თავდაცვის კოდექსი მიიღო.
ახალი კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სავალდებული სამხედრო სამსახურის რეორგანიზაცია. განახლებული კოდექსის მიხედვით, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება, ყველა წვევამდელი ამიერიდან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლის სავალდებულო სამსახურს.
ამასთან, მნიშვნელოვნად, 2000 ლარიდან 10000 ლარამდე, გაიზრდება გაწვევის გადავადების საფასური. 25 წლამდე წვევამდელებისთვის მხოლოდ ერთი ასეთი ერთწლიანი გადავადება იქნება დაშვებული. მანამდე, მათ ორჯერ შეეძლოთ სამხედრო სამსახურის გადავადება საერთო ჯამში 18 თვით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სადავო ცვლილება ეხება დებულებას, რომელიც მღვდელმსახურების სტატუსის მქონე პირების გაწვევის გადავადებას ითვალისწინებდა. ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ, სამხედრო სამსახურისგან მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები გათავისუფლდებიან, ვინაიდან სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, მართლმადიდებელი სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისგან.
გარდა ამისა, ახალი კოდექსი მიზნად ისახავს სამხედრო სამსახურში მყოფთა კეთილდღეობის გაზრდას. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის თქმით, თავდაცვის კოდექსი აუცილებელია იმ მიზნების მიღწევისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, სამხედროებისათვის სოციალური გარანტიების დაწესებას. „იმ რეფორმებით, რასაც თავდაცვის კოდექსი მოიცავს, მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, ნატო-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)