skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ სასამართლოებში მედიის მიერ გაშუქებას ზღუდავს, მოსამართლეების ხელფასებს აორმაგებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტი სასამართლოს შენობაში ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერებს ზღუდავს, რაც ოპონენტების თქმით, სასამართლო პროცესებზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას შეზღუდავს. კანონპროექტი, სხვა ცვლილებებთან ერთად, მოსამართლეებისთვის ხელფასების თითქმის გაორმაგებასაც ითვალისწინებს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, რომლებიც ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანოს მიერ დაჩქარებული წესით განიხილება, ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია სასამართლოებში, სასამართლო დარბაზებსა და ეზოებში აიკრძალება – გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.

„წარდგენილი კანონპროექტით შეუძლებელი ხდება სასამართლოს პროცესების გადაღება მედიის მიერ, რაც საზოგადოებას წაართმევს შესაძლებლობას, თვალის ადევნოს, თუ როგორ მუშაობს მართლმსაჯულების სისტემა“, – გააფრთხილა მედიის ადვოკატირების კოალიციამ 24 ივნისს.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ყველა დონის მოსამართლეების ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას. ცვლილებების თანახმად, მოსამართლეების ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასები გაუქმდება. ამის ნაცვლად, მათი ანაზღაურება მიბმული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტთან, საბაზო ხელფასის – ამჟამად 1,460 ლარის – გამრავლებით დადგენილ განაკვეთზე, რომელიც, მაგალითად, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისთვის 7.2-ს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის 10-ს შეადგენს.

ეს ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომლის ხელფასიც ამჟამად დაახლოებით 4 000 ლარს შეადგენს, 10 512 ლარს მიიღებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 7 000 ლარიდან 14 600 ლარამდე გაიზრდება, რაც მოსამართლეებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

This post is also available in: English

Back to top button