
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის 12 წევრს მანდატები შეუჩერა
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2 ივლისს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ 12 წევრს დეპუტატის მანდატები შეუჩერა. გახარიას პარტია, სხვა ოპოზიციური ძალების მსგავსად, ბოიკოტს უცხადებს ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა მათგან განსხვავებით, მანდატებზე უარი ოფიციალურად არ უთქვამს.
გიორგი გახარია გადაწყვეტილებას X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტიამ უარი თქვა „მიტაცებულ საკანონმდებლო ორგანოში“ შესვლაზე, თუმცა არ უთქვამს უარი „ხალხის მანდატის“ დათმობაზე. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მანდატების შეჩერების თაობაზე „არასდროს არ ეხებოდა პროცედურას, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნისთვის გზის გასუფთავებას, შეთითხნილი ბრალდებების წინ იმუნიტეტის გაუქმებას და მუნიციპალური არჩევნების წინ მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრას“.
თებერვალში, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 49 მანდატი შეუჩერა „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს. ყველა მათგანმა თავად თქვა უარი მანდატებზე მას შემდეგ, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს. თუმცა, გახარიას პარტიის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გადაწყვეტილება ასეთი წინაპირობის გარეშე მიიღეს და მიზეზად მათ მიერ პარლამენტის უგულებელყოფა დაასახელეს.
This post is also available in: English