skip to content
ახალი ამბები

საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) სარჩელი არ დააკმაყოფილა. „ADC-ის სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობას და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას“, – ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებაში, რომელიც 30 ივლისს გამოქვეყნდა. მოსარჩელე კომპენსაციის სახით 1.5 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვდა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.

„არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია – ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. „ADC-მ და მისმა ინვესტორებმა საქართველოსთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღეს და ამისთვის, ყველა შესაძლო გზას მიმართეს“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომელიც უკავშირდება „მის დასავლურ მომავალს“. „აღნიშნულ პროცესში, ანაკლიის პორტის აშენება და ამუშავება მოემსახურებოდა ქვეყნის დასავლეთთან და არა რუსეთთან ან ჩინეთთან ინტეგრაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენ წამოვიწყეთ საარბიტრაჟო საქმე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა ფიდუციური ვალდებულება, დაგვეცვა ჩვენი ინვესტორების ფინანსური ინტერესები. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ მიგვეღწია ამ პროექტის წარმატებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ამ მიზნის მისაღწევად, „დიდი ძალისხმევა გავიღეთ და ვმუშაობდით საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის შემდეგაც კი, რომ გამოსავალი მოგვეძებნა პროექტის გასაგრძელებლად“. მისი თქმით, ყოველი ასეთი მცდელობა დაბრკოლებული ან უგულებელყოფილი იქნა მთავრობის მხრიდან, რამაც შედეგად ანაკლიის პორტის განვითარების დაყოვნება გამოიწვია. „თუმცაღა, ჩვენ არ ვკარგავთ ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის პორტი განვითარდება ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ“.

მანამდე, ოპოზიციური პარტიის „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სინანული გამოხატა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება „გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა“.

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ მან „ჯერ შეაფერხა ჩვენი მუშაობა ამ პროექტზე, შემდეგ კი სრულად დაბლოკა მისი განხორციელება“. „ოქტომბერში ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მთავრობას ამ წარუმატებლობისთვის. “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პროექტს განაგრძობენ საეჭვო რეპუტაციის და დასავლეთში სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან ერთად, რომელსაც აკონტროლებს კომუნისტური პარტია, რომელიც მხილებულია კორუფციაში, გარემოსთვის ზიანის მიყენებაში, დაუმთავრებელ პროექტებსა და შრომით ექსპლუატაციში“, – წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

სხვა საკითხებთან ერთად, ხაზარაძე ასევე შეეხო საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიების ჩართულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ ჩინურ კომპანიებს თანამშრომლები უცხოეთიდან ჩამოყავთ, რომლებიც ქართველების ნაცვლად ამ პროექტებით შექმნილ სამუშაო ადგილებს იკავებენ.

„ჩვენ დავაბრუნებთ კეთილსინდისიერ დასავლელ ინვესტორებს, დავასრულებთ პროექტს მაღალი დასავლური სტანდარტების შესაბამისად და ანაკლიაში შევქმნით ათიათასობით სამუშაო ადგილს“, – დასძინა ხაზარაძემ.

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველომ ერთი მარტივი მიზეზით გაიმარჯვა, რადგან სახელმწიფო ყოველთვის წესების დაცვით მოქმედებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებს დღესვე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბრიგინფზე გამოეხმაურა. „არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად, საკუთარი ბრალეულობით, ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

„მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში“, – აღნიშნა მან.

„არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა 1.5 მილიარდი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილი იქნა და პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 000 დოლარის გადახდის ვალდებულება“, – დასძინა ბრეგაძემ.

წინაისტორია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის გარშემო უთანხმოება რამდენიმე წელია გრძელდება. პორტის აშენების ბოლო მცდელობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ჰქონდა – TBC ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის ერთობლივმა კონსორციუმმა პროექტის განხორციელების უფლება 2016 წელს მოიპოვა.

თუმცა, კონსორციუმი რიგი პრობლემების წინაშე დადგა, მათ შორის იყო ფულის გათეთრების ბრალდებები, რომლებიც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 2019 წელს წაუყენეს. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მათ ბრალი წარუდგინა, Conti International-მა კონსორციუმის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მათ წინააღმდეგ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს, რაც, მათი თქმით, პორტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობას წარმოადგენდა.

2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა მას შემდეგ, რაც კონსორციუმმა პროექტისთვის ახალი ინვესტორის მოზიდვა ვერ შეძლო. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით პორტის მნიშვნელობაზე საუბრისას, მაშინდელმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 2020 წლის იანვარში განაცხადა, რომ პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლება „უფრო სერიოზული და ფინანსურად უფრო ძლიერი“ პარტნიორის მოძიებას იწყებს. 2020 წლის ივლისში, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) და კომპანიის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა „ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით“ საქართველოს წინააღმდეგ ცალ-ცალკე სარჩელები შეიტანეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button