ახალი ამბები

ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ კონკურსში მეორე ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კონსორციუმები გადავიდნენ

22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ  ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ კონკურსში მეორე ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კონსორციუმები გადავიდნენ. კონკრეტული კომპანიების სახელები „კონფიდენციალურობის“ მოტივით უცნობი რჩება.

დავითაშვილმა დეპუტატებს უთხრა, რომ შესარჩევ კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ და დასძინა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ „რუსული ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე“.

20 სექტემბერს, ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოთხი კანდიდატიდან  მომდევნო ეტაპისთვის ორი შეარჩია. მაშინ სამინისტრომ კომპანიების წარმომავლობაზე არაფერი თქვა.

სანაცვლოდ, მან განაცხადა, რომ შერჩეულ კანდიდატებს რამდენიმეთვიანი ვადა მიეცემათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად. შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციური პარტია „ლელოდან“ დავითაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კომპანია „აღმოჩნდება, რადგან ჩინეთთან კორუფციულ გარიგებაში შესვლა მარტივია“. სამადაშვილის თქმით, მას არ გაკვირვებია, რომ არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ შემოუტანია განაცხადი, რადგან, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის მოთხოვნა, რომ ანაკლიის პორტი არ უნდა აშენებულიყო აშშ-ის თანამონაწილეობით, უნდა შესრულებულიყო. სამადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ დღეს აქ მინისტრისგან მოვისმინეთ ძალიან ანატომიური აღწერა კორუფციული სქემების დალაგების ჩვენს ქვეყანაში და გეოპოლიტიკური ინტერესების გადალაგების აშშ-ის წინააღმდეგ“.

დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ევრო-ოპტიმისტებიდან“ განაცხადა, რომ თავისი მავნებლური ქმედებებით, ანტი-უკრაინული, ანტი-დასავლური განცხადებებით, ფრენების აღდგენით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტიდან დასავლელი ინვესტორები ჩამოაშორა. „ცივილიზებულმა ევროპამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა, ზურგი აქცია ანაკლიის პროექტს“, – განაცხადა მან. მან ასევე გაიხსენა აშშ-ის ოფიციალური პოზიცია, რომელიც მაიკ პომპეომ 2020 წელს საქართველოში ვიზიტისას გააჟღერა და რომლის მიხედვითაც, საქართველო არ უნდა მოქცეულიყო რუსეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. „ანაკლიის პროექტი, ფაქტობრივად, ჩინეთს ჩაუგდეთ ხელში“, – დასძინა მან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 20 თებერვალს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად მთავრობამ 49%-იანი წილისთვის კერძო პარტნიორის მოსაზიდად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. პროექტში 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

განახლება: პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ადრე პასუხიმგებელი ორგანიზაციის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წამყვანი ფიგურაა,  განაცხადა: „ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო. სახელმწიფოსგან საჭირო იყო 50 მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც უზრუნველყოფილი იყო და არა საჩუქარი. აშენებული პორტი სრულად, 100%-ით გადადიოდა სახელმწიფოს კუთვნილებაში. ინვესტორები, ამერიკული და ევროპის წამყვანი კორპორაციები და ბანკები. დღეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს და ამისთვის ბიუჯეტი ჩადებს 300 მილიონ დოლარს და სახელმწიფოს კუთვნილება 51% იქნება. გაურკვეველი ინვესტორებით, ბიუჯეტით და კომპანიებით. კომენტარი თქვენთვის მომინდია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button