skip to content
ახალი ამბები

ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გამარჯვებულად გამოცხადებას პოლიტიკოსები ეხმიანებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 29 მაისს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია, რომელიც ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მინისტრის მიერ დასახელებულ ორ კომპანიას საეჭვო რეპუტაცია აქვს: China Communication Construction Company Limited აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის შავ სიაში იყო შესული სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო მიზნით ხელოვნური კუნძულების აშენებისთვის, ხოლო China Road and Bridge Corporation სანქცირებულია მსოფლიო ბანკის მიერ ფილიპინების გზების გაუმჯობესებისა და მართვის ეროვნულ პროგრამასთან დაკავშირებით თაღლითური საქმიანობისთვის.

„სამოქალაქო საქართველო“ ამ თემაზე ქართველი პოლიტიკოსების შეფასებებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდი

ირაკლი კობახიძე, პრემიერმინისტრი: „უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების… ძალიან კარგი განაცხადი შემოიტანეს ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება. რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც თავის დროზე ჩართული იყვნენ ანაკლიის გარშემო პროცესებში, შეგახსენებთ, რომ მათ არაერთხელ გადაუვადა სახელმწიფომ იმის შესაძლებლობა, რომ ინვესტორი მოეზიდათ, თუმცა… წლების განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ შეძლეს ინვესტორის მოზიდვა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, თუმცა ამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას ცდილობენ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ პროექტის განვითარება, ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, სპეკულაციები არის უადგილო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც ეს სპეკულაციები დაიწყო, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და მათი NGO-ები აწარმოებენ“.

კახა კალაძე, „ქართული ოცნებისგენერალური მდივანი, თბილისი მერი: „საქართველო მოქმედებს, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და ეს არაერთი კონკრეტული ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ. რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში და ზოგადად, ჩინეთის როლი არის მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებითაც, რომ 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს მას ევროკავშირთან. საქართველოს გავლით, ტვირთების სულ მცირე 2-3%-ის გატარება რომ მოხდეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული პორტის პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება“.

პაატა კვიჟინაძე, „ქართული ოცნება: საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე„სამწუხაროდ ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოვიდნენ, არც არასდროს ყოფილან და სწორადაც შვრებოდნენ, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ანაკლიის პორტს არანაირი აზრი არ აქვს ჩინური ტვირთის გარეშე“.

გურამ მაჭარაშვილი, „ხალხის ძალა“: „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ვნახეთ, რომ საქართველო უკვე გახდა შუა დერეფნის მთავარი შემსრულებელი, რაც ჩვენთვის არის სარგებლიანი არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე პოლიტიკური წონის ზრდის თვალსაზრისით. ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს ზოგიერთ ქვეყანას და აქაურ რადიკალურ ოპოზიციას. უცოდინრობასთან ერთად, მათი ნარატივი ნახეთ -ამბობენ, რომ ეს ჩინური კომპანია აწყობს რუსეთს. შე დალოცვილო, პოლიტიკა არ იცი, გავიგე, მაგრამ ეკონომიკა მაინც ხომ უნდა იცოდე. როგორ შეიძლება რუსეთს აწყობდეს აქ ჩინური კომპანია, როდესაც პირდაპირი კონკურენტია. რუსეთის გზა აღარ იქნება და მისი კონკურენცია იქნება, მინიმუმ განახევრებული, შემოკლებული გზა და ხარჯები. როგორ შეიძლება ეს აწყობდეს რუსეთის ფედერაციას? პირველ რიგში, ეს აწყობს საქართველოს.“

ოპოზიცია

მამუკა ხაზარაძე, „ლელო საქართველოსთვის“: „რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა. დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია –  რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, ჰესბოლას გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა! მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!  არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ!

ირაკლი კუპრაძე, „ლელო საქართველოსთვის“: „ეს არის ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკა, ამ ხელისუფლებამ რუსეთის ორბიტაზე გაიყვანა ეს ქვეყანა და საერთაშორისო კორუფციულ აბლაბუდაში ცდილობს ჩვენს გახვევას. ოფშორების კანონით დაწყებული, საერთაშორისო მაქინაციებში ეჭვმიტანილი კომპანიებით დამთავრებული, ღრმა კომუნიზმში ვბრუნდებით. მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა არის დარჩენილი“.

ნიკა ფარულავა, „ახალი“: „ეს იქნება საქართველოსთვის დამატებითი ფაქტორი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისედაც გაფუჭებული ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვისა და დისტანცირების „ქართული ოცნების“ გამო… ეს არის გაცხადებული პოლიტიკა „ქართული ოცნების“, როცა მათი ყველა ნაბიჯის გამო საქართველოდან ყველაფერი დასავლური გადის“.

თეონა აქუბარდია, „რეფორმატორთა ჯგუფი“: „მაშინ როდესაც ივანიშვილი დასავლეთისგან იზოლირებას ახდენს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ჩინეთ-რუსეთის გავლენების ზრდა საქართველოში…

რომან გოცირიძე, საპარლამენტო ოპოზიციაევროოპტიმისტები“: „ანაკლიის პროექტი, რომელიც უნდა ყოფილიყო დასავლური ფარი, ეკონომიკური სიკეთეების გარდა, ამ ხელისუფლებამ პირდაპირ ჩამოაცილა დასავლურ ორბიტას უკვე პორტიც“.

მსგავსი/Related

Back to top button