
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება, სადაც 10 მარტს თავის კოლეგას, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 11 მარტს, გაფაროვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა.
შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან და მემორანდუმის ხელმოწერა
გაფაროვამ და პაპუაშვილმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის „მრავალმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას“. საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას და ხაზი გაესვა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული რეგიონული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში, კოლეგებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, მემორანდუმი ითვალისწინებს კომისიებსა და კომიტეტებს შორის რეგულარული კავშირების დამყარებას და პარლამენტის წევრთა დელეგაციებს შორის გაცვლებს ორი ქვეყნის საპარლამენტო საქმიანობის შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
„ყოველთვის სასიამოვნოა უმასპინძლო საქართველოს მეგობარსა და მხარდამჭერს, ქალბატონ საჰიბა გაფაროვას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპიკერს. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები და გამოვთქვით მზადყოფნა, გავაგრძელოთ ინტენსიური თანამშრომლობა და გაცვლა საპარლამენტო დონეზე. ჩვენ ასევე დავადასტურეთ მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებს“, – დაწერა პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში.
შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან
11 მარტს გაფაროვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი რეგიონული პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობაზე. მთავრობის ადმინისტრტაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
17 იანვარს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რა დროსაც პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ოქმს, რომელიც ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას.
შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილთან
ვიზიტის ფარგლებში გაფაროვა ასევე შეხვდა „ქართული ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის „ისტორიულად არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს“ და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ფორმატებში, მათ შორის სამმხრივ თანამშრომლობას საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, ნათქვამია ქართული მხარის ოფიციალურ პრესრელიზში.
„ასევე, განვიხილეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება – საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას და მზად არის, განაგრძოს ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანა“, – ნათქვამია პრესრელიზშში.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/11/2024 – COP29-ზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ალიევს შეხვდა
- 11/06/2024 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანს სტუმრობს
- 11/12/2023 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
- 15/05/2023 – შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)