საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანს სტუმრობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი 10 ივნისს აზერბაიჯანს ესტუმრა და თავის კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრების საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს მიერ შემოთავაზებულ მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას და თავდაცვის სამინისტროებს შორის „ინტენსიურ“ ორმხრივ თანამშრომლობას.
მათ ასევე განიხილეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, რომელშიც მონაწილეობენ აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები გაფართოებულ ფორმატში განიხილეს.
ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები. დელეგაციის თანხლებით ირაკლი ჩიქოვანმა ასევე, ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე ჩამოყალიბებული ურთიერთობები ვითარდება და იზრდება“ და დასძინა, რომ 2024 წელს დაგეგმილია 21 ერთობლივი სამხედრო ღონისძიება, იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მინისტრმა ჰასანოვმა ქართველი კოლეგა აზერბაიჯანის მე-5 საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაზე ADEX მიიწვია, რომელიც ბაქოში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.
„მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/12/2023 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
- 28/11/2023 – აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)