
სავარაუდო ჰაკერული თავდასხმის შედეგად, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის სისტემაში პროევროპული გზავნილები გაჟღერდა
სავარაუდო ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 24 იანვარს, დილით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო გადახდის სისტემაში, მათ შორის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, პროევროპული გზავნილები და სიმღერები, ასევე ქართველი პოლიტიკოსებისა და „ქართული ოცნების წარმომადგენლების“ ცნობილი განცხადებები გაჟღერდა.
თბილისის მერიამ მალევე განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც „სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება“ და ხარვეზის გამოსწორებამდე ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება. შუადღისთვის, გადახდის სისტემა გამოსწორდა.
ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ისმოდა, რასაც მოჰყვა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიტყვები „გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას!” შემდეგ გაისმა გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაკეთებული განცხადება: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“. ჩანაწერი ასევე მოიცავდა ამონარიდებს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო გამოსვლებიდან, სადაც ის ბოდიშს იხდის 2008 წლის ომის გამო ან იმედგაცრუებას გამოხატავს შვეიცარიის ბანკებში მის ფულზე გართულებული წვდომის გამო. ჩანაწერებში ასევე ისმის მიხეილ ყაველაშვილის მიერ პარლამენტის წევრობისას გაკეთებული უხამსი განცხადებები: „ჩვენსა და თქვენ შორის, ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე“. ამას მოყვება ევროკავშირის ჰიმნი და დასასრულს სიტყვები: „Glory to Ukraine, Glory to Georgia, F**k Russia.“
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამოძიება გაარკვევს, ვინ დგას ამ ფაქტის უკან.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის აპარატები საქართველოს ბანკის საკუთრებაშია. ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/01/2025 – სიახლეების ბლოგი: წინააღმდეგობა 2025 |
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)