ახალი ამბები

თბილისის მერიის მიერ „უკანონო“ სახლების დანგრევის შედეგად რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა 

თბილისის მერიამ 28 იანვარს ორხევში სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე „უკანონოდ“ აშენებული სახლები და ნაგებობები დაანგრია, რის შედეგადაც რამდენიმე ოჯახი, სავარაუდოდ, თავშესაფრის გარეშე დარჩა.

მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დანგრევა გუშინ დილით დაიწყო. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ სთხოვენ პოლიციელებით გარშემორტყმული მცხოვრებნი ხელისუფლებას პროცესის შეჩერებას.

სახლების დანგრევის პროცესი მერიამ შუა ზამთარში, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე დაიწყო, როდესაც მხოლოდ მიმდინარე კვირას კორონავირუსის 75 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შენობების დანგრევის შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცება მოხდეს და შემდეგ უკანონო მშენებლობა“. მან ხაზი გაუსვა, რომ შენობების დანგრევამდე მოსახლეობისთვის „ყველანაირი გაფრთხილება მიცემულია“.

თბილისის მერის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ „ეს ადამიანები ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში და ბინებს დედაქალაქში“.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ უსახლკაროებს მერია „მაქსიმალურად“ დაეხმარება და ისინი „ძალიან მალე“ იქნებიან უზრუნველყოფილნი მუნიციპალური საცხოვრისით.

ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლელმა, რომელიც სახლების დემონტაჟის დროს ადგილზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ შენობებში არავინ ცხოვრობდა. რაც შეეხება იქ შეკრებილ ადამიანებს, მისი თქმით, მათ არ იციან ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან თუ არა.

თუმცა, ზოგიერთმა ადგილობრივმა ხელისუფლების მტკიცება უარყო და განაცხადა, რომ მათ სხვა თავშესაფარი არ აქვთ. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ის და მისი შვილი სოციალურად დაუცველები არიან და იქვე მდგარ ვაგონში ცხოვრობდნენ, რომლის გადატანასაც ახლა მათ ხელისუფლება სთხოვს.

„დასარჩენი მე და მამაჩემს არსად არ გვაქვს“, – უთხრა კიდევ ერთმა მამაკაცმა „მთავარ არხს“ და ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მხოლოდ ერთ ოთახს ითხოვს, სადაც ისინი დარჩენას შეძლებენ.

დანგრეული შენობების კიდევ ერთმა მფლობელმა, კახაბერ ილურიძემ განაცხადა, რომ მას თბილისში ბინა აქვს, თუმცა დაურეგისტრირებელ მიწაზე უწევს ცხოვრება, რათა საქონელს მიხედოს, რომელიც მისთვის საარსებო წყაროა.

ილურიძის თქმით, იგი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულია და წყალდიდობის შემდეგ თბილისის მერიის თანამშრომელმა მას უთხრა, რომ ორხევში დასახლებულიყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 28 იანვარს განაცხადა, რომ დემონტაჟის პროცესმა „კიდევ ერთხელ აჩვენა ის ნულოვანი მგრძნობელობა, რაც თბილისის მერიას უსახლკარო და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მიმართ აქვს“.

ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ ორხევის ტერიტორიაზე საცხოვრისების ნგრევა არა ერთეული შემთხვევა, არამედ მუნიციპალიტეტის „რეპრესიული პოლიტიკის“ ერთ-ერთი გამოვლინებაა.

ორგანიზაციისვე თქმით, სახელმწიფოს მიერ საცხოვრისის გარანტირების პოლიტიკისა და სერვისების არარსებობის, ასევე, ამ მიმართულებით მთავრობისა და მუნიციპალიტეტების უმოქმედობის ფონზე, უამრავი ოჯახი თვითდახმარების გზებს – ნებართვის გარეშე შენობების აგებასა თუ სხვადასხვა ობიექტებში ცხოვრებას მიმართავს.

2020 წელს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე არსებული 12 „უკანონო“ ნაგებობა დაანგრია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა მაშინ ქალაქის მთავრობა „არაჰუმანური“ ქმედების გამო გააკრიტიკეს, რომელმაც, მათი თქმით, დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებს ზამთრისა და პანდემიის დროს საცხოვრებელი წაართვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button