skip to content
ახალი ამბები

თბილისში საზ. ტრანსპორტით ერთჯერადი მგზავრობის საფასური იზრდება, შემოდის სააბონენტო სისტემა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ 2022 წლიდან ახალი სააბონენტო სისტემა დაინერგება. შედეგად თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაიზრდება.

კახა კალაძის განცხადებით, გადახდის ახალი სისტემა ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტს – მეტროს, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს გააერთიანებს. ავტობუსებით, მეტროთი და ლურჯი მიკროავტობუსებით 90 წუთის განმავლობაში ულიმიტო მგზავრობის ღირებულება ახლანდელ ტარიფთან შედარებით 2-ჯერ გაიზრდება და 1 ლარი გახდება. რაც შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებს, მგზავრობის ამჟამინდელი ტარიფი 0.80 ლარია.

გარდა ამისა, მგზავრებს ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი ულიმიტო ბარათებით სარგებლობის შესაძლებლობაც ექნებათ. ერთდღიანი ულიმიტო სამგზავრო ბარათის ღირებულება 3 ლარი, ერთკვირიანის კი – 20 ლარი იქნება.

ამასთან, ერთთვიანი სამგზავრო ბარათი 40 ლარი, სამთვიანი 100 ლარი, ექვსთვიანი 150 ლარი, ერთწლიანი კი 250 ლარი ეღირება.

დედაქალაქის მერის თქმით, ერთთვიანი სამგზავრო ბარათით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება და ისინი თვის განმავლობაში საშუალოდ 10-20 ლარამდე დაზოგავენ.

გარდა ამისა, გარდა კალაძის განცხადებით, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს. ესენია – თბილისში რეგისტრირებული უსინათლოები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები; მოსწავლეები; უბნის ინსპექტორები და დედაქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები; თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები; თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვ. ამასთან, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით კვლავაც ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები.

კალაძის განცხადებით, მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით – 0.2 ლარით – კვლავაც ისარგებლებენ დედაქალაქის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები; საჯარო ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; პენსიონერები; დედაქალაქის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკების მედპერსონალი; მანდატურები და სხვ.

მისივე თქმით, მგზავრობის შეღავათიანი ტარიფი – 0.1 ლარი ასევე უცვლელი დარჩება თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 და მასზე დაბალია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button