skip to content
ახალი ამბები

იუნისეფი ხელისუფლებას საჯარო სივრცეებში ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

ვაკის პარკის ახლადშეკეთებულ შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გაეროს გავშვთა ფონდი საქართველოში (იუნისეფი) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში და ხელი შეუწყონ ბავშვების გადარჩენის, თამაშის, დასვენებისა და განვითარების უფლების დაცვას“.

„იმისთვის რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს, საქართველოს ქალაქები ბავშვებზე მორგებული უნდა იყოს“, – განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკის ახლადშეკეთებულ შადრევანში 13 წლის სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ორი დაშავებული მოზარდი ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. მეფარიშვილის გარდაცვალებაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა და გადადგომის მოთხოვნით 17 ოქტომბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა. კალაძემ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა არ დააკმაყოლა და თანამდებობა არ დატოვა. თუმცა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ გრძნობს „ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, მორალურ პასუხისმგებლობას“ და თანამდებობას ტოვებს. ვაკის პარკში მომხდარის გამო ჯამში ცხრა პირი დააკავეს, მათ შორის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და შადრევნის სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „გრინსერვისი+“-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე.

განცხადებაში იუნისეფმა მოუწოდა ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ „თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სპეციალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან კოორდინირებულად, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება“.

ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ ვაკის პარკის ტრაგედია „ყურადღებას ამახვილებს საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების არსებულ ნორმებსა და სტანდარტებზე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც ბავშვებს შეიძლება საფრთხე დაემუქროთ“.

იუნისეფის თქმით, ქალაქის დაგეგმარებაში ყველა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს „ბავშვებისთვის და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური საჯარო და მწვანე სივრცეები“, ხოლო ნორმები და სტანდარტები, განსაკუთრებით საჯარო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით, უნდა უზრუნველყოფდეს მომხმარებლების დაცვას, ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის, ასევე უზრუნველყოფდეს მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვას.

„ბავშვზე მორგებული ქალაქდაგეგმარება იწყება იმის გაგებით, თუ როგორ შეუძლია ქალაქს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს ბავშვების განვითარება“, – განმარტა იუნისეფმა და ხაზი გაუსვა, რომ „თამაშის უფლება ფუნდამენტურია ბავშვის განვითარებისთვის, საჯარო სივრცეები უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გარემოს ბავშვებისთვის თამაშის ან გარე აქტივობების დროს“.

ორგანიზაციის თქმით, ბავშვზე მორგებული ქალაქის დაგეგმარება ფოკუსირებულია „საზოგადოების უსაფრთხოების გაზრდაზე გარემოსდაცვითი დაგეგმვის, დიზაინისა და ინფრასტრუქტურის მეშვეობით“.

„ის ითვალისწინებს განათების, ლანდშაფტის, ხილვადობის, ბუნებრივი ხელმისაწვდომობისა და მეთვალყურეობის გაუმჯობესებას და სხვა ფაქტორებს, რომლებიც გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას და ხელს უწყობს სივრცის საჯარო გამოყენებას, ასევე უსაფრთხო მარშრუტების უზრუნველყოფას სკოლამდე და უკან“, – ნათქვამია განცხადებაში.

იუნისეფმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევიდან საჭიროა „შესაბამისი გაკვეთილების“ გამოტანა. ამასთან, „ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი უსაფრთხოების ზომები არსებულ საჯარო სივრცეებში და აშენდეს ახალი სივრცეები ბავშვებზე მორგებული ქალაქდაგეგმარების პრინციპების დაცვით, დასძინა ორგანიზაციამ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button