
სიახლეების ბლოგი: წინააღმდეგობა 2025 | ნაწილი 1
საქართველოში საპროტესტო აქციები, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოყვა, 2025 წელსაც გაგრძელდა. პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ოპოზიციური ძალების, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობას მოყვა, კიდევ უფრო გამწვავდა ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადახვევის გამო. ის, რაც საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების წინააღმდეგ დემონსტრაციებით დაიწყო, 2025 წელს უფრო ფართო წინააღმდეგობაში გადაიზარდა, რომელმაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოთხოვნით ათიათასობით საქართველოს მოქალაქე, მათ შორის ეროვნული უმცირესობები გააერთიანა. პოლიციის სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომიტინგეები დაჟინებით ითხოვენ ახალ არჩევნებსა და ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას. იმავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობა.
- 2024 წლის მოვლენებისთვის, იხილეთ ჩვენი წინა სიახლეების ბლოგი: წინააღმდეგობა 2024.
პარასკევი, 28 თებერვალი
13:30 – სასამართლომ მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 21 წლის მათე დევიძე, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად, პატიმრობაში დატოვა. წაყენებული ბრალდება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დევიძე 21 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
ხუთშაბათი, 27 თებერვალი
22:00 – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
აქციის 92-ე დღეს, მომიტინგეებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და განაგრძეს აქცია ორი ძირითადი მოთხოვნით: ახალი არჩევნების ჩატარება და პროევროპული საპროტესტო აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება.
21:30 – მზია ამაღლობელი ციხეში დააბრუნეს
„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც შიმშილობის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკა „ვივამედში“ გადიოდა მკურნალობის კურსს და რომელმაც შიმშილობის აქცია 18 თებერვალს დაასრულა, ისევ ციხეში დააბრუნეს. მისი სასამართლო პროცესი 4 მარტს არის ჩანიშნული.
ოთხშაბათი, 26 თებერვალი
21:00 – ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე თბილისს ეწვია
ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე ერთდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ევროკავშირის ელჩს, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების შემდეგ, ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ მან იუკნევიჩიენეს „ახალი არჩევნების გეგმა წარუდგინა, რომელიც დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას უზრუნველყოფს“. მან მადლიერება გამოხატა „ევროპელი პარტნიორების უწყვეტი მხარდაჭერისთვის“.
14:30 – ნორვეგიის საელჩო პროევროპული აქციების დროს პოლიციის ძალადობისთვის პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს
ნორვეგიის საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად, საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგს განაგრძობს. საელჩოს თქმით, საპროტესტო აქციების დროს, პოლიციის მხრიდან ბევრი დაკავებულის მიმართ იქნა გამოყენებული გადაჭარბებული ძალა. „მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებულ გამოყენებაში დამნაშავე პირები პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული. თუმცა, არცერთი სამართალდამცავსთვის ამ დრომდე ბრალი არ წაუყენებიათ“. მან ასევე განაცხადა, რომ შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლების მქონე მომიტინგეთა მიზანმიმართული დევნა არღვევს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.
12:10 – საია მოშიმშილე თემურ ქათამაძის მიმართ ალტერნატიული ზომების გამოყენებას ითხოვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ თემურ ქათამაძე, რომელიც 41 დღეა შიმშილობს, აპროტესტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, მან სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ქათამაძე 16 იანვრიდან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება. ქათამაძემ სტატუსის მინიჭების მოთხოვნით შსს-ს 20 იანვარს მიმართა, რაზეც 3 დღის ვადაში ეთქვა უარი. საია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად კანონმდებლობა 6-თვიან ვადას განსაზღვრავს. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო გამოყენებულ უნდა იქნას კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ისეთი ალტერნატიული ზომები, როგორიცაა: პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული გამოხადება, საქართველოს მოქალაქის თავდებობა, საბანკო გარანტია ან გირაო.
12:00 – მზია ამაღლობელს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ, იგი ბათუმში სასამართლო სხდომაზე დასწრებას გეგმავს
„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორს, მზია ამაღლობელს დღეს კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც. „ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში“, – აცხადებს საია.
სამშაბათი, 25 თებერვალი
17:00 – საყოველთაო გაფიცვა თბილისში
ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები ზედიზედ 90 დღეა იმართება და დღეს პროტესტი დამატებით მნიშვნელობას იძენს, რადგან 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. საქართველოს ისტორიის ამ გადამწყვეტ დღეს, საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. უახლეს ისტორიაში უკვე მეორედ, საქართველოში საყოველთაო გაფიცვა იმართება, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. თბილისის მასშტაბით არაერთი მსვლელობაა დაგეგმილი, რის შემდეგაც მომიტინგეები ისევ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
ორშაბათი, 24 თებერვალი
21:18 – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტეს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე 89-ე დღეა განახლდა. მიუხედავად პოლიციის მცდელობისა თავიდან აეცილებინა ეს, მომიტინგეებმა სატრანსპორტო მოძრაობა მაინც გადაკეტეს. ადგილზე ასევე მივიდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც უკრაინის საელჩოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობას შეუერთდნენ. შეძახილები „დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!” და „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!” მთელი აქციის განმავლობაში ისმოდა. ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება პროევროპული აქციების მთავარ მოთხოვნად რჩება.
21:00 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის აღსანიშნავად მასშტაბური საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებს
25 თებერვლის საპროტესტო აქციის წინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, მასობრივად გამოვიდნენ ქუჩაში. მან 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების დღეს, უწოდა „ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი უახლესი ისტორიის, როცა ბოლშევიკური ჯარები შემოდიოდნენ დედაქალაქში“. „ამიტომ, ხვალ ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ – არა რუსულ ოკუპაციას. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი განაცხადი. მე თქვენთან ერთად რუსთაველზე ხვალ 21:00 საათზე“, – დასძინა ზურაბიშვილმა.
17:30 – კაია კალასი საქართველოში სიტუაციის „საგანგაშო გაუარესებაზე“ საუბრობს და მომიტინგეთა გათავისუფლებას ითხოვს
საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. კალასმა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას და დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას „რეგიონში საგანგაშო გაუარესება“ უწოდა. მან ყველა დაკავებული დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველო არ დგამს ნაბიჯებს ევროპის მიმართულებით“.
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა X-ზე დაწერა, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ მოკლე და უშედეგო დისკუსია“ საქართველოს შესახებ და სანქციებზე კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული, რადგან უნგრეთი და სლოვაკეთი კვლავ ბლოკავენ გადაწყვეტილებას.
16:00 – ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის საკითხი სტრასბურგში გასაჩივრდება
ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა, რომ 5 დეკემბერს პროევროპული აქციის დროს დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება. მიგინეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საჩივარი მალე დასრულდება და „ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთოს ნაწილში გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განხილული იქნება როგორც პირველ წარდგენაზე აღკვეთოს ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე შემდგომში, უკვე გადახედვის დროს, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე, სხვა ბრალდებულებთან ერთად, დარჩა პატიმრობაში”.
10 იანვარს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პროევროპული აქციის დროს დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და კომიკოს ონისე ცხადაძის საქმეები განიხილა და მათ წინასწარი პატიმრობა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გაუგრძელა.
15:30 – „ძლიერი საქართველო“ გმობს მკაცრ ჯარიმებს და „რუსულ მეთოდებთან“ დაპირისპირების პირობას დებს
ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ აქტივისტების მიმართ დაწესებული ფინანსური ჯარიმების გასაპროტესტებლად. მათ ჯარიმებს ზედმეტად მაღალი უწოდეს და „რუსულ მეთოდებს“ შეადარეს, რომელთა მიზანიც განსხვავებული აზრის გაჩუმებაა. „ძლიერი საქართველოს“ რამდენიმე წევრი თითოეული 5 000 ლარით დააჯარიმეს. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ისინი ამ ჯარიმებს თავიანთი პატრიოტიზმისა და საქართველოს ევროპული და დამოუკიდებელი მომავლისადმი ერთგულების მტკიცებულებად განიხილავენ. მან ასევე განაცხადა, რომ ისინი არ გადაიხდიან ჯარიმებს და გამოიყენებენ ყველა ინსტიტუციურ საშუალებას „ქართული ოცნებისთვის“ ბიუროკრატიული დაბრკოლებების შესაქმნელად.
13:00 – პოლიცია აქტივისტ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკას აწარმოებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური თბილისში სპორტული კომენტატორის ალექსანდრე (სანდრო) ცნობილაძის სახლში ჩხრეკას აწარმოებს. საპროტესტო აქციების აქტიურმა მონაწილემ ცნობილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩხრეკას დემონსტრაციებში მის მონაწილეობას უკავშირებს. მედიის ცნობით, საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ საქმე დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას ეხება.
11:30 – კალასი: ევროკავშირი სანქციების ინიციატივით გამოვიდა, ორი ქვეყანა წინააღმდეგია
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა იმ პირთა მიმართ, რომლებიც საქართველოში „მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას მიმართავენ“, მაგრამ ჯერჯერობით ევროკავშირმა ვერ „დაარწმუნა ორი ევროპული ქვეყანა, რომ დათანხმდნენ ამაზე. „მაგრამ ჩვენ კვლავ ვცდილობთ ამის გაკეთებას”, – განაცხადა მან. კალასმა არ დააკონკრეტა, რომელ ორ ქვეყანაზე საუბრობდა. უნგრეთი და სლოვაკეთი ადრე არ დათანხმდნენ ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
კვირა, 23 თებერვალი
15:15 – საპროტესტო აქცია დუშეთში
აქციის მონაწილეები დუშეთის ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ, რათა სოლიდარობა გამოეხატათ იმ მომიტინგეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად მართავენ აქციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მათი მოთხოვნები იგივე რჩება: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
შაბათი, 22 თებერვალი
18:00 – გიორგი მონავარდისაშვილს პროტესტის ნიშნად დასიგნალების გამო ბრალი წაუყენეს
გიორგი მონავარდისაშვილი შსს-მ ორი საათის განმავლობაში გააჩერა და უთხრა, რომ მის მანქანას გაჩხრეკდნენ, თუმცა პოლიციამ ამის მიზეზი არ განუმარტა. მოგვიანებით, მას უთხრეს, რომ საქმე ეხებოდა 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციას. მონავარდიაშვილს ადმინისტრაციული კოდექსით ორი ბრალი წარუდგინეს: 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველების კანონიერი ბრძანების შეუსრულებლობას გულისხმობს და 123-ე მუხლით, რაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებას ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. დანაშაული იწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის ერთი წლით ჩამორთმევას. „არც ერთ ამ მუხლს არ ვეთანხმები და აუცილებლად ორივეს გავასაჩივრებ“, – განაცხადა მონავარდისაშვილმა. ინციდენტის მთავარი დეტალი ის არის, რომ მონავარდისაშვილი დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად მათ საკუთარ მანქანიდან უსინგლანებდა, რის შემდეგაც მის მანქანას ათეულობით პოლიციელი მივარდა და მანქანაზე მუშტების ჩარტყმა დაიწყო.
11:30 – თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მომიტინგეებს ჯარიმების გასაჩივრებისკენ მოუწოდებს
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს ყველა პირს, ვინც დაჯარიმდა, გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში. ადვოკატები მზად არიან უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს გასაჩივრების პროცესში. (უფასო იურიდიული დახმარების ცხელი ხაზის ნომრები: +995577070563; 032 2 052644; +995599996953; 032 2 420737). ორგანიზაციის თქმით, ეს პროცესი ფონდებს დამატებით დროს მისცემს საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად და ამავდროულად, ტვირთად დააწვება სისტემას, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს ზეწოლას მოქალაქეებზე. გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ, დაზარალებულთა დახმარების ფონდები, თავიანთი გაცხადებული მიზნების ფარგლებში, არსებული რესურსების შესაბამისად უზრუნველყოფენ ჯარიმების ანაზღაურებას. განცახდების თანახმად, პირველ რიგში ანაზღაურდება ის ჯარიმები, რომლებიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება და უკვე დადგენილია გადახდის საბოლოო ვადა. ჯარიმებს შემდეგი ფომდები აანაზღაურებენ: „ფროსფერითი ჯორჯია“, „ნანუკას ფონდი“, „ერთმანეთისთვის“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“.
პარასკევი, 21 თებერვალი
23:45 – კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს
მიმდინარე საპროტესტო აქციების 86-ე დღეს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქტივისტი მარიამ მექანციშვილი კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.
22:00 – ქურდოვანიძე: „150-მდე ზარი შემოვიდა, თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ მხოლოდ ერთ დღეში 150-მდე ზარი შემოვიდა და თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას. მისი თქმით, ეს დაახლოებით 750 000 ლარის ღირებულების ჯარიმაა მხოლოდ ერთ დღეზე. ქურდოვანიძემ ყველას მოუწოდა, გაასაჩივრონ ჯარიმები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შედეგის მოლოდინის მიუხედავად, ამას მაინც ექნება სხვა შედეგი“.
21:00 – ე.წ. „ტიტუშკები“ მსვლელობის მონაწილეებს ემუქრებიან
ე.წ. „ტიტუშკები“ მსვლელობის მონაწილეებს ბეისბოლის ჯოხებითა და მაჩეტებით დაემუქრნენ. მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილის იოსებ ჯანდიერის თქმით, შსს-ს წარმომადგენლების მიმდებარედ ყოფნის მიუხედავად, ისინი არ ჩარეულან და არც თავდამსხმელები დაუკავებიათ.
18:30 – საია-ს ხელმძღვანელი 5 000 ლარიან ჯარიმებს არაკონსტიტუციურს და არაპროპორციულს უწოდებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ გააკრიტიკა სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები აქციის მონაწილეებისთვის 5 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ და მათ არაკონსტიტუციური და არაპროპორციული უწოდა. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლისსამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს“, – განაცხადა მან. მისი თქმით, „5 000 ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია“. ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ამ საქმის განმხილველი მოსამართლეები მოსამართლის მანტიას ტყუილად ატარებენ და „ყოველ დღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს“.
18:00 – ევროკომისიის პრესსპიკერი ჰიპერი ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერას უდასტურებს
ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა ქართველი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მათ მიმართ ძალადობა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით.
12:24 – ტვ პირველის ოპერატორი გიორგი მოსიაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს
„ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი მოსიაშვილი გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს, მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიციის თანამშრომელს უთხრა, რომ ის ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. თუმცა, პოლიციელმა უთხრა, რომ კადრები ნახა, სადაც გზას კეტავდა და სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
10:55 – გელა ხასაია 5 000 ლარით დააჯარიმეს
ოპოზიციური კოალიცია ცვლილებისთვის წევრი გელა ხასაია გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს. “რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ”, – დაწერა მან ფეისბუქზე.
ხუთშაბათი, 20 თებერვალი
21:45 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
საპროტესტო აქციების 85-ე დღეს, მომიტინგეებმა კიდევ ერთხელ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და განაგრძობენ წინააღმდეგობას ხელისუფლების ქმედებების მიმართ. დღევანდელი აქცია ერთ-ერთ უკანონოდ დაკავებულ მათე დევიძესთან სოლიდარობის ნიშნად იმართება.
20:25 – სოსო ბერიკაშვილი დააჯარიმეს
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი უკვე მესამედ დააჯარიმეს, თუმცა არც ბრალდება და არც ჯარიმის ოდენობა არ გასაჯაროვებულა. „მიზანია დაშინება“, – წერს ის ფეისბუქის პოსტში.
19:25 – ლაშა ჯიოშვილი 2 500 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა მას შემდეგ, რაც იგი 18 თებერვალს გაიტაცეს და დააკავეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.
18:00 – პეტიცია თემურ ქათამაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
მოქალაქეები პეტიციას ავრცელებენ, სადაც თემურ ქათამაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ეს უკანასკნელი უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. ქათამაძემ დროებითი მოთავსების იზოლატორშიც კი უარი თქვა სამედიცინო შემოწმებაზე, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში ჩვენ თითოეული თანამებრძოლი ჯანმრთელი და ცოცხალი გვჭირდება“, წერია პეტიციაში, რომელსაც უკვე 1 598 ხელმომწერი ჰყავს.
17:00 – ეკა სირაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეკა სირაძე გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს.
16:00 – GTUC საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გმობს
საქართველოს პარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები პროფკავშირებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო, რასაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) მხრიდან კრიტიკა მოყვა. გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ კანონის ახალი რედაქცია აუარესებს საჯარო მოხელეთა დაცვის გარანტიებს. ის ასევე ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობასა და შრომის საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აღებული აქვს. გაერთიანებამ გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO) მიმართა და მოითხოვა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამოდ იქნეს აღიარებული. პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებისა და განხილვის პროცესში ჩართულები არ იყვნენ. პეტრიაშვილის თქმით, პროფკავშირებს მიმდინარე პერიოდში გათავისუფლებულმა საკმაოდ ბევრმა საჯარო მოხელემ მიმართა და მათი საქმეები უკვე წარმოებაშია.
15:00 – საია: ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წინასწარი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო. საიას ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძის 19 თებერვლის განჩინებით ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 14 თებერვალს დაცვის მხარის შუამდგომლობა ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გაუქმების შესახებ დაუშვებლად ცნო. ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ უგულებელყო ახალი არსებითი მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეომასალა, რომელიც, სავარაუდოდ, ადასტურებს მისი ადმინისტრაციული პატიმრობის უკანონობას.
საია აცხადებს, რომ დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებული ახალი არსებითი გარემოებები სრულიად აბათილებს ბრალდების მხარისა და სასამართლოს მიერ განვითარებულ ჰიპოთეტურ დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან არსებობს მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რაიმე საფრთხე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოსამართლე 17 გვერდიანი განჩინების 14 გვერდს უთმობს დაცვის მხარის საჩივრისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების თეზისების კოპირებას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება არის მორიგი უკანონო, რეპრესიული და ყოველგვარ სამართლებრივ სტანდარტს აცდენილი სამართლებრივი აქტი, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა მის მიმართ შერჩეული უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება“.
13:50 – აქტივისტი ლაშა დიაროვი 5 000 ლარით დააჯარიმეს
აქტივისტი ლაშა დიაროვი 5 000 ლარით დააჯარიმეს. „არ შევშინდეთ, გავსაჩივროთ ოქმები, გასაჩივრების ვადები არ გავუშვათ. გავიმარჯვებთ!” წერს დიაროვი ფეისბუქზე.
12:40 – ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს
ეკონომისტმა და პროფესორმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები მას სახლში ესტუმრნენ და 5 000 ლარით დააჯარიმეს პროევროპული აქციის დროს გზის სავარაუდო გადაკეტვის გამო.
12:30 – „ტვ პირველის“ ოპერატორი პატიმრობაში რჩება
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი დროებით იზოლატორში რჩება, რადგან 48-საათიანი ვადა დღეს საღამოს იწურება. ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ჯიოშვილთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ მათთვის არ მიუწოდებიათ მტკიცებულებები და არც სასამართლო განხილვის სავარაუდო დრო უცნობებიათ. დაცვის მხარე სხდომაზე აპირებს მოწმეების მიყვანას, რომლებიც ჯიოშვილის დაკავებას შეესწრნენ და ვიდეომასალის წარდგენას, სადაც ნიღბიანი პირების მიერ მისი გატაცებაა ასახული.
ოთხშაბათი, 19 თებერვალი
14:00 – ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე მეორედ თქვა უარი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე უარი უკვე მეორედ თქვა. სასამართლოს განმარტებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მისი ადვოკატების – მაია მწარიაშვილის, ჯუმბერ ქათამაძისა და რაჟდენ ხიმშიაშვილის მიერ შეტანილი საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განჩინების წინააღმდეგ. ადვოკატები კიდევ ერთხელ შეეცადნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილებას და პატიმრობის გაუქმებას. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ საქმის მეორედ განხილვაზე უარი განაცხადა.
12:00 – კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს
აქტივისტი სერგო მარიამიძე ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, თუმცა ზუსტი მუხლი უცნობია. მისმა მეგობარმა, ზვიად მარიამიძემ ფეისბუქის ჯგუფ „დაიტოვეში“ დაწერა, რომ ის და სერგო აქციიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც პოლიციამ ისინი ათონელის ქუჩაზე გააჩერა იდენტიფიცირების მიზნით. 20 წუთის შემდეგ ზვიადი გაათავისუფლეს, სერგო კი ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს.
12:20 – საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება
საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 84 დღეა გრძელდება, ხოლო მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნები და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება. აქციები მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება, არამედ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც იმართება. დღეს აქციები დაგეგმილია თბილისში, ახმეტაში, ახალციხეში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისსა და ჩხოროწყუში.
02:00 – ლაშა ჯიოშვილი გაიტაცეს და დააკავეს
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცეს და დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სამშაბათი, 18 თებერვალი
21:10 – IPI ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.
21:00 – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პროევროპული აქციების 83-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტეს. პარლამენტთან კვლავ შეიკრიბნენ სხვადასხვა მსვლელობისა და აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად, სიმბოლურად შავი ბუშტები მიიტანეს.
20:55 – ესტონეთი გმობს ქართველ ლიდერებზე თავდასხმებს და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ბოლოდროინდელი თავდასხმები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე და მათ „აღმაშფოთებელი და საზიზღარი“ უწოდა. სამინისტრომ მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ თავდასხმების შეწყვეტისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის გზით.
18:00 – გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტ ლაცაბიძეს „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ
გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტ ნიკოლოზ ლაცაბიძეს ე.წ. „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ. „მეგობრებო, გადავრჩი. ხალხმა მიშველა, კარგად ვარ. სამწუხაროდ, ერთი მაინც მომარტყეს თვალთან“, – წერს იგი სოციალურ ქსელში.
17:15 – ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუჩავა თითოეული 5 000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუჩავა 9 იანვარს გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის თითოეული 5 000 ლარით დააჯარიმა.
15:25 – ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმეს
ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის 5 000 ლარით დააჯარიმეს. მან ამის თაობაზე „ფეისბუქზე“ დაწერა, თუმცა დაჯარიმების მიზეზის შესახებ დეტალები უცნობია.
14:15 – თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი ისაკო დევიძე დააჯარიმა, მეორე აქტივისტს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე 5 000 ლარით დააჯარიმა გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის. დევიძეც და მეორე აქტივისტი მარიამ გაჩეჩილაძეც დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში, თუმცა სასამართლომ ჯარიმა მხოლოდ დევიძეს დააკისრა, გაჩეჩილაძემ კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ ინციდენტის ამსახველი ორი დამოუკიდებელი ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა – არცერთ მათგანში ნათლად არ ჩანს გზის სავარაუდო გადაკეტვის ზუსტი დრო.
13:34 – საია სახალხო დამცველს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელახალი შეფასებისკენ მოუწოდებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ორი წევრი ესტუმრა. მზია ამაღლობელი ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, კერძოდ, გიორგი გვილიამ და ელენე გიორგაძემ კლინიკაში 2025 წლის 7 თებერვალს, ხოლო ექიმმა გიორგი ჯავრიშვილმა პაციენტი 12 თებერვალს მოინახულეს. 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. მათი ვიზიტიდან დღემდე გასულია თითქმის ორი კვირა. საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შიმშილობის 38-ე დღეს ამაღლობელის მდგომარეობა ამჯერად კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს უკვე რეანიმატოლოგ, ვახტანგ კალოიანის ჩართულობით.
ორშაბათი, 17 თებერვალი
22:00 – ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში პრესის თავისუფლების გაუარესებისა და ქვეყანაში არსებული „მწარე რეალობის“ გამო. „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჰერჩინსკიმ ხაზი გაუსვა ჟურნალისტების პატიმრობას და მათზე ძალადობის ჩამდენთა დაუსჯელობას. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ეს არ უნდა ხდებოდეს, განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, მედიის თავისუფლება სწრაფად და შემაშფოთებლად უარესდება და ჟურნალისტებს სიმართლის თქმის გამო აშინებენ და სცემენ. მისი გამოსვლის მთავარი თემა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორი მზია ამაღლობელი იყო, რომელიც უკვე 37 დღეა შიმშილობს. ჰერჩინსკიმ ამაღლობელს ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლო უწოდა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მისი დაუყონებლივი გათავისუფლებისკენ. ჰერჩინსკიმ დასძინა, რომ გამოწვევების მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოს დამოუკიდებელი მედიის მიმართ ურყევი რჩება.
17:33 – ექიმი ზურაბ ჩხაიძე ამაღლობელის ოჯახს მოუწოდებს, დაარწმუნონ შიმშილობის შეწყვეტაში
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის ოჯახს და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, დაარწმუნონ იგი, შეასრულოს სამედიცინო რეკომენდაციები და შეწყვიტოს შიმშილობა „ლეტალური გამოსავლის“ თავიდან ასაცილებლად. ჩხაიძის თქმით, ექიმები შეშფოთებულნი არიან ამაღლობელის მდგომარეობით და თვლიან, რომ მათი მითითებების მკაცრი დაცვა აუცილებელია. ამაღლობელი 37 დღეა შიმშილობს.
17:25 – კიდევ ერთ აქტივისტს, სავარაუდოდ, „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ
აქტივისტ დავით ფუტურიძის თქმით, მას სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები თავს დაესხნენ. იგი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი მთავარი მოთხოვნა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის ხელმისაწვდომობაა. ფუტურიძე თავდასხმას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს. მან განაცხადა: „რადგან ვერ მოგვედავნენ კანონის მხრიდან, გადაწყვიტეს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილიყო“.
11:00 – სუბარი ნაცმოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის სამართლებრივ შედეგებზე საუბრობს
ჟურნალისტებთან საუბრისას, დეპუტატმა „ხალხის ძალიდან“ და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომ „60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? 12 წლის განმავალობაში უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა“. გამოძიებასთან დაკავშირებით სუბარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის წინაშე გამოცხადება კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა და არა ნდობის საკითხი და გააფრთხილა, რომ „ვინც არ მოვა პასუხს აგებს კანონის წინაშე. კანონი ითვალისწინებს რამდენიმე სხვადასხვა სანქციას – ეს არის ჯარიმა, 3 წლით თანამდებობის აკრძალვა, ან ერთ წლამდე პატიმრობა“. მისივე თქმით, „თუ ვიღაც არ ემორჩილება კანონს, ამ შემთხვევაში კანონი მოქმედებს ავტომატურად და არა იმის გამო, რომ ამის სურვილი აქვს ვინმეს“.
09:00 – პარტია „საქართველოსთვის“ ივანიშვილს აეროპორტში „პარტიული ზონდერჯგუფის“ გამოგზავნაში ადანაშაულებს
ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ იტყობინება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და მისმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სავარაუდოდ, „პარტიული ზონდერჯგუფი“ გაგზავნეს აეროპორტში პარტიის ლიდერ გიორგი გახარიასთან და მის წევრთან, გერმანიაში ყოფილ ელჩთან ელგუჯა ხოკრიშვილთან დასაპირისპირებლად. გახარია და ხოკრიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ბრუნდებოდნენ. პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ „ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული“.
კვირა, 16 თებერვალი
22:00 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
წინა დღით გამართული უზარმაზარი აქციის შემდეგ რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია ტრანსპორტის მოძრაობისთვის. საპროტესტო აქცია უკვე 81-ეა გრძელდება.
შაბათი, 15 თებერვალი
20:20 – მსვლელობა „არა რუსეთის დიქტატურას“ პროტესტის მე-80 დღეს
მსვლელობა „არა რუსეთის დიქტატურას“ ევროპის მოედნიდან დაიწყო, თავისუფლების მოედნის მიმართულებით, საბოლოოდ კი, პროტესტის მე-80 დღეს, რუსთაველის გამზირზე დასრულდა.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების წერილები წაიკითხეს. შეკრებილებს ასევე შეეძლოთ დაკავებულებისთვის საკუთარი წერილების მიწერა და ადგილზე მიტანილ სპეციალურ ყუთებში ჩაყრა. დემონსტრანტებმა სიმბოლურად ცაში ანთებული ფარნები გაუშვეს.
15:30 – საპროტესტო აქცია სარფში რეჟიმის პატიმრების მხარდასაჭერად
„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ – ამ ლოზუნგით აჭარაში, სარფში, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ასევე სოლიდარობას უცხადებენ თემურ ქათამაძეს, რომელიც იანვარში ბათუმში საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და რომელიც ამჟამად შიმშილობს. ქართველი წარმოშობის თურქეთის მოქალაქეს თემურ ქათამაძეს წლების განმავლობაში უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობაზე.
15:20 – მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია კლინიკა „ვივამედთან“
მედიის წარმომადგენლები და ბათუმელები/ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები კლინიკა „ვივამედთან“ შეიკრიბნენ, რათა მხარდაჭერა გამოხატონ ამაღლობელის მიმართ, რომელიც ამჟამად კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.
პარასკევი, 14 თებერვალი
17:45 – მარიამ სიჭინავა 5 000 ლარით დააჯარიმეს
ოპოზიციური პარტია „დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ნიღბის ტარებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს.
17:40 – პროფესორი დავით ბრაგვაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ბრაგვაძემ ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს გზის სავარაუდო გადაკეტვის გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს.
16:20 – ბათუმის სასამართლომ ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საია-მ განაცხადა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
13:10 – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს პოლიციელების მიერ პროევროპული აქციების დროს ნაცემი ჟურნალისტის წინააღმდეგ ბრალდებას
„რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ დაგმო შსს-ს გადაწყვეტილება, რომ დავა დაიწყოს „პუბლიკას“ ჟურნალისტის ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამართალდამცავებმა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს სცემეს. „ის დაზარალებულია“, – აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.
12:05 – გორის საკრებულოს სხდომაზე აქციის მონაწილეების მისვლას დაძაბულობა მოყვა
გორის საკრებულოში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შეძლეს სხდომაზე შესვლა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ, რასაც შენობაში პოლიციის მობილიზება მოყვა. მანამდე, დემონსტრანტები გარეთ შეიკრიბნენ იმ პირთა ფოტოებით, რომელთაც პრო-ევროპული აქციების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომიტინგეები აცხადებენ, რომ მათი ხმა გარედან არ ისმის, რის გამოც ისინი ითხოვდნენ სხდომაზე მონაწილეობას. ერთმა დემონსტრანტმა ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას და დაინტერესდა რატომ ვერ აცნობიერებენ რაზმაძე და „ქართული ოცნების“ სხვა ჩინოვნიკები ევროკავშირში ინტეგრაციის სარგებელს. მისი თქმით, გორში თითქმის ყველაფერი გაკეთდა ევროკავშირის დაფინანსებით, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტი. გავრცელებული ინფორმაციით, რაზმაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ „ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო“.
ხუთშაბათი, 13 თებერვალი
20:00 – პაატა ბურჭულაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს
ცნობილი ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე 12 თებერვალს, 70 წლის იუბილეზე, გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს. მსვლელობა, რომელიც თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებოდა, მას შემდეგ მოეწყო, რაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მას საიუბილეო კონცერტისთვის დარბაზის დათმობაზე უარი უთხრა.
19:20 – მედიკოსები 15 თებერვლის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
ექიმებმა ბრიფინგი გამართეს და მოუწოდეს კოლეგებს, შეუერთდნენ აქციას, რომელიც 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მოშიმშილე მზია ამაღლობელსა და თემურ ქათამაძეს. ექიმებმა შიმშილობის კრიტიკული ეტაპის გამო სამედიცინო კონსულტაციების გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ათასზე მეტმა ექიმმა და 18 სამედიცინო ასოციაციამ ხელი მოაწერა მხარდამჭერ პეტიციას, სადაც მათ პირობა დადეს, რომ ქართველ ხალხს გვერდით დაუდგება მის ბრძოლაში მნიშცნელოვანი მიზნების მისაღწევად.
18:00 – საია მოშიმშილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეშფოთებას გამოხატავს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ იანვარში გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტები თემურ ქათამაძის ადვოკატს 12 თებერვალს ჩაბარდა. აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დაწესებულებაში მას უტარებენ მხოლოდ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგს, რაც არ არის საკმარისი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასებისთვის.
„თემურ ქათამაძე მიიჩნევს, რომ იგი იდევნება თავისი განსხვავებული მოსაზრებების გამო და აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების სტატუსის მოსაპოვებლად. ამასთან, იგი დახმარებისთვის მიმართავს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს“, – აცხადებს ორგანიზაცია. „მისივე თხოვნით, ადვოკატმა საპატრიარქოსაც მიმართა წერილით, რადგან მას ქრისტიანული წესით მონათვლა სურს“.
16:20 – ნათია გოგსაძე დააჯარიმეს
ჟურნალისტი და „მთავარი არხის“ წამყვანი ნათია გოგსაძე გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „რეჟიმის წარმომადგენელმა ნათია გოგსაძესთან სატელეფონო საუბრისას არ დააკონკრეტა, თუ რა რაოდენობის თანხით მოხდა ჟურნალისტის დაჯარიმება“.
13:00 – ზაქარია ქიტიაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზაქარია ქიტიაშვილი.
11:30 – პუბლიკა: შსს-მ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
„პუბლიკას“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო დავა დაიწყო ამავე გამოცემის ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამართალდამცავებმა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს სცემეს. ქეშელაშვილი პარლამენტის წინ აქციას აშუქებდა, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ნიღბიანმა თანამშრომლებმა ის დააკავეს და სავარაუდოდ, სასტიკად გაუსწორდნენ. მოგვიანებით, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. „პუბლიკასთან“ ინტერვიუში ქეშელაშვილმა განაცხადა, რომ სპეცრაზმმა იგი სასტიკად სცემა, რა დროსაც მან რამდენჯერმე დაკარგა გონება. „როცა ვიფიქრე, რომ ყველაფერი მორჩა, ავიხედე და მაშინ მომხვდა ყველაზე მძიმედ ხელი. დავეცი, გავითიშე რამდენიმე წამით. მერე დავინახე, რომ სახეში ფეხი ჩამარტყეს“, – იხსენებს იგი. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა. ბრალდების მხარე მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადმინისტრაციულ წარმოებაზე პროცესი 25 თებერვალს 16:00 საათზეა ჩანიშნული.
ოთხშაბათი, 12 თებერვალი
21:13 – აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილმა მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა დაიწყეს მიმდინარე მოვლენების სამართლიანი გაშუქების და საეთერო დროის ხელმისაწვდომობის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები პარლამენტთან აქციის გაგრძელებას გეგმავენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები წარწერით: „ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს“.
21:00 – ლიეტუვის ელჩი მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ლიეტუვის ელჩმა საქართველოში დარიუს ვიტკაუსკასმა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის მდგომარეობას. ხვალ მზიას ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ მისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. მოვუწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ!”
19:21 – მოსამართლემ კახა თუმანიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა კახა თუმანიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა. თუმანიშვილი 10 თებერვალს რუსთაველის გამზირზე დააკავეს და ხელისუფლება მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
17:00 – გიორგი ოკრიბელაშვილი 3 500 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 10 თებერვალს რუსთაველის გამზირზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილის მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი 3 500 ლარით დააჯარიმა. 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუდაძემ ომარ ოკრიბელაშვილი დამნაშავედ ცნო 14 მაისს, უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც საპროცესო შეთანხმებისა და ამნისტიის შედეგად 10 თვემდე შეუმცირდა.
15:30 – ლექსო ქავთარაძე 500 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მომღერალი ლექსო ქავთარაძე 29 დეკემბერს გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის 500 ლარით დააჯარიმა.
13:20 – გიგი უგულავა 5000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 5 000 ლარით დააჯარიმა. უგულავას ბრალი 17 იანვარს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით წაუყენეს.
11:00 – საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება
ზედიზედ 77-ე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები ახალი არჩევნების დანიშვნასა და უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. დღეს აქციები იგეგმება თბილისში, გორში, ახალციხეში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში.
09:00 – ზურა ცეცხლაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს
უკანონოდ დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე 8 თებერვალს გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული ბრალდებით 5 000 ლარით დააჯარიმეს.
სამშაბათი, 11 თებერვალი
23:50 – ჯო უილსონი გმობს ქართული რეჟიმის კავშირებს პუტინთან, ირანთან და ჩინეთთან
ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პუტინისტური ქართული ოცნების რეჟიმი“ ცდილობს მოიპაროს ქართველი ხალხის მომავალი და მიყიდოს იგი ომის დამნაშავე პუტინს, ირანის რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების საპროტესტო აქციებს და აღნიშნა, რომ „ქართველების 80 პროცენტს სურს იყოს ამერიკის ახლო მეგობარი და ევროკავშირისა და ნატოს წევრი“. თუმცა, მან დასძინა, რომ „რეჟიმი ამას ძალადობითა და თვითნებური დაპატიმრებებით პასუხობს”, მათ შორის, ჩინეთს შავი ზღვის პორტის კონტროლს ანიჭებს და ჩადის თეირანში, საიდანაც ირანმა, როგორც უილსონს მიაჩნია, მკვლელები გაგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. უილსონმა გამბედაობისთვის შეაქო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო და რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვის.
23:45 – აქტივისტი ნიკა ნარსია 5 000 ლარით დააჯარიმეს
აქტივისტი ნიკა ნარსია უკვე მეორედ დააჯარიმეს 5 000 ლარით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით შეკრებისა და მანიფესტაციების გამართვის წესის სავარაუდო დარღვევისთვის.
21:10 – აქტივისტი გიორგი მუმლაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს
აქტივისტი გიორგი მუმლაძე უკვე მეორედ დააჯარიმეს და ამჯერად 8 თებერვალს გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის. მანამდე, 9 თებერვალს პოლიციამ აქტივისტ მუმლაძეს ჯარიმის ოქმი გადასცა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით წაუყენა ბრალი.
18:00 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ანრი კაკაბაძე წინასწარ პატიმრობაშში დატოვა. კაკაბაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მამუკა ჯორბენიძის ერთ-ერთი სტუდენტი იყო, რომელიც ოთხ სტუდენტთან ერთად 9 დეკემბერს დააკავეს. ჯორბენიძე და მისი სამი სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ 28 იანვარს გაათავისუფლეს. თუმცა, მოსამართლე ყოლბაიამ კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა, მოტივად კი ის დაასახელა, რომ კაკაბაძე აქამდე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი იყო გათავისუფლებული.
17:38 – აქტივისტი ანი მილაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ აქტივისტ ანი მილაშვილს 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში 18 იანვარს საპროტესტო აქციაზე მოძრაობის სავარაუდოდ ხელოვნურად გადაკეტვისთვის.
16:55 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მირანდა ბაღათურია 5 000 ლარით დააჯარიმეს
ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მირანდა ბაღათურია 5 000 ლარით, გზის გადაკეტვის გამო დააჯარიმეს. ჯარიმის შესახებ მას სასამართლო სხდომის გარეშე ტელეფონით აცნობეს.
14:54 – საია შსს-ს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილე თემურ ქათამაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, „შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან“. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი და მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა, აცხადებს საია. ორგანიზაციის თქმით, თემურ ქათამაძე კვლავ რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. „დაკავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რადგან ის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის დამძიმება ან რაიმე მძიმე შედეგი სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება“, – აცხადებს საია.
11:57 – ჯო უილსონი ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მათ ხელი შეუწყეს რეჟიმის მიყიდვას აშშ-ის მტრებისთვის და „ამისათვის უნდა დაისაჯონ და გამოყარონ დასავლეთიდან“. ივანიშვილის ოჯახის წევრებს შორის მან დაასახელა ეკატერინე ხვედელიძე, უტა ივანიშვილი, ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი.
11:35 – 10 თებერვალს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ 4 პირი დააკავა. სამინისტროს ცნობით, ორი დაკავებული ხელწერილით გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენი აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩებიან. გათავისუფლებულთა შორის არის ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი.
11:00 – აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი ამბობს, რომ მას თბილისში 3 ნიღბიანი დაესხა თავს
ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც 11 იანვარს აბუ დაბიში მმართველი პარტიის დეპუტატები თავს დაესხნენ, თბილისში, სავარაუდოდ, სამი პირი გაუსწორდა. გაბიტაშვილი ამბობს, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის ძაღლს ასეირნებდა. „არ ვიცი ვინ იყვნენ. უცებ სამი კაცი მომვარდა ნიღბებით. მაღაზიაში შევედი და მერე წავიდნენ. პოლიციას გამოვიძახებ, ყველაფერს აღვწერთ და მივყვებით თავის გზაზე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დროა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ.
ორშაბათი, 10 თებერვალი
21:49 – რუსთაველის გამზირზე გახარიას პარტიის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე აქცია ზედიზედ 75-ე დღეს განახლდა. თუმცა პოლიცია აქციის მონაწილეებს მოძრაობის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას, სავარაუდოდ, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაშვილი დააკავეს.
21:00 – დაკავებული მომიტინგეების ოჯახები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „საბჭოთა დროინდელ მეთოდებს“ იყენებს
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ოჯახებმა ერთ-ერთი დაკავებულის ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილის საპასუხოდ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ჯავახიშვილის თქმით, ადვოკატი დავით გამყრელიძე ცდილობდა მასზე ზეწოლას აღიარებითი ჩვენების მისაცემად. ოჯახები ხელისუფლებას დანაშაულებრივ შეთქმულებაში დაკავებულების ჩართვაში ადანაშაულებენ. დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება „საბჭოთა დროინდელ მეთოდებს იყენებს“.
20:39 – მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან რუსთაველის გამზირისკენ
საპროტესტო აქციის 75-ე დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები აღნიშნავებ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაჭრის აუცილებლობაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ისინი ამტკიცებენ, რომ იმის გამო, რომ არხი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მან უკეთ უნდა წარმოაჩინოს ხალხის საჭიროებები და საზრუნავი.
20:30 – სასამართლომ „მთავარი არხის“ ოპერატორ სერგი ბარამიძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
„მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძის საქმეზე მოსამართლემ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო მეორე მუხლის, სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში ბარამიძე სამართალდამრღვევად სცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. სერგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე ეხება 2024 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდს, რა დროსაც მას პროტესტის გაშუქების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მიყენებული დაზიანებების გამო სერგი ბარამიძეს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.
17:35 – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცხრა პირი 5000 ლარით დააჯარიმა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო მოსიძემ ცხრა პირი 5000 ლარით დააჯარიმა მას შემდეგ, რაც მათ სოლიდარობა გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორს, მზია ამაღლობელს. მოსამართლე მოსიძემ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით (სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება). სხდომა შენობის წინ საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. წინა რეგულაციების თანახმად, ასეთი დანაშაულები ითვალისწინებდა 15 დღემდე პატიმრობას. თუმცა, ადმინისტრაციულ კოდექსში ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა, რომელსაც ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ჯარიმა 5000 ლარამდე ან 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთამდე გაზარდა.
15:40 – მოსამართლე ენუქიძემ დევნილი აბშილავა 5 000 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ნინო ენუქიძემ იძულებით გადაადგილებულ პირს კახაბერ აბშილავას 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვიურად 45 ლარის შემწეობას იღებს. აბშილავას პროევროპული აქციის დროს გზის გადაკეტვას ედავებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს დევნილის სტატუსის გათვალისწინება სთხოვა, მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
15:30 – ქრისტინე ბოტკოველი 5 000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ პროევროპული აქციის დროს გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ქრისტინე ბოტკოველი (იგივე ნენსი ვოლანდი), საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების წამყვანი აქტივისტი და სოციალური მედიის ჯგუფის „დაიტოვეს“ დამფუძნებელი.
13:53 – თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარით დააჯარიმა 27 დეკემბერს საპროტესტო აქციის დროს გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის. სხდომაზე გაფრინდაშვილმა მოსამართლე ენუქიძის აცილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ის სანქცირებულია დასავლეთის მიერ და გამუდმებით „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებს. სასამართლომ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
13:44 – ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების აქცია მაია ცირამუასა და ქეთევან ფილაურის მხარდასაჭერად
ფსიქოლოგები და სოციოლოგები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ ფსიქოლოგებს მაია ცირამუასა და ქეთევან ფილაურს, რომელთაც ქუთაისში შვიდ სხვა პირთან ერთად ასამართლებენ. მათ ადმინისტრაციული ბრალი ედებათ 26 იანვარს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირიძის სახლის წინ აქციის გამართვის გამო. აქცია სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საჩივარზე უარის თქმის გასაპროტესტებლად გაიმართა. აქციაზე ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა განაცხადა: „შეუძლებელიაამ ქვეყანაში იყო ფსიქოლოგი ან ფსიქოთერაპევტი და მზია ამაღლობელის მიმართ არ გაგიჩნდეს სოლიდარობა და არ მოგინდეს, რომ გააპროტესტო ის უკანონობა რაც ხდება“.
კვირა, 9 თებერვალი
14:00 – აქტივისტს აივანზე გამოფენილი დროშები ჩაუჭრეს და წარწერა დაუტოვეს
საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილე ანა კვანჭილაშვილი იტყობინება, რომ უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, „ტიტუშკებმა“ მას აივანზე გამოფენილი საქართველოსა და უკრაინის დროშები ჩაუჭრეს. ვინაიდან იგი პირველ სართულზე ცხოვრობს, მან ასევე აღმოაჩინა მის აივანზე დატოვებული წარწერები, რაც მომიტინგეების მიზანმიმართულ დაშინებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს.
12:00 – აქტივისტი გიორგი მუმლაძე დააჯარიმეს
პოლიციამ აქტივისტ გიორგი მუმლაძეს 08:30 საათზე დაჯარიმების ოქმი გადასცა. ჯარიმა მუმლაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით დააკისრეს შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზების ან გამართვის წესის სავარაუდო დარღვევისთვის. მუმლაძემ გააკრიტიკა ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ ხელისუფლება ახლა მომიტინგეებს სასამართლო პროცესის გარეშე აჯარიმებს. მისი თქმით, ახალი კანონი, რომელიც ძალაში 7 თებერვალს შევიდა, პოლიციას ანიჭებს უფლებამოსილებას, პირდაპირ დააწესოს ჯარიმები, ხოლო პირს აქვს მისი სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
11:00 – ნიკა ნარსია 5 000 ლარით დააჯარიმეს
აქტივისტმა ნიკა ნარსიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის სახლში პოლიცია დილის 08:00 საათზე მივიდა და დაჯარიმების ოქმი გადასცა. მისი თქმით, აქციის დროს გზის გადაკეტვისთვის იგი 5 000 ლარით დააჯარიმეს. ჯარიმების დაკისრება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომ მის დეპარტამენტს 600-მდე სავარაუდო სამართალდარღვევაზე რეაგირება დაევალოს.
შაბათი, 8 თებერვალი
16:00 – მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის აქცია
„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის მზია ამაღლობელის შიმშილობის 28-ე დღეს, მის მიმართ სოლიდარობის აქცია დასავლეთ საქართველოს სოფელ ჭვანაში, მის მშობლიურ სოფელში იმართება.
11:00 – საპროტესტო აქციების ქვეყნის მასშტაბით გრძელდება
საპროტესტო აქციები საქართველოში ზედიზედ 73 დღეა გრძელდება. დღეს დაეგმილის საპროტესტო აქციები თბილისში, გორში, ახალციხეში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ხაშურსა და გურჯაანში.
პარასკევი, 7 თებერვალი
18:00 – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2 500 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2 500 ლარით დააჯარიმა. ქადაგიძე 2 თებერვალს, თბილისი მოლიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობისას დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
15:50 – მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის აქცია
მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ბათუმში, პროკურატურასთან შეკრებილი მოქალაქეები ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. დანარჩენი მოთხოვნები უცვლელი რჩება: ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება.
15:30 – ვეფხია კასრაძე პოსტოპერაციული გართულების გამო ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს
წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვეფხია კასრაძე პოსტოპერაციული გართულების გამო ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, კასრაძეს ცხვირის ოპერაცია 3 თებერვალს გაუკეთდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს წინასწარ დაკავების იზოლატორში, სადაც, სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის გამო, კასრაძის რეაბილიტაციის პროცესი გართულდა. კასრაძეს 7 დაკავებულთან ერთად ასამართლებენ და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ედება ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
14:13 – თბილისის საქალაქო სასამართლომ დიპლომატი ალექსი პეტრიაშვილი გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ქართველ დიპლომატს ალექსი პეტრიაშვილს 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა და სამი წლით გააუქმა იარაღის ტარების უფლება. პეტრიაშვილს 17 იანვარს პროევროპული აქციის დროს გზის გადაკეტვა ედებოდა ბრალად. პეტრიაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ის საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლის გამო ისჯება.
12:30 – საია მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის საჩივარს ამზადებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ბათუმელები/ნეტგაზეთის გამოცემის დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგენს. ქურდოვანიძის თქმით, ამაღლობელის უფლებები ჯერ კიდევ მაშინ დაირღვა, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
ხუთშაბათი, 6 თებერვალი
21:15 – საპროტესტო აქციის 71-ე დღე: აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
საპროტესტო აქციების 71-ე დღეს აქციის მონაწილეებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად რუსთაველის გამზირის გადაკეტვა მოახერხეს. პოლიციის კორდონი მათ შეჩერებას ცდილობდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ მოახერხეს გამზირის გადაკეტვა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აგრძელებენ ყოველდღიურ შეკრებას დაუმორჩილებლობის გამოსახატად. მათი მოთხოვნებიც უცვლელია: ახალი არჩევნების ჩატარება და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება.
18:15 – გიორგი კლდიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს 5000 ლარის ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 4 იანვარს გამართულ აქციაზე რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავება. კლდიაშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ შსს-ს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაუსაბუთებელია და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უსამართლოა.
18:00 – პოლონეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებულთა ოჯახები ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ
უკანონოდ დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრები პოლონეთის საელჩოში ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ. სამსაათიან შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები გერმანიიდან, დანიიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, ესტონეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან. საუბარი მიმდინარე რეპრესიებსა და ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებისთვის საჭირო ნაბიჯებს შეეხო. ოჯახების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა იყო ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა როგორც ციხეებში, ასევე სასამართლოებში. მოგვიანებით პოლონეთის საელჩომ X-ზე დაწერა: „ღრმად აღელვებული ვართ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ოჯახების მიერ გაზიარებული ისტორიებით. პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის უსამართლოდ დაპატიმრებულებს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“.
17:42 – სახალხო დამცველი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესაფასებლად ექიმთა ჯგუფს ქმნის
საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მან მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით, ექიმთა ჯგუფი შექმნა. ამაღლობელი უკვე 26 დღეა შიმშილობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგი; გიორგი გვილია – გასტროენტეროლოგი; გიორგი ჯავრიშვილი – ოფთალმოლოგი; და ალექსანდრე ცისკარიძე – ნევროლოგი. ექიმები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ვიზიტს მზია ამაღლობელთან და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას. ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. „კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
11:20 – თსუ-ს სამი სტუდენტი, სავარაუდოდ, საპროტესტო წარწერის გამო დააკავეს
აქტივისტი ნათია გაბრავა იტყობინება, რომ პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი გაფიცული სტუდენტი – აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე შუაღამისას დააკავა უნივერსიტეტის კედელზე წარწერისთვის „დაასრულე რეჟიმი”. ადვოკატების თქმით, ისინი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს და სასამართლო სხდომა სავარაუდოდ 48 საათში გაიმართება.
ოთხშაბათი, 5 თებერვალი
14:30 – თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი აქტივისტი დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი ვახტანგ ხვინთევანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ გზის გადაკეტვისთვის, 5 000 ლარით დააჯარიმა.
სამშაბათი, 4 თებერვალი
19:55 – სასამართლომ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პატიმრობიდან გაათავისუფლა, სხდომა 7 თებერვლამდე გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს ადმინისტრაციული ბრალდებით დაკავების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ, რადგან მათ მეტი დრო სჭირდებოდათ საქმის მასალების გასაცნობად. შედეგად, სხდომა 7 თებერვალს 14:00 საათზე ჩატარდება.
19:50 – კიდევ ერთი აქტივისტი 2 000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ 29 წლის მამუკა დიასამიძე 2 000 ლარით დააჯარიმა მას შემდეგ, რაც მას აშშ-ის მიერ სანქცირებულმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა, სპეცრაზმის სხვა თანამშრომლებთან ერთად, სავარაუდოდ, წიხლი ჩაარტყა. დიასამიძე 2 თებერვალს თბილისი მოლთან აქციაზე დააკავეს და ბრალი წაუყენეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ასევე 173-ე მუხლით, რაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
17:25 – რვა მომიტინგეს 2 თებერვალს საავტომობილო გზის სავარაუდო ბლოკირების გამო სისხლის სამართლის პასუხისგება ემუქრება
„თბილისი მოლთან“ 2 თებერვლის აქციის დროს დაკავებულ რვა მომიტინგეს სისხლის სამართლის პასუხისგება ემუქრება, რადგან მათი საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდან გადაკვალიფიცირდა. შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ საავტომობილო გზის გადაკეტვის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის განკარგულებით, აქციამდე ორი დღით ადრე, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა. დაკავებულებს შორის არიან: გიგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუპატაძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თითოეულ მათგანს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
16:55 – ქართველი ემიგრანტები ბრიუსელში დაკავებულთა გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციას მართავენ
ქართველი ემიგრანტების ჯგუფმა ბრიუსელში ევროპარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერით „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ და „თავისუფლება გიორგი ახობაძეს“, ასევე იმ პირების ფოტოები, რომლებიც სპეცრაზმელებმა თბილისში პროევროპული აქციების დროს სცემეს. მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაკავებულთა გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ ევროკავშირის ლიდერებისგან ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
15:30 – ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სამხედრო ბლოგერს უჩა აბაშიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს – ოთხი წლით. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა. ვინაიდან სასამართლო სხდომები დახურული იყო, ადვოკატმა ჟურნალისტებთან დეტალებზე არ ისაუბრა. 2024 წლის 9 მაისს აბაშიძე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 2024 წლის 11 მაისს დააკავეს აბაშიძის მეუღლეც. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა) წარუდგინეს.
11:34 – პარლამენტთან პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს საგაზაფხულო პლენარული სესიის გახსნის წინ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით. ამაღლობელი უკვე 24 დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეები სესიაზე მისულ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სასტვენებით შეეგებნენ. შეკრებილები სკანდირებდნენ „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ და „ცეცხლი ოლიგარქიას“. ამასობაში, პარლამენტთან ათობით პოლიციელისგან შექმნილი კორდონი განთავსდა. როგორც ტვ “პირველის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, პოლიციამ მომიტინგეების მიმართ ძალა გამოიყენა და სავარაუდოდ, სულ მცირე, 2 ადამიანი დააკავა. ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა აქციაზე, განაცხადა, რომ პოლიცია ხალხს ტროტუარიდან აგდებდა და იქ დგომის უფლებას არ აძლევდა. „ქართული ოცნების“ პარლამენტში სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ორშაბათი, 3 თებერვალი
21:35 – რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდება
მიმდინარე საპროტესტო აქციების 68-ე დღეს, პარლამენტის წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა მოძრაობა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მტკიცედ ინარჩუნებენ თავიანთ მოთხოვნებს და ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
20:59 – აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქცია განაახლეს აჭარის მთავრობის შენობის წინ, სადაც კარვები ზედიზედ მეხუთე დღეა გაშლილია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ კარვების დაშლას, სანამ მთავრობა უკან არ დაიხევს. მათი უპირველესი მოთხოვნა რჩება საპარლამენტო არჩევნების დაუყონებლივ დანიშვნა და ყველა დაკავებული აქციის მონაწილის, მათ შორის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
20:30 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მსვლელობა რუსთაველის გამზირამდე
თსუ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქციის მონაწილეების გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „გეშინოდეთ ხალხის ძალის“ და „ცეცხლი ოლიგარქიას“.
18:00 – ოპოზიციური „დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმეს
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ, პოლიციელისა და საპატრულო კამერისთვის ლაზერის მინათების გამო, ოპოზიციური პარტია „დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, სიჭინავას ჯარიმების საერთო რაოდენობამ 26 000 ლარს მიაღწია.
16:20 – სახალხო დამცველმა 25 დაკავებული მოინახულა, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2 და 3 თებერვლის განმავლობაში, თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირი მოინახულეს. 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში. „დაკავებულთა გადმოცემით, სამწუხაროდ, მათი დაკავება ხდებოდა განურჩევლად. ზოგიერთის თქმით, ისინი გზის სავალ ნაწილზე არც იმყოფებოდნენ და ტროტუარზე დააკავეს“, – ნათქვამია აპარატის განცხადებაში. სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობისა და სხვა სამართალდარღვევის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.
13:50 – ნიკა მელიას ადვოკატი პოლიციის მიერ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მყისიერ გამოძიებას ითხოვს
თბილისის მოლთან საპროტესტო აქციაზე გუშინ დაკავებული პოლიტიკოსის ნიკა მელიას ადვოკატიმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ იგი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვს, მყისიერად დაიწყოს გამოძიება პოლიციის სამმართველოს შენობაში ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე. კონდახაშილი პოლიციის შენობაში სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ითხოვს. მელიას დეპუტატის მანდატი აქვს, თუმცა მან და სხვა ოპოზიციონერებმა 2024 წლის სადავო არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მელია აცხადებს, რომ მასზე სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვინმე ჩოქურის მხრიდან ძალადობა განხორციელდა.
13:00 – თბილისში 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე 31 დააკავეს, რამდენიმე დაშავდა
2 თებერვალს „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დარბევისას 31 ადამიანი დააკავეს, განუცხადეს „სამოქალაქო საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყველა დაკავებულს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენეს, რაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ზოგიერთი დაკავებული, მათ შორის ნიკა მელია, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოთხი დაკავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხს ტვინის შერყევა აქვს მიღებული, ერთს კი თვალის დაზიანება, თუმცა ექიმმა განაცხადა, რომ ოპერაცია საჭირო არ იყო.
11:15 – 18-დღიანი შიმშილობის გამო, საია თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაუყონებლივ შესწავლისკენ მოუწოდებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განცხადებას ავრცელებს საქართველოს მოქალაქე თემურ ქათამაძესთან დაკავშირებით, რომელიც 18 დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. ქათამაძე, რომელიც ამჟამად შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული, დეპორტაციის გარდაუვალი საფრთხე ემუქრება. საია გამოთქვამს შეშფოთებას ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საიას ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს. ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი ქათამაძე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს და არაერთხელ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მისი განცხადებები არ დაკმაყოფილდა. მის დროებითი ბინადრობის ნებართვას ვადა გაუვიდა, რის გამოც იგი განსახლების ცენტრში დააკავეს. ქათამაძე ასევე ცნობილია პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობით.
კვირა, 2 თებერვალი
23:25 – კაია კალასი: „თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია“
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი X-ზე გამოეხმაურა 2 თებერვლის საპროტესტო აქციას და განაცხადა: „თბილისში ამაღამ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია. საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ აკმაყოფილებს. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში“.
22:30 – სახალხო დამცველი პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებს შემაშფოთებელს უწოდებს
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ „შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები“.
22:00 – რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციების 67-ე დღეს რუსთაველის გამზირზე მოძრაობა კვლავ გადაკეტეს. მათ შეუერთდებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც თბილისი მოლიდან პარლამენტისკენ მიემართებიან.
21:00 გავრცელებული ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა, თუმცა შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები.
18:40 – აქციის მონაწილეებმა თბილისში შემოსასველი საავტომობილო გზა გადაკეტეს
აქციის მონაწილეებმა თბილისში შემოსასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტეს.
18:40 – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნიკა მელია, თენგო თევზაძე და გიგი უგულავა დააკავეს
პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნიკა მელია და თენგო თევზაძე „კოალიციიდან ცვლილებისთვის“, ასევე გიგი უგულავა დააკავა.
18:05 – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ორი მონაწილე, ტვ პირველის ოპერატორი დაშავდა
პოლიციამ ორი მომიტინგე დააკავა, ხოლო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს ნიკო კოკაიას, გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციის მონაწილეთა ნაკადი დაყო და მათ გაერთიანებისა და ერთიანი მსვლელობის მოწყობის უფლება არ მისცა.
16:45 – აქციის მონაწილეები თბილისი მოლთან იკრიბებიან
„თბილისი მოლთან“ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და ახალ არჩევნებსა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებია მობილიზებულია, ხოლო ავტომაგისტრალის ორივე მხარეს კორდონებია მოწყობილი. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას; არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“.
მოგვიანებით აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გეგმავენ.
შაბათი, 1 თებერვალი
21:43 – აქტივისტი ილია ღლონტი გაათავისუფლეს
ილია ღლონტი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ჟურნალისტებთან საუბრისას ღლონტმა განმარტა, რომ მისი დაკითხვის მიზეზი 2 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ „პუბლიკას“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ფეისბუქზე გაზიარება იყო.
17:10 – ბინის ჩხრეკის შემდეგ აქტივისტი ილია ღლონტი დააკავეს
ილია ღლონტი, ჯგუფ „დაიტოვეს“ თანადამფუძნებელი, მისი სახლის ჩხრეკის შემდეგ, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გადაყვანის დროს ღლონტმა თავის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრა, რომ ჩხრეკა ხვალ დაგეგმილ პროტესტს უკავშირდებოდა. მისმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა არავის, მათ შორის მის ადვოკატს, ჩხრეკის დროს დასწრების უფლება არ მისცეს.
17:07 – ქრისტინე ბოტკოველის სახლში ჩხრეკა დასრულდა, აქტივისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა
ჯგუფი „დაიტოვეს“ თანადამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის (იგივე ნენსი ვოლანდის) სახლში ჩხრეკა დასრულდა. გამოძიების დროს ბოტკოველს ემოციური სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, ბოტკოველის ბინიდან ბრენდირებული ზეწრები საპროტესტო ლოზუნგებით და ბალაკლავას ტიპის ქუდი იქნა ამოღებული.
17:05 – სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე ბინის ჩხრეკის შემდეგ დააკავეს
ჯგუფ „ჯიუტების“ აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის ბინაშიც დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობდა, დაკავებულია. ინფორმაცია მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ამ დროისთვის უცნობია მისი დაკავების მიზეზი და ადგილი, სადაც ის გადაიყვანეს.
პარასკევი, 31 იანვარი
17:02 – სოლიდარობის მარში ბათუმში მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებული მომიტინგეების მხარდასაჭერად
ბათუმში მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებული მომიტინგეების მხარდასაჭერად სოლიდარობის მარში იმართება. მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ამაღლობელი უკვე 20 დღეა შიმშილობს და ის უკანონოდ არის დაკავებული.
16:50 – სახალხო დამცველი: მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია“, მაგრამ რისკები რჩება
31 იანვარს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმმა, კიდევ ერთხელ (მერვედ) მოინახულეს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას დაკავებამდე ჰქონდა „ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებულ კითხვებს, სახალხო დამცველი განმარტავს, რომ „არც თავად მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს და არც მის კანონიერ წარმომადგენლებს, მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებიათ“. „სახალხო დამცველი განიხილავს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს, ასეთის აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
15:00 – ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები 65 დღეა გრძელდება
თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 65-ე დღეა გრძელდება. დღეს საპროტესტო აქციები კვლავ იგეგმება თბილისში, ახმეტაში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.
ხუთშაბათი, 30 იანვარი
21:10 – ქუთაისში აქციის 64-ე დღე გრძელდება აქციის მონაწილეების მიერ კარვების გაშლით
ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება, აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელის და ყველა იმ პიროვნების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებსაც ისინი „პოლიტპატიმრებად“ მიიჩნევენ. 29 იანვარს ბათუმში კარვების გამშლელ აქტივისტებთან სოლიდარობის ნიშნად მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა დაიწყეს. მანამდე მათ მერიასთან გამართეს აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით – „გააწანი სილა რეჟიმს”.
20:30 – „ძლიერი საქართველოს“ მსვლელობა
ოპოზიციურმა კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ მსვლელობა მოაწყო. მხარდამჭერები, აქტივისტები და მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ, სადაც უფრო მასშტაბურ აქციას შეუერთდებიან. აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელისა და უკანონოდ დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას.
18:35 – ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს დაკავებულთა ოჯახებს, სამართლიანობისა და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
მას შემდეგ,რაც ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებულების ოჯახებს და მეგობრებს შეხვდა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ყოველი დაკავებულის უკან ოჯახები და მეგობრები დგანან, რომლებიც ასევე უზარმაზარ სირთულეებს განიცდიან. ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“.
ოთხშაბათი, 29 იანვარი
09:00 – ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება
თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 63-ე დღეა გრძელდება. დღეს საპროტესტო აქციები იგეგმება თბილისში, ახმეტაში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.
სამშაბათი, 28 იანვარი
21:15 – პროტესტის 62-ე დღე – აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქციების ზედიზედ 62-ე დღეს რუსთაველის გამზირი მშვიდობიანი მომიტინგეების მიერ კვლავ გადაკეტილია. პოლიციელებთან მცირე სიტყვიერი დაპირისპირების მიუხედავად, რომლებმაც კორდონი მოაწყვეს და მოუწოდეს დემონსტრანტებს, არ გადაეკეტათ საავტომობილო მოძრაობა, აქციის მონაწილეებმა გამზირი მაინც გადაკეტეს.
15:15 – თბილისში მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის აქცია გრძელდება
ბათუმელები/ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის აქცია თბილისში გრძელდება. ამჯერად ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით აქციის მონაწილეები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან იკრიბებიან.
14:45 – ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და მისი სამი სტუდენტი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო ერთი სტუდენტი ანრი კაკაბაძე პატიმრობაში რჩება. ხუთი პირი 9 დეკემბერს დააკავეს და ჯგუფურ ძალადობაში დაადანაშაულეს. 11 დეკემბერს მოსამართლე ყოლბაიამ თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, დღევანდელ სხდომაზე კი ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლა მოითხოვა. გაზეთ „ბათუმელების“ ცნობით, მოსამართლემ კაკაბაძის პატიმრობაში დატოვების მიზეზად მანამდე მსგავს დანაშაულზე მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება დაასახელა.
14:10 – აქტივისტ თედო აბრამოვს ნარკოტიკების ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 22 წლის აქტივისტს თედო აბრამოვს პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აბრამოვი თავდაპირველად 7 დეკემბერს, საკუთარ სახლთან ახლოს დააკავეს, როცა პროევროპული მიტინგისკენ მიდიოდა.
14:00 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კიდევ ერთი აქტივისტი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ აქტივისტ საბა სხვიტარიძეს, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე სავარაუდო თავდასხმაშია ბრალდებული, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს პროევროპული აქციების დროს დააკავეს და ბრალი 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ედება, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2024 წლის 6 დეკემბერს წინა სასამართლო მოსმენაზე სხვიტარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პოლიციამ გაიტაცა და აწამა, ხოლო მისი დაკავების შესახებ არანაირი ახსნა-განმარტება არ გააკეთა.
10:33 – ამერიკელი კონგრესმენი კოენი საქართველოს ხელისუფლებას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის დემოკრატმა კონგრესმენმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოლიტპატიმრების საკითხებში სტივ კოენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გაათავისუფლოს ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კოენმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების დე ფაქტო ხელისუფლების“ მიერ მისი დაკავება „ყალბი ბრალდებებით“ მოხდა და შეშფოთება გამოხატა ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. „ხელისუფლებამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი“, – ნათქვამია პოსტში.
ორშაბათი, 27 იანვარი
18:40 – გიგი გიგიაძეს 17 დეკემბრის საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტვა ედება ბრალად
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროს მკვლევარს და დანიაში ყოფილ ელჩს გიგი გიგიაძეს 17 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს ავტობუსის ზოლზე მოძრაობის შეფერხება ედება ბრალად. ბრალდება ეფუძნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-4 ქვეპუნქტს, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევას გულისხმობს. მოსამართლე ნინო ენუქიძე საქმის განხილვას 2025 წლის 19 თებერვალს, 14:00 საათზე გააგრძელებს.
17:15 – პროკურატურასთან ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გრძელდება
„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დაკავებული დირექტორისადმი სოლიდარობის აქცია პროკურატურასთან გრძელდება. აქციის მონაწილეები ამაღლობელის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ და 16-დღიანი შიმშილობის კონტექსტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. გაფიცვა მისი უკანონო დაკავებისა და „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დაიწყო.
15:30 – ოპოზიციური „დროას“ წევრი სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია „დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარებისთვის. მანამდე იგი რამდენჯერმე დააჯარიმეს და დააპატიმრეს პიროტექნიკის გამოყენებისა და ნიღბის ტარებისთვის, ვინაიდან კანონში ბოლო ცვლილებებით ეს ქმედებები უკანონოდ ითვლება. ამჯერადაც, სასამართლო სხდომაზე სიჭინავას ნიღაბი ეკეთა, რომელზეც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.
11:00 – გახარია პროკურატურამ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ თავდასხმის ფაქტზე დაზარალებულად ცნო
ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია 15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო შერატონში მასზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმის გამო პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ეს ინფორმაციაში „სამოქალაქო საქართველოს“ პარტიაში დაუდასტურეს. 24 იანვარს გახარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ თავდასხმა „წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი“ იყო, მას „პოლიტიკური შურისძიების სახე“ ჰქონდა, ხოლო მისი „დამკვეთიც და ავტორიც გახლდათ ბიძინა ივანიშვილი“.
კვირა, 26 იანვარი
20:00 – ქუთაისში აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად იკრიბებიან
აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ, სადაც „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებას აპროტესტებენ და მის გათავიასუფლებას მოითხოვენ.
19:50 – თსუ–დან პარლამენტის მიმართულებით არჩევნებზე დამკვირვებლების მარში „სამი თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ იმართება
„მოპარული არჩევნების“ წინააღმდეგ არჩევნებზე დამკვირვებლების საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და პარლამენტისკენ მიემართება. აქციის მონაწილეებს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
შაბათი, 25 იანვარი
17:05 – აქცია-კონცერტი ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე
აქციის მონაწილეები თბილისის იპოდრომთან იკრიბებიან, სადაც აქცია-კონცერტი იმართება. პროტესტი ეხება სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის თავად იპოდრომის მიტაცებას, რომელიც წლებია სადავო თემას წარმოადგენს. ხელისუფლება უკვე წლებია პირობას დებს, რომ იქ ცენტრალურ პარკს გახსნის, თუმცა ეს დაპირება არასოდეს შესრულებულა.
17:00 – საპროტესტო აქცია პროპაგანდისტულ ტელეკომპანია POSTV-თან
25 იანვარს თბილისში რამდენიმე მსვლელობაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები – თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები – პროპაგანდისტულ ანტიდასავლურ ტელეკომპანია POSTV-ისთან შეიკრიბნენ. მსგავსი აქციები ასევე იგეგმება ტელეკომპანია “იმედთან” და საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
პარასკევი, 24 იანვარი
19:20 – აქციის მონაწილეების მსვლელობა მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად
მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის აქცია გრძელდება, აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის ქუჩიდან პარლამენტისკენ მიემართებიან. მათი მოთხოვნები იგივე რჩება: ამაღლობელისა და ყველა იმ პირის გათავისუფლება, ვინც პრო-ევროპული აქციების დროს უკანონოდ დააკავეს, ასევე ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
17:00 – მსახიობების პროტესტი – „კინო ტერორის წინააღმდეგ“
დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კინოცენტრის შენობასთან მსახიობები შეიკრიბნენ და ლოზუნგით „კინო ტერორის წინააღმდეგ“ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნების ჩატარება და ყველა უკანონოდ დაკავებული პირის, მათ შორის მათი კოლეგის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება. პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართულმა მსახიობებმა სპექტაკლები შეაჩერეს, რის გამოც ისინი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
16:40 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 აქტივისტს მთავრობის შენობასთან გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე გოგუაძემ 16 დეკემბერს აჭარის მთავრობის შენობასთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან გზის გადაკეტვით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის 12 აქტივისტს, თითოეულს, 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. დაჯარიმებულ აქტივისტებს შორის არიან: გოგიტა სოლომონიძე, დარიკო ჩიტაძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ირმა კომახიძე, ნიკოლოზ მირცხულავა, ირაკლი ჯორბენიძე, აზა გაბუნია, ლევან გორგილაძე, ვაჟა დარჩია, ირმა ზოიძე, თორნიკე კაკალაძე და ლაურა ქარცივაძე.
13:14 – სოლიდარობის აქცია თბილისში დათხოვნილი საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად
თბილისის მერიასთან სოლიდარობის აქცია იმართება იმ საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის სამსახურიდან დაითხოვეს. აქციის ორგანიზატორია ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველო“. კოალიციის წევრის თაზო დათუნაშვილის თქმით, აქციის მიზანია დაანახოს დათხოვნილ საჯარო მოხელეებს, რომ საზოგადოება მათ გვერდით დგას და არავინ დაუშვებს მათ ჩაგვრას.
ხუთშაბათი, 23 იანვარი
21:45 – „დაფიონის“ აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
„დაფიონის“ აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც ბათუმში 12 იანვარს საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დააკავეს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეფარდებული 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
21:30 – საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან
საპროტესტო აქციების 57-ე დღეს საქართველოში რუსთაველის გამზირი კიდევ ერთხელ გადაიკეტა, ვინაიდან პარლამენტის შენობასთან კვლავ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავიანთი ორი ძირითადი მოთხოვნა: არჩევნების ხელახალი ჩატარება და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება.
18:00 – „ეს ქვეყანა ჩემია!“ – საპროტესტო მანიფესტი
ორი დღით ადრე დაანონსების შემდეგ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა საპროტესტო აქცია „ეს ქვეყანა ჩემია“ გამართა. ისინი უკანონოდ დაკავებულების, მათ შორის მათი კოლეგის ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
17:02 – ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა. მისი საქმის შემდეგი მოსმენა 5 თებერვალს გაიმართება. მან სიცოცხლის „მთავარ პაციენტად“ ახლახან გარდაცვლილი დედა მოიხსენია. „თქვენ [მოსამართლე] არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, რომ თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა“. მან დაკავების მომენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ კრიმინალური პოლიციის ცენტრალურ სამმართველოში მას ნების საწინააღმდეგოდ ბიოლოგიური მასალა აუღეს. ახობაძე პოლიციამ 7 დეკემბერს დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
17:00 – ჟურნალისტი ნიკა კაცია პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კაციას პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე და პატიმრობის გადახედვაზე იმსჯელა. შემდეგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურამ მას ბრალი ნარკოტიკების შენახვაში წაუყენა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა ნინა ლომინაძემ მოსამართლეს დაკავების დროს მყოფი ტაქსის მძღოლის გამოკითხვა სთხოვა. თუმცა მოსამართლემ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. კაცია 7 დეკემბერს პროევროპული აქციის დროს დააკავეს.
16:00 – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის საქმეზე სასამართლო მოსმენა 6 თებერვალს გაიმართება
ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ალეკო ელისაშვილის საქმის სასამართლო სხდომა 6 თებერვალს არის ჩანიშნული. ელისაშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. იგი 4 დეკემბერს ალი ბაბაევის სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით ედება. თავდაპირველად იგი დააკავეს და შემდეგ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ელისაშვილი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
11:28 – მაისის სტუდენტური მოძრაობის საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა დაკავებულების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მოაწყვეს. პროტესტი მოიცავდა უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის დაკავებას და ბიბლიოთეკაში ბანერების გამოფენას. აქციის მონაწილეების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და უცნობმა პირებმა დაშალეს მათი საპროტესტო ბარიკადები და მათ მიმართ ძალადობის გამოყენება სცადეს. მაისის სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ქმედებები მიზნად ისახავს სისტემისთვის დისკომფორტის შექმნას, რათა აიძულონ ის კომპრომისზე წავიდეს.
ოთხშაბათი, 22 იანვარი
18:13 – კიდევ ერთმა დაკავებულმა აქციის მონაწილემ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა დაიწყო
მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად, კიდევ ერთმა დაკავებულმა აქციის მონაწილემ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა დაიწყო. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ეს ინფორმაცია ჯავახიშვილის ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დაადასტურა. ჯავახიშვილს ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
17:00 – „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ხელისუფლებას ამაღლობელის საქმეზე შურისძიებაში ადანაშაულებენ
ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობა და ხელისუფლება მის მიმართ უსამართლო და არაპროპორციულ სისხლისსამართლებრივ დევნაში დაადანაშაულა. თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე მათ განაცხადეს, რომ „პოლიციის მხრიდან მრავალჯერადი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ადგილზე განხორციელებული არაერთი უკანონო ქმედების შემდეგ, ემოციურ მდგომარეობაში გაწნილი ერთჯერადი სილის გამო, მზია ამაღლობელისთვის უმძიმესი ბრალდების წაყენება და მისი დაპატიმრება მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს ანგარიშწორებას გამოხატული აზრის და ჟურნალისტური საქმიანობის გამო“.
16:45 – პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
პარლამენტის წინ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქცია მოეწყო. ამაღლობელის მხარდამჭერები და კოლეგები მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ. აქციაზე მომიტინგეების ერთობლივი განცხადება წაიკითხა ჟურნალისტმა გურამ როგავამ, რომელიც ერთ-ერთი წინა აქციის დროს სპეცრაზმელებმა სცემეს. განცხადება ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „უარესები შეიძლება მოხდეს, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ, არ ვაპირებთ შევეგუოთ რუსულ რეჟიმს“, – განაცხადა როგავამ. „რუსული სცენარის ფინალი ნანახი გვაქვს ბელარუსში, მაგრამ ეს არ მოხდება საქართველოში“.
16:15 – ზვიად ქორიძე ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ფიზიკური თავდასხმის შემდეგ დაზარალებულად ცნეს
15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი,ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნეს. თავდასხმის დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ ზვიად ქორიძეზე თავდასხმა წარმოადგენს „ივანიშვილის პარტიის მიზანმიმართულ ძალადობას და ანგარიშსწორებას ქართული სამოქალაქო სექტორისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის წინააღმდეგ“. ორგანიზაციამ თავდასხმის ზედმიწევნით გამოძიებისკენ მოუწოდა.
16:10 – „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და უკანონო დაკავების საკითხზე მოქმედებისკენ მოუწოდებს
დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად გამართულ საპროტესტო აქციაზე, გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა მცდელობა შეხვედროდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რათა განეხილათ ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემები. თურაძე მიიჩნევს, რომ ამაღლობელი პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლია. „მინდოდა მეთქვა, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს კონსტიტუცია. შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას“. მან ასევე აღნიშნა, რომ ამაღლობელის სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინეს „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა პირებმა.
11:45 – საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გრძელდება
საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით უკვე 56-ე დღეა გრძელდება. კერძოდ, დღეს დაგეგმილია აქციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ახალციხესა და ახმეტაში.
სამშაბათი, 21 იანვარი
22:01 – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის შენობის წინ
სლოგანით „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ აქცია გამართეს და სამართლიანობის მოთხოვნა კიდევ ერთხელ წამოაყენეს. აქციის მონაწილეები, რომლებიც ზედიზედ 55 დღეა აგრძელებენ პროტესტს, ამბობენ, რომ პროტესტს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოწოდებები არ შესრულდება. ისინი უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ და პირობას დებენ, რომ არახელსაყრელი პირობებისა და ხელისუფლების უმოქმედობის მიუხედავად, პროტესტს არ შეწყვეტენ.
21:09 –რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების საპროტესტო აქცია გრძელდება, გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან, წინა აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მათი აქციების მთავარი თემაა მოწოდება სამართლიანობისა და საარჩევნო რეფორმისკენ.
18:44 – პარლამენტის წინ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
პარლამენტის შესასვლელთან „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ჟურნალისტები და მომიტინგეები იმ პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც, მათი თქმით, უსამართლოდ დააკავეს. მონაწილეებმა გამოფინეს ბანერები წარწერით „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრებს“. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მართული უსამართლო დევნის სიმბოლოდ იქცა. მსვლელობა ამ წუთებში პარლამენტიდან უზენაესი სასამართლოსკენ მიემართება.
16:10 – მოსამართლე ხუჯაძემ ლომიძე და ზასოხაშვილი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ 1 დეკემბერს პარლამენტის შენობასთან პროევროპული აქციის დროს დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანს ბრალად ედება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა და შსს-ს წყლის ჭავლის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება. მათ ბრალი პოლიციელზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ვიდეომასალაში ლომიძესა და ზასოხაშვილის დანაშაულში მონაწილეობის იდენტიფიცირება შეუძლებელია. თუმცა, მოსამართლე ხუჯაძემ ადვოკატების არგუმენტები არ მიიღო. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. მათი საქმის შემდეგი მოსმენა 4 თებერვალს ჩაინიშნა.
15:50 – საპროტესტო აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ წევრი ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) რექტორად პარტია „ქართული ოცნების“ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ტიტე აროშიძე დაინიშნა. მის დანიშვნას წინ უძღოდა უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი. სტუდენტები „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ იმაში, რომ აროშიძე განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სტუდენტების კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად დანიშნეს.
14:30 – სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელი ციხეში მოინახულა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ციხეში ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მოინახულა, სადაც „ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები“, იტყობინება სახალხო დამცველის აპარატი. ამავე ინფორმაციით, ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
14:00 – დაპატიმრებული აქტივისტი მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს
6 დეკემბერს პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებულმა აქტივისტმა რეზო კიკნაძემ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა სოციალურ ქსელში დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს.
11:25 – ბათუმში აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელის მიმართ სამართლიანობას ითხოვენ
მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის აქცია ამჯერად ბათუმში გრძელდება, სადაც აქციის მონაწილეები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები გამოძიებას და ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ, რომელიც, სავარაუდოდ, ამაღლობელს დაკავების შემდეგ არაადამიანურად მოექცა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
ორშაბათი, 20 იანვარი
20:00 – ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად, თბილისში აშშ-საქართველოს მეგობრობის მარში იმართება
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად, თბილისში ასობით მომიტინგემ აშშ-საქართველოს მეგობრობის მარში მოაწყო რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე. მსვლელობაზე ორი ქვეყნის დროშები გამოიფინა. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეებს იგივე მოთხოვნები აქვთ: ახალი არჩევნები და საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.
17:10 – საპროტესტო აქციამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაინაცვლა, რადგან აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ
საპროტესტო აქციამ, რომელიც თავდაპირველად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ გაიმართა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გადაინაცვლა, სადაც აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და სამსახურის უფროსთან კოკა კაციტაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერებას მზია ამაღლობელთან დაკავშირებულ საქმეზე.
16:00 – თბილისის სასამართლომ 20 წლის აქციის მონაწილეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბუბუტეიშვილი, რომელიც მაშინ 19 წლის იყო, 2024 წლის 9 მაისს საპროტესტო აქციაზე დააკავეს პარლამენტის ჭიშკრის 500 ლარიანი რკინის დეკორაციის დაზიანებისა და მეხანძრესთვის ქვის სროლის ბრალდებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მხარი დაუზიანდა.
15:00 – საია: მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს, ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
13:10 – აქტივისტები ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი საპროცესო შეთანხმების შემდეგ კიდევ 10 თვით პატიმრობაში დარჩებიან
მოსამართლე ნათია გუდაძემ, მიღწეული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი, რომლებიც უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ მაისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, პატიმრობაში კიდევ 10 თვით დარჩებიან. ორივე აქტივისტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წაუყენეს, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს, კერძოდ, მათ პარლამენტის მიმდებარედ 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანება ედებათ ბრალად. ორივე მათგანს ბრალი პროკურატურამ წარუდგინა და ისინი უკვე 8 თვეა პატიმრობაში იმყოფებიან.
12:20 – თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებული გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა. მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. შემთხვევა 29 ნოემბერს მოხდა, როდესაც მინდაძემ, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რამაც მისი სავარაუდო დაზიანება გამოიწვია. მოსამართლე თარაშვილმა არ დააკმაყოფილა მინდაძის ადვოკატის ვახტანგ მთიულიშვილის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. საქმის განხილვა 3 თებერვალს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
11:10 – ჟურნალისტები მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას მართავენ, დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ
ჟურნალისტები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ბათუმელები/ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ. ამაღლობელს, სავარაუდოდ, პოლიციელები პატიმრობასში არასათანადოდ მოეპყრნენ. აქციის მონაწილეები მომხდარის დაუყონებლივ გამოძიებას, ასევე ამაღლობელის და პრო-ევროპული აქციების დროს უკანონოდ დაკავებული სხვა მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
კვირა, 19 იანვარი
15:30 – ბათუმში ამაღლობელის მხარდამჭერები პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვენ
„ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები პროტესტის ნიშნად ბათუმში პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ. ისინი ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის გადადგომას ითხოვენ იმ ინციდენტის შემდეგ, რასაც ამაღლობელისთვის ბრალის წარდგენა მოყვა.
14:05 – სახალხო დამცველი პოლიციის ძალადობისა და ნიღბის აკრძალვაზე დაპირისპირებას ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში და დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 პირი მოინახულეს. დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა პირბადეების ტარების აკრძალვის რეგულაციას (რასაც ღამით მონახულებული მოქალაქეები დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებენ) და განმარტა, რომ მართალია, მსგავს შეზღუდვას ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. „მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
13:25 – საპროტესტო აქცია გორში
აქციის მონაწილეები გორის რაიონულ პოლიციასთან უკანონოდ დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ბანერები და იმ ადამიანების სურათები, რომლებიც პროევროპული აქციების შემდეგ დააკავეს.
09:00 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი: აქციის მონაწილეების გატაცება რეპრესიების ახალი ვერსიაა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორი მოქალაქის, რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას გატაცებას გამოეხმაურა და მას რეპრესიების ახალი ვერსია უწოდა. „უცნობი პირების მიერ აქციის მონაწილეების გატაცება უცხოურნომრიანი მანქანებით არის ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსია. მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომელსაც უფლებები და მომავალი მოპარეს!”
შაბათი, 18 იანვარი
23:30 – რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩიდან ორი ადამიანი გაიტაცეს
ორი ადამიანი, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია, რომლებიც პარლამენტთან გამართული აქციიდან ბრუნდებოდნენ, უცნობმა პირებმა მიმდებარე ქუჩიდან გაიტაცეს და მანქანაში ჩასვეს. ტელეკომპანია „მთავარმა“ გატაცების ამსახველი კადრები გაავრცელა.
21:00 – ზუგდიდის სასამართლომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი მარიამ სიჭინავა და სხვა აქტივისტი 5 000 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა თითოეული 5 000 ლარით დააჯარიმა. ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის {აქციაზე პიროტექნიკის გამოყენება) და 173-ე მუხლის (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დარღვევის გამო დააკავეს.
16:50 – მშვიდობიანი მომიტინგეები ნიღბების ტარებისთვის დააკავეს
სარაჯიშვილის მეტროდან გურამიშვილის გამზირისკენ მიმავალი მომიტინგეები, რომლებიც თემქაზე პოლიციის განყოფილებასთან აპირებდნენ მისვლას, ნიღბების ტარებისთვის დააკავეს. ერთ-ერთმა მომიტინგემ განაცხადა, რომ ისინი მშვიდობიან დემონსტრაციას მართავდნენ, როდესაც მისი რამდენიმე მეგობარი პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
15:40 – „ძლიერი საქართველოს“ წევრს საბა ბუაძეს თავს დაესხნენ
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მას თავს დაესხნენ. ფეუსბუქის საკუთარ გვერდზე მან დაწერა: „ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ “შემთხვევით”, გინებით, დანით და ქვების სროლით“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ვთაგავ“, – განაცხადა ბუაძემ, რომელსაც „ტიტუშკების“ მიერ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმების ფაქტების გამოუძიებლობა ჰქონდა მხედველობაში.
15:20 – ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტში ღამისთევით რჩებიან
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს მასშტაბით, საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ. სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მსგავსად, ისინიც სამართლიანობას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. სტუდენტებმა პირობა დადეს, რომ ღამეს უნივერსიტეტის შენობაში გაათევენ და სოლიდარობას უცხადებენ მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
15:15 – მარში საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ
მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან გურამიშვილის გამზირისკენ მიემართებიან პოლიციელების სისასტიკისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების უსამართლო მოპყრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ისინი ასევე აპროტესტებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათი თქმით, უსამართლო დაკავებების თაობაზე. მათი მოთხოვნები ნათელია: ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“.
პარასკევი, 17 იანვარი
16:30 – ევროპელი სოციალისტების პარტია გიორგი გახარიაზე თავდასხმას გმობს
ევროპელი სოციალისტების პარტიამ დაგმო 15 იანვარს ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმა და მომხდარის საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა. პარტიამ ასევე ხაზი გაუსვა წუხილებს დემოკრატიის უკუსვლისა და საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ძალადობრივი დარბევის თაობაზე. პარტიამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა ქართველ მომიტინგეებს, რომლებიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის იბრძვიან.
16:20 – მედიის წარმომადგენლები შსს-სთან საპროტესტო აქციას მართავენ
შსს-სთან საპროტესტო აქციაზე ცნობილი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ასევე მოითხოვეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის გადადგომა და ამის მიზეზად ამაღლობელის მიმართ მის არაადამიანურ მოპყრობას ასახელებენ.
14:50 – აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში პოლიციის სავარაუდო სისასტიკესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს ესწრებიან
აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. აშშ-ის საელჩომ ეს ინფორმაცია თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა. „ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
14:45 – შვედმა დეპუტატმა გუსტავ გოტბერგმა საქართველოსთან საპარლამენტო კავშირების შეწყვეტა დააანონსა
შვედეთის პარლამენტისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა გუსტავ გოტბერგმა X-ზე დაწერა, რომ შვედეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. „ჯგუფი არ ეთანხმება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
14:15 – ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მანანა მიქავა 5 000 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პედაგოგი მანანა მიქავა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით იყო დაკავებული, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს, 5 000 ლარით დააჯარიმა. მას ზუგდიდში პრო-ევროპული საპროტესტო აქციის დროს პიროტექნიკის გამოყენებისთვის წარედგინა ბრალი. მიქავა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
14:03 – აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველს მტკიცებულებები წარუდგინეს და არჩევნების გაყალბების ბრალდებებზე რეაგირებას ითხოვენ
აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის აპატარში მტკიცებულებები მიიტანეს, რომლებიც საარჩევნო გაყალბებასა და პოლიციის მიერ ევროკავშირის მხარდამჭერი აქციების დროს სისტემურ წამებას ეხებოდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი უარყოფს არჩევნების გაყალბებას ან საპროტესტო აქციების მონაწილეთა სისტემურ წამებას. ერთ-ერთმა მომიტინგემ განაცხადა, რომ აპირებს მტკიცებულებების ოფიციალურად წარდგენას და იოსელიანის პასუხს დაელოდება. აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ბანერები წარწერით „რეჟიმის დამცველი“, ხოლო ერთმა მომიტინგემ სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა, რაც სიმბოლურად გამოხატავდა მის რწმენას, რომ „სახალხო დამცველმა დაასამარა სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში“.
12:00 – დაკავებულთა ადვოკატები ერთობლივ განცხადებაში პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ადვოკატებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, „ათობით ადამიანს იბარებენ სასამართლოში, რომ სისტემამ მათზე განახორციელოს ზეწოლა… სინდისის პატიმრების გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს“, – აცხადებენ ისინი. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა დაკავებულ მომიტინგესა და სტუდენტს.
12:00 – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს შეუერთდნენ
სტუდენტების ინიციატივას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი შეუერთდა და 101-ე აუდიტორია დაიკავა. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სტუდენტებს, მოითხოვეს ყველა დაკავებული მომიტინგის გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.
11:00 – 52 მომიტინგეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის 49 ჟურნალისტი. დაზარალებულის სტატუსი 52 პირს მიენიჭა, ხოლო აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
რაც შეეხება 7 დეკემბერს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს, სამსახურმა 52 პირი გამოკითხა. „გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები ტარდება“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
ხუთშაბათი, 16 იანვარი
23:16 – ბათუმში დაკავებული ვაჟა დარჩია გაათავისუფლეს
ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ვაჟა დარჩია, რომელიც 11 იანვარს ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ტვ პირველთან საუბრისას მან ლუკა ნაცვლიშვილს და სხვა დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, მისი აზრით, შეუთავსებელია ევროპულ მომავალთან. დარჩიამ დასძინა, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას მანამ, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს და ევროკავშირში არ გაწევრიანდება.
22:40 – ზუგდიდში პიროტექნიკის გამოყენებისთვის დაკავებული მასწავლებელი გაათავისუფლეს
რადიო თავისუფლება იტყობინება, რომ ზუგდიდში პოლიციის განყოფილებასთან პიროტექნიკის გამოყენების ბრალდებით დაკავებული მასწავლებელი მანანა მიქავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინეს, რაც პიროტექნიკის გამოყენებას ეხება.
22:32 – ჟურნალისტები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პარლამენტისკენ მიემართებიან
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ აქციაში მონაწილე ჟურნალისტები პარლამენტისკენ გაემართნენ. მათ გადაწყვიტეს მაუწყებლის შენობის დატოვება და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის პროდიუსერი მათ ხვალ საეთერო დროს დაპირდა.
20:48 – ზუგდიდში მასწავლებელი და აქტივისტი მანანა მიქავა დააკავეს
ზუგდიდში მასწავლებელი და აქტივისტი მანანა მიქავა დააკავეს. იგი პოლიციის სამმართველოს მახლობლად პროტესტის ნიშნად პიროტექნის გამოყენების შემდეგ დააკავეს. კერძოდ, მან ამ ფორმით პოლიტიკური პარტია „დროას“ წარმომადგენლის მარიამ სიჭინავას და სამოქალაქო აქტივისტის კერენ ესებუას დაკავებები გააპროტესტა.
17:55 – „დროას“ წევრი სიჭინავა და აქტივისტი ესებუა პიროტექნიკის გამოყენებისთვის დააკავეს
ოპოზიციური პარტია „დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა და სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა ზუგდიდში პიროტექნიკის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მანამდე სიჭინავა იგივე ბრლდებით 13 იანვარს დააკავეს და სასამართლომ მას 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
17:40 – თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გედენიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის დავით გედენიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. გედენიძე 4 დეკემბერს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევისას დააკავეს და მას კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად.
17:12 – ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი გახარიაზე თავდასხმას გმობს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმა და მას საქართველოში პოლიტიკური ძალადობის შემაშფოთებელი ესკალაცია უწოდა. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სამინისტრო მოუწოდებს ხელისუფლებას, „გამოიძიოს საქმე და აღკვეთოს შემდგომი ძალადობა პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიციის წინააღმდეგ“.
15:05 – თბილისის საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაური პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 25 ნოემბერს დაკავებული ანატოლი გიგაური, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, პატიმრობაში დატოვა. სასჯელი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიგაურის სასამართლო პროცესს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართა, გიგაურმა განაცხადა, რომ მას პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, სასამართლომ ეს ბრალდებები არ განიხილა.
14:00 – თბილისის საქალაქო სასამართლომ მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ 20 წლის მათე დევიძე, რომელიც 16 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს, პატიმრობაში დატოვა. მას თავდაპირველად ბრალი ედებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში, მათ შორის წვრილმან ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში. თუმცა, 48-საათიანი დაკავების შემდეგ, ბრალდება შეიცვალა და ის სისხლის სამართლის კოდექსით გადაკვალიფიცირდა პოლიციელებზე სავარაუდო თავდასხმისთვის. ეს ახალი ბრალდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას”,- განაცხადა დევიძემ.
12:00 – საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება
თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საპროტესტო აქციები უკვე 50 დღეა გრძელდება. დღეს დაგეგმილია აქციები თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისშში, თელავსა და ახმეტაში.
11:00 – საქართველოს დემოკრატიული ბრძოლები: ჯო უილსონი ივანიშვილს ეროვნული თავისუფლებისადმი საფრთხედ აფასებს
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, ბოლო წერილში კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა და რომ მათი კონსტიტუცია ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს. მან განაცხადა, რომ „საქართველოში თავისუფლება კარგია ამერიკისთვის და ხელს უშლის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის ბოროტად გამოყენებას აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიერ. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული მხარდაჭერა და ურთიერთობა ამ თავისუფალ ხალხთან“. უილსონმა ასევე დაგმო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებები და ხაზი გაუსვა მათ კორუფციას და ავტორიტარულ ძალებთან საქართველოს დაახლოების მცდელობებს, რასაც ის ხედავს, როგორც ისტორიულ საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის.
ოთხშაბათი, 15 იანვარი
21:20 – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაფიცულებს სრული სოლიდარობა გამოუცხადა. X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა: „მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს, ვინც გადადგა ეს მამაცი ნაბიჯი და გაიფიცა. მათი კანონიერი პროტესტი ახალი არჩევნების მოთხოვნით ქართველი ხალხის ურყევ ნებას ასახავს“.
21:15 – ბათუმში საპროტესტო აქციები 49-ეა გრძელდება: აქციის მონაწილეები უკანონოდ დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და ახალ არჩევნებს ითხოვენ
ზედიზედ 49 დღეა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც აღშფოთებას გამოხატავენ „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების გამო. საპროტესტო აქციის მონაწილეები ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
19:40 – მარიამ სიჭივანა ოპოზიციური პარტია „დროადან“ 5 000 ლარით დააჯარიმეს
ოპოზიციური პარტია „დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა 13 იანვარს ზუგდიდში პროევროპული საპროტესტო აქციის დროს პიროტექნიკის გამოყენებისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი მას სასამართლომ 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
19:10 – საიას თავმჯდომარე „ბათუმელების“ დირექტორის მიმართ პოლიციის არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობას გაუსვა ხაზი. ამაღლობელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა ედება ბრალად. ქურდოვანიძის თქმით, დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.
18:10 – ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი: „ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“
ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა მკაცრად დაგმო თავდასხმები ოპოზიციის ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე, ასევე ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე და აღნიშნა, რომ აშშ ყველაფერს „ხედავს“ და სათანადო ზომებს მიიღებს. თავის განცხადებაში უილსონმა ივანიშვილის რეჟიმი გააკრიტიკა და აღნიშნა: „ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. რეჟიმი სულ უფრო მეტად უსწორდება მათ, ვინც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ვიმოქმედებთ. ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“.
18:05 – ნიდერლანდების ელჩი საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების გამო შეშფოთებას გამოხატავს
ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა შეშფოთება გამოხატა ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის მზარდი შემთხვევების გამო. „ქართული საზოგადოება უკეთესს იმსახურებს“, – აღნიშნა მან.
17:55 – აშშ გმობს „ქართული ოცნების“ ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ
შეერთებული შტატები გმობს „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ. საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მსგავსი ქმედებები, როგორც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს“.
17:30 – საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში გაფიცულ მოქალაქეებს ე.წ. „ტიტუშკები“ დაესხნენ თავს
საყოველთაო გაფიცვაში მონაწილე სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებს ე.წ. „ტიტუშკები“ სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი დოლიძის ქუჩაზე მოხდა. ვიდეო კადრებში ჩანს ხელკეტებით შეიარაღებული „ტიტუშკები“. ისინი ნიღბების გარეშე იყვნენ, შესაბამისად მათი ამოცნობა შესაძლებელია.
17:00 – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გმობს დაკავებებს და სამართლიანი სასამართლოსა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ქვეყანაში ბოლოდროინდელ დაკავებებთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს“.
16:55 – დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ძალადობის აღმოფხვრისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა: „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკანასკნელ დღებში, უფრო მეტი ღრმად შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით. ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. სწორედ ამიტომ, დღეს, ევროპის საბჭოში, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ევროპელ პარტნიორებს და მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ“.
09:10 – „იფიცება საქართველო!“ – 15:00 საათზე საყოველთაო გაფიცვა იგეგმება
„იფიცება საქართველო!” – 15 იანვარს საყოველთაო გაფიცვა იგეგმება, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება და სამ საათს გაგრძელდება. ფეისბუქის მეშვეობით ორგანიზებულ პროტესტში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს ასობით მეწარმე და მცირე და საშუალო საწარმო. გაფიცვის ძირითადი მოთხოვნები უცვლელი რჩება: ყველა დაკავებული მომიტინგის გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.
სამშაბათი, 14 იანვარი
21:18 – საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ ითხოვენ საეთერო დროს და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
20:52 – ბათუმში ჟურნალისტები აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქციას მართავენ
ბათუმში, აჭარის ტელევიზიასთან შეკრებილი ჟურნალისტები ტელეკომპანიას საეთერო დროის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. მედიის წარმომადგენლები გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მზია ამაღლობელის დაკავებას სათანადო ყურადღება არ დაუთმო.
20:45 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ 6 პირს პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ „ბათუმელების“ ოპერატორ გურამ მურვანიძესა და ლევან ხორავას 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ლუკა ნაცვლიშვილს, შუშანა მაცაბერიძეს და გიორგი კაკალაძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულთა მხარდამჭერებს ხელში უკავიათ ბანერები წარწერით „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“. როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოს შენობა დატოვეს, მომიტინგეებმა მათ „მონები“ მიაძახეს. აქციის მონაწილეები სასამართლო პროცესის დროს მოსამართლეების მისამართით სკანდირებდნენ „შეგრცხვეს“.
20:38 – ესტონეთი საქართველოში დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო თბილისსა და ბათუმში ჟურნალისტებისა და აქტივისტების ბოლოდროინდელი დაკავებები და მათ „მიუღებელი“ უწოდა. მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარის რანგში, ესტონეთმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს საპროტესტო აქციების დროს. ესტონეთი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მედიის თავისუფლებას და უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების დაცვა.
20:26 – რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ცხრა პირს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ რესტორან „ბაბილოს“ მიმდებარედ 12 იანვარს დაკავებული ცხრა პირის საქმეები განიხილა. ყველა დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, ზურაბ მანჩხაშვილს – 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს – 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს -15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოში დაკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და გზის სავალი ნაწილიდან არ გადადიოდნენ, ამასთან, მათივე თქმით, ისინი შენობაში მყოფი პირების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
20:02 – „თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ“ მარში მიმდინარეობს
ქართული თეატრის დღეს, მსახიობების მარში მიმდინარეობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეტრის მიმართულებით. მარშის ლოზუნგია: „თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ“. აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ბანერები წარწერით: „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“ და „შემოუერთდი გაფიცვას“. მოგვიანებით, მარშის მონაწილეები პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. აქციაში მონაწილე ერთ-ერთმა მსახიობმა ეთო გუგავამ განაცხადა: „ცდილობენ, რომ შეგვაშინონ, არადა არ გვეშინია. ახლა, უცბად მეც რომ დამიჭირონ, არ მეშინია. ანდროც [ჭიჭინაძე] მალე გამოვა, გიორგიც [ჩაჩანიძე] და სხვა დანარჩენებიც, აუცილებლად“.
17:00 – მედიასაშუალებები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით 3 საათით გაიფიცნენ
„ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ“, – ეს შეტყობინება სამი საათის განმავლობაში გამოჩნდება გაფიცული ტელევიზიების ეკრანებსა და ონლაინ მედიასაშუალებების ვებგვერდებზე. გაფიცვას ორმოცამდე მედიასაშუალება უერთდება, მათ შორის „სამოქალაქო საქართველო“.
15:40 – RSF ევროკავშირს პოლიციის დაუსჯელობის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებს
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გმობს პოლიციის მიერ საქართველოში სისტემატურ და ორგანიზებულ ძალადობას და მოუწოდებს ევროკავშირს მიიღოს ზომები სამართალდამცავი ორგანოების დაუსჯელობის წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას. RSF ხაზს უსვამს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის და ოპერატორ გურამ მურვანიძის დაკავების ფაქტს, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი დაკავების მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს.
13:25 – მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას ბათუმში საპროტესტო აქცია მოყვა
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აქციის მონაწილეებმა აღშფოთება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება აღკვეთის ღონისძიების სახით ამაღლობლისთვის პატიმრობის შეფარდების გასამართლებლად. ისინი ითხოვენ ამაღლობელის და ყველა იმ პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ვინც პროევროპული საპროტესტო აქციების დროს უკანონოდ დააკავეს.
13:00 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
დამოუკიდებელი გაზეთ „ბათუმელებისა“ და ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა. 12 იანვარს დაკავებულ ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე და ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
12:15 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი გრძელდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტი განაახლეს და უნივერსიტეტში ღამე გაათენეს. იმის გამო, რომ შენობაში ნორმალური გზით შესვლა ვერ მოხერხდა, სხვა სტუდენტებმა მათ ფანჯრებიდან საბნები და ბალიშები მიაწოდეს. აქციის მონაწილეები ადგილზე დარჩენას აპირებენ და სხვა სტუდენტებსაც შეერთებისკენ მოუწოდებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია: ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.
11:00 – თბილისის მერიამ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით კიდევ ერთი საჯარო მოხელე გაათავისუფლა
ქრისტინა ჩუბინიძე, თბილისის მერიის საჯარო მოხელე და პროევროპული განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩუბინიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: „სამსახურიდან გამათავისუფლეს. პოლიტიკური ნიშნით, უფრო სწორად, კონსტიტუციის და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ერთგულების გამოხატვის გამო. არ გვაპატიეს კონსტიტუციის ერთგულება, ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერა“. ჩუბინიძის გათავისუფლება საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული ბოლო ცვლილების შემდეგ პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლებების მზარდი ტენდენციის ნაწილია.
10:15 – თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი აქტივისტი დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნუცა მახარაძე, რომელიც 12 იანვარს, რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს, 3 000 ლარით დააჯარიმა. საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართეა, რაც მოსამართლეები რესტორანში კორპორატიულ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ. აქციის დროს სულ ცხრა პირი დააკავეს.
10:00 – ბათუმის სასამართლომ ორ დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბათუმის საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“ ვაჟა დარჩიას და ჯგუფ „პლატინას“ ხელმძღვანელს მალხაზ ირემაძეს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანი 11 იანვარს „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედებათ, რაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
09:00 – ანიტა ჰიპერი გმობს რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ბათუმსა და თბილისში
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს: „ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებას. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. ამ უკანონო ქმედებებში ჩართულმა თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა აგონ.”
ორშაბათი, 13 იანვარი
23:15 – ზუგდიდში აქციის ერთი მონაწილე დააკავეს
ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქტივისტი და „დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა დააკავა. იგი, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გაშვებისთვის დააკავეს.
22:17 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ მომიტინგეებს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციის სამ მონაწილეს, ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძესა და მათე ცენტერაძეს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ირმა ტოგონიძე უძღვებოდა. აქციის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. „არანაირი მტკიცებულება, უკანონოდ დააკავეს და დატოვეს პატიმრობაში, ეს არის რეჟიმი, რომელიც დასრულდება”, – აღნიშნეს სასამართლოს წინ შეკრებილებმა.
20:41 – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
ზედიზედ 47-ე დღეს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო, მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მანქანების მოძრაობა გადაკეტეს. პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარედ მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. იქ შეკრებილი მომიტინგეები პარლამენტისკენ მსვლელობას გეგმავენ, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
20:00 – ჟურნალისტები ბათუმში საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ
ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად დაიწყო. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ამაღლობელის დაკავება უკანონო იყო და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ ყურადღება გაამახვილეს გამოცემის მიერ ძალადობისა და უსამართლობის შემთხვევების გაშუქების ისტორიას და გამოთქვეს იმედი, რომ „საერთაშორისო საზოგადოება სოლიდარობით გადაარჩენს მზია ამაღლობელს“.
19:03 – ჯო უილსონი ტრამპს შეხვდა და „ქართული ოცნების“ შესახებ შეშფოთება გამოხატა
ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა X-ზე დაწერა, რომ ცოტა ხნის წინ შეხვდა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. შეხვედრის დროს უილსონმა შეშფოთება გამოხატა „თავისუფლებაზე ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმისა და მის სავარაუდო კორუფციულ ურთიერთობებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანთან, რომლებიც ტრამპის მკვლელობას გეგმავდნენ”. „მე ასევე გავუზიარე მას საქართველოს მეგობრების წერილი“, – დასძინა მან.
17:18 – მიხაელ როთი ქართულ ოპოზიციას ხვდება
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, საუბარი ფოკუსირებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებზე და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის გაძლიერების გეგმებზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეებზე.
17:15 – მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინეს
„ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელებზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე ან საჯარო დაწესებულებებზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლო სხდომა 14 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.
16:58 – ბათუმის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვაში ბრალდებული 12 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ალექსანდრე გოგუას თავმჯდომარეობით, 16 დეკემბერს გზის გადაკეტვაში ბრალდებული 12 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე დაკავებულთა შეკრებისა და გამოხატვის უფლების დარღვევაზე საუბრობდა, ბრალდების მხარე კი არასამუშაო დღეების გამო საქმის მასალების განხილვასთან დაკავშირებული სირთულეების მოტივით სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვდა. მოსამართლემ სხდომები 16 და 20 იანვრისთვის გადადო.
14:00 – ბათუმში საპროტესტო აქციის შემდეგ რვა პირი დააკავეს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის რვა პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით, ზოგიერთ დაკავებულს მხოლოდ 173-ე მუხლით ედება ბრალი პოლიციელის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის.
13:00 – რესტორან „ბაბილოსთან“ დაძაბულობის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს
ცხრა პირი დააკავეს გუშინ რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარი დაძაბულობის შემდეგ, სადაც მოსამართლეები კორპორატიულ წვეულებას მართავდნენ. დაკავებულებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობა) მუხლებით ედებათ ბრალი.
12:20 – საპროტესტო აქციები გრძელდება
საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 47 დღეა გრძელდება, ხოლო მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნები და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება. აქციები მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება, არამედ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც იმართება. დღეს აქციები დაგეგმილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში.
სამშაბათი, 7 იანვარი
01:00 – დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებლურ შობას აღნიშნავენ
პროტესტის მე-40 დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავლობა იყო. დემონსტრანტები პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ქაშუეთის ტაძართან, შეიკრიბნენ და შობა ერთად აღნიშნეს. მანამდე ხალხი ხუთ სხვადასხვა ტაძართან შეიკრიბა, საიდანაც მარშით 22:00 საათისთვის ქაშუეთთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს, საჩუქრები გაცვალეს და საშობაო სიმღერები შეასრულეს. ტაძარში საშობაო პარაკლისი ჩატარდა. მოხალისეებმა საკვები და ტკბილეულობაც დაარიგეს. გამზირზე გამოჩნდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
შობის ღამეს აქციები ჩატარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ქუთაისსა და ბათუმში. მიუხედავად სადღესასწაულო კვირისა, ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
ფოტოები: გურამ მურადოვი/სამოქალაქო საქართველო










ორშაბათი, 6 იანვარი
20:40 – დემონსტრანტები საზოგადოებრივ მაუწყებელთან იკრიბებიან
დემონსტრანტები საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ტელევიზიის პირდაპირი მაუწყებლობის შეწყვეტა.
20:30 – უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს საქართველო მრავალი აქციით ხვდება
მრავალი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. დედაქალაქში დემონსტრანტები გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ტაძართან შეკრებას და შობის ერთად აღნიშვნას.
კვირა, 5 იანვარი
00:08 – პროტესტის 39-ე დღეს დაგეგმილი აქციები
საპროტესტო აქციების ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. უწყვეტი აქციების 39-ე დღეს დემონსტრაციები დაგეგმილია თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. მოთხოვნები უცვლელია: ახალი არჩევნები და დაკავებულთა გათავისუფლება.
გთავაზობთ იმ აქციების ჩამონათვალს, რომლებიც დაგეგმილია 5 იანვარს:
თბილისი:
- 17:00 – თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო “რუსთაველთან” შეიკრიბებიან;
- 19:00 – აქცია პარლამენტთან;
- 19:00 – აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით – “დღის ეთერი ხალხს!”
- 19:30 – “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე;
- 19:00-22:00 – პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრების შეგროვებისა და დარიგების ღონისძიება;
- 19:00-22:00 – მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი აქცია ორბელიანის ბაზარზე;
- 22:00 – სამედიცინო ნიღბების აქცია პარლამენთან.
ზუგდიდი:
- 17:00 – აქცია სახელწოდებით “ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!” სამხარეო ადმინისტრაციის წინ.
ბათუმი:
- 19:00 – აქცია სახელწოდებით “სამშობლოს სამსახურში” საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
ქუთაისი:
- 19:00 – აქცია სახელწოდებით “კი ევროპას, არა რუსეთს!” მერიის წინ.
შაბათი, 4 იანვარი
20:36 – უწყვეტი პროტესტი 38-ე დღეს პარლამენტთან გრძელდება
საპროტესტო აქციების დაწყებიდან 38-ე დღეს პროტესტი პარლამენტის შენობასთან კვლავ გრძელდება. მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და დაკავებულთან გათავისუფლება. დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
00:35 – პროტესტის 38-ე დღეს დაგეგმილი აქციები
გთავაზობთ იმ აქციების ჩამონათვალს, რომლებიც დაგეგმილია 4 იანვარს:
თბილისი:
- 19:00 – საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლოზუნგით: „დღის ეთერი ხალხს!“
- 19:00-22:00 – საჩუქრების შეგროვება და დარიგება რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხესთან
- 19:00-22:00- „ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს!“ – ვეკუას ქ. 3ა.
ქუთაისი:
- 19:00 – პროტესტი: „დიახ ევროპას, არა რუსეთს!“ – მერიის წინ.
ბათუმი:
- 19:00 – პროტესტი: „სამშობლოს სამსახურში!“ – საკონსტიტუციო სასამართლოში.
ზუგდიდი:
- 16:00 – აქცია: „ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს“ – მერიის წინ.
პარასკევი, 3 იანვარი
16:30 – რეპრესიები გრძელდება: პოლიტიკური დათხოვნების შესახებ ბრალდებები მძაფრდება
მმართველი რეჟიმის რეპრესიული ქმედებები სულ უფრო მზარდ კრიტიკას იწვევს, რადგან უფრო მეტი ადამიანი იტყობინება პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანამშრომელი ეკა ბაქრაძე აცხადებს, რომ ის უსამართლოდ გაათავისუფლეს, რადგან მისი ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, ოპოზიციურ პარტიასთან არიან დაკავშირებულნი. ანალოგიურად, მიხეილ ბუცხრიკიძე, რომელიც ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო, ამბობს, რომ ის თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც უბრალოდ, როგორც მოქალაქემ აზრი დააფიქსირა.
14:00 – სოლიდარობა ტყიბულის მაღაროელებს: საპროტესტო აქცია დასავლეთ საქართველოში
ტყიბულში მაღაროელების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია იმართება ლოზუნგით „სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს“. აქციის მონაწილეები აღშფოთებას გამოთქვამენ „Coal of Georgia“-ს მიერ 38 მაღაროელის სავარაუდო დათხოვნის გამო. აქციის მონაწილეების თქმით, გათავისუფლებული მუშაკები პოლიტიკური მიზეზების გამო გახდნენ სამიზნე მას შემდეგ, რაც ღიად გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და დაგმეს ძალადობა და სისასტიკე „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ხუთშაბათი, 2 იანვარი
22:10 – აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება
რუსთაველის გამზირზე ბედობის დღეს საპროტესტო აქცია უკვე 36-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეები ახალი წლის ოჯახთან ერთად აღნიშვნის ნაცვლად თბილისის ცენტრში იკრიბებიან. გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა.

01:16 – აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე „ბედობის“ აღნიშვნას გეგმავენ
2 იანვარს ფეისბუქის ჯგუფ „დაიტოვეში“ პოსტი გამოქვეყნდა რუსთაველის გამზირზე „ბედობის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით. „წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან“, – ნათქვამია პოსტში.
ოთხშაბათი, 1 იანვარი
23:35 – ზურაბიშვილი ფეისბუქის პოსტში ქართველების გამძლეობის შესახებ არასწორ შეფასებებს აკრიტიკებს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პოსტში იმ პირებს გამოეხმაურა, ვინც იმედოვნებდა, რომ საპროტესტო მუხტი განელდებოდა ახალი წლის შემდეგ და აღნიშნა, რომ მათ ვერ გათვალეს საერთაშორისო და ადგილობრივი რეაგირება „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე. „ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
This post is also available in: English Русский