
ქალი პოლიტიკოსები საერთაშორისო საზოგადოებას მზია ამაღლობელის გათავისუფლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
საქართველოს ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ წერილში მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს „ნებისმიერი პლატფორმა“ ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, თუ ეს შესაძლებელია ჰეშთეგის #თავისუფლება მზიას გამოყენებით, ასევე მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც „ივანიშვილის რეჟიმს“ უწოდებენ, შეწყვიტოს რეპრესიები თავისუფალი პრესის წინააღმდეგ, მათ შორის, მთავრობისთვის გამოყოფილი გაყინული სახსრების სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის გადამისამართებით; და მოუწოდონ თავიანთ დიპლომატიურ მისიებს საქართველოში დაესწრონ ამაღლობელის სასამართლო პროცესებს.
ერთ-ერთმა ხელმომწერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ წერილი გაეგზავნება საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს სხვა პარტნიორებს.
წერილში ნათქვამია, რომ საქართველოში „მძიმე“ მდგომარეობაა და ხაზგასმულია, რომ ამაღლობელის დაკავება არის შეხსენება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ბედი კრიზისის გაღრმავებასთან ერთად უარესდება.
მზია ამაღლობელი საქართველოში ორი ონლაინ მედია გამოცემის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. წერილის ხელმომწერები თვლიან, რომ ამაღლობელი „მიზანში თავისი საქმიანობის გამო ამოიღეს“ და გასულ წელს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ, იგი „ივანიშვილის რეჟიმის მიერაა სტიგმატიზებული”.
ამაღლობელი 12 იანვარს ორჯერ დააკავეს, ერთხელ საყოველთაო გაფიცვის მოწოდების თაობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რის გამოც მას ადმინისტრაციული ბრალი წარუდგინეს, ხოლო მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სახეში გარტყმისთვის. ამჯერად, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
წერილში ასევე საუბარია ვიდეო კადრებზე, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე ამაღლობელს დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებით ემუქრება. წერილის თანახმად, ეს ვიდეო აჩვენებს „მის სიძულვილს თავისუფალი და პროფესიონალური პრესის მიმართ“. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „დგებუაძე პირადად ჩაერია, რათა მას [საპატიმროში] არ ჰქონოდა წვდომა სასმელ წყალსა და საპირფარეშოზე“.
პოლიტიკოსები ქალები საერთაშორისო საზოგადოებას ახსენებენ, რომ ამაღლობელმა ციხეში შიმშილობა დაიწყო.
„ყოველი დღე, რომელიც გადის, არის დღე, როდესაც კრიზისის „ნორმალიზება“ ხდება და ამ ტიპის დაკავება საქართველოსთვის „ახალ ნორმად“ იქცევა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ნორმალური. ჩვენ გავიარეთ გზაჯვარედინზე და ახლა პირდაპირ მივდივართ სრული ავტორიტარიზმისკენ, თუ დემოკრატიის მეგობრები არ გაერთიანდებიან. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“, – ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერენ: თეონა აქუბარდია (გახარია საქართველოსთვის); თინა ბოკუჩავა (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა); ხატია დეკანოიძე (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა); სოფო ჯაფარიძე (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა); ეკა ხერხეულიძე (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა); ელენე ხოშტარია (კოალიცია ცვლილებისთვის); თამარ კორძაია (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა); ანა ნაცვლიშვილი (ძლიერი საქართველო); სალომე სამადაშვილი (ძლიერი საქართველო); ხათუნა სამნიძე (კოალიცია ცვლილებისთვის); ანა წითლიძე (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა); და ქეთევან თურაზაშვილი (ძლიერი საქართველო).
ასევე წაიკითხეთ:
- 21/01/2025 – სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის სარჩელი დაუშვებლად ცნო და ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა
- 20/01/2025 – საია: მზია ამაღლობელის სისხლისსამართლევრივი დევნა პოლიტიკური რეპრესიაა
- 19/01/2025 – უფლებადამცველები: ამაღლობელის საქმე დამოუკიდებელი პრესის დევნის მაუწყებელია
- 15/01/2025 – მედიასაშუალებები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით გაიფიცნენ
- 14/01/2025 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)