skip to content
ახალი ამბები

საია: მზია ამაღლობელის სისხლისსამართლევრივი დევნა პოლიტიკური რეპრესიაა

„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დაკავებული დირექტორის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად საქართველოს მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ ამაღლობელის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა „უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს“.

საია პოლიტიკური დევნის მტკიცებულებებს ასახელებს:

ადმინისტრაციული წესით თვითნებური დაკავება

საიას თქმით, სტიკერების გაკვრა, რასაც თავდაპირველად, 11 იანვრის საღამოს, მზია ამაღლობელის დაკავება მოყვა, არ წარმოადგენს სამართლებრივ დარღვევას. ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან ან რესურსებთან, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება“. საია აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ გაემართლებინა თვითნებური დაკავება, დაკავების ოქმი პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, თუმცა, „ამ დრომდე არ არის შედგენილი უშუალოდ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოს დაუდასტურებია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი“.

სისხლის სამართლის უკანონო ბრალდება

საიამ განაცხადა, რომ ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ ადასტურებს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის (პოლიციელზე თავდასხმა) კვალიფიკაციას. იმისათვის, რომ ქმედება ამ მუხლად დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს ამ მუხლისათვის დამახასიათებელი საკვანძო გარემოებები, როგორიცაა თავდასხმა, როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი აქტი; თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით; და თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. თუმცა 12 იანვარს ამაღლობელის დაკავების საქმეში, როდესაც მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალი წარუდგინეს, არც ერთი ეს გარემოება არ იკვეთება.

„მზია ამაღლობელის ქმედებას, არ შეეძლო ფიზიკური ტკივილის გამოწვევაც კი, რაც გამორიცხავს სისხლის სამართლის ბრალდებას არამარტო ამ მუხლით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, უფრო მსუბუქი მუხლებითაც“, – აცხადებს საია. „ამდენად, მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი ბრალდება ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს“.

პროცედურული დარღვევები

საია ასევე ხაზს უსვამს საქმეში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ვინაიდან „სასამართლომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე, რომ ჯერ არც დაკავების კანონიერების საკითხია დადგენილი და არც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამით, მოსამართლემ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოავლინა აშკარა მიკერძოება პროკურატურის სასარგებლოდ“.

საქმემ პროცედურული დარღვევების თაობაზე შეშფოთებაც გამოიწვია: საიას განცხადებით, ადგილი ჰქონდა საპროცესო ვადების დარღვევას, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, კანონმდებლობის ეს უპირობო მოთხოვნა არ შესრულდა. სასამართლომ საჩივრის გაგზავნა 4 დღით შეაფერხა.

ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა

საია არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებზეც ამახვილებს ყურადღებას. მეორე დაკავების შემდეგ პოლიციის შენობაში შეყვანამდე, დგებუაძემ მას ეზოში რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დაემუქრა.

ამაღლობელის ინფორმაციით, დაკავებისას დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა და ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა სხვა პოლიციელებმა ის შეაჩერეს. „ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა“, – აცხადებს საია. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო.

პატიმრობის უკანონოდ გამოყენება

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ იყო „დაუსაბუთებელი“ და ეფუძნებოდა „ბრალდების მხარის აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ პოზიციას ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის არსებობის შესახებ“. როგორც ბრალდების მხარემ, ისე სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს აღკვეთი ღონისძიების ალტერნატიულ სახეს.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის ალტერნატივად უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. სასამართლომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე, რომ ჯერ არც დაკავების კანონიერების საკითხია დადგენილი და არც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამით, მოსამართლემ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოავლინა აშკარა მიკერძოება პროკურატურის სასარგებლოდ“, –  აცხადებს საია.

 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე

12 იანვარს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეცნობა ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ, რაც საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად. თუმცა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, ე.წ. ,,მოკვლევის“ პროცესი დაიწყო, რომელიც არ წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას, აცხადებს საია. 15 იანვარს, მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. სამსახურმა მხოლოდ საიას მიერ ოფიციალური განცხადების შეტანის შემდეგ, 20 იანვარს დაადასტურა გამოძიების დაწყება. ამ დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი, აცხადებს საია.


20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი დაკავებისადმი პროტესტის ნიშნად უკვე ერთი კვირაა შიმშილობს.

ამაღლობელმა ციხიდან 20 იანვარს წერილი გამოაგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების „რეპრესიული, მოღალატეობრივი და ძალადობრივი“ ქმედებები ძირს უთხრის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებებს და დასძინა, რომ მიმდინარე მოვლენები „დიქტატურის დამყარებაზე“ მიუთითებს.

თავის წერილში იგი მოუწოდებს ქართველებს გაერთიანდნენ და „იბრძოლონ, სანამ გვიანი არ არის“. „იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, – წერს ამაღლობელი.

20 იანვარს ჟურნალისტებმა და ამაღლობელის კოლეგებმა საპროტესტო აქცია გამართეს ჯერ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ, შემდეგ კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან. აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან კოკა კაციტაძესთან შეხვედრას, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გადადგომას მოითხოვდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button