skip to content
ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის სარჩელი დაუშვებლად ცნო და ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 21 იანვარს მზია ამაღლობელის სარჩელი დაუშვებლად ცნო და ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მანამდე, ამაღლობელის ადვოკატებმა პატიმრობის შეფარდების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორს მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მან ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემდეგ სახეში ხელი დაარტყა. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამაღლობელის საქმე დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკური რეპრესიების მაგალითია.

ამაღლობელის ადვოკატებს ქუთაისის სასამართლოს მხრიდან მისი გადაწყვეტილების დასაბუთება ჯერ არ მიუღიათ. „როგორ გავაგრძელებთ დავას, ამასზე ვიმსჯელებთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა პაატა დიასამიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს სახალხო დამცველმა 16 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.

მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. 20 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button