skip to content
ახალი ამბები

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან

30 ოქტომბერს ევროკომისიამ საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა. „სამოქალაქო საქართველო“ ანგარიშზე ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდი

შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება“: „ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ ამ პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს. აქვე მინდა შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინს „ევროინტეგრაციის შეჩერება“, „გაყინვა“ თუ სხვა მსგავსი ტერმინები. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია. ის არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესში, არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა“.

მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: „წარმოდგენილი ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.. საქართველო ევროკავშირთან დაახლოების უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს და შეიქმნება მტკიცე საფუძველი, რათა 2030 წელს კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მზად საქართველო იყოს ევროკავშირში წევრობისთვის“.  

ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში ბოლო 12 თვის განმავლობაში. ამრიგად, მრავალი ბრალდებებისა და ვარაუდების საპირისპიროდ, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე და ფუნდამენტური უფლებების თავში კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვასა და უკრაინას“.

ოპოზიცია

ნიკა გვარამია, „ახალი“: „ეს მოსალოდნელი იყო. არჩევნებთან დაკავშირებული ამგვარი ქმედებების შემთხვევაში ჩვენ რომ გაგვიჩერდებოდა ევროინტეგრაციის პროცესი სავსებით ცხადი იყო.  ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს იმის, რომ ვიზა- ლიბერალიზაციაც შეჩერდეს, იმიტომ რომ ასეთი მძიმე განცხადებები როგორც  წესი ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება ქვეყნებისთვის… გამოსავალი არის ჩვენში, პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და რაც მთავარია ხალხი უნდა შეიკრას. მოკავშირედ ჩვენ გვყავს ერთადერთი დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტის სახით. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა გავიდეთ ფონს“.

თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ევროკავშირის გაფართოების ანგარიში იყო უმძიმესი განაჩენი, სადაც ღიად არის ნათქვამი რომ ამ მოცემულობაში ევროკავშირი გაფართოების პროცესში არ განიხილავს საქართველოს გაწევრიანების საკითხს, რადგან ივანიშვილმა რუსული კანონებით, რუსული მოქმედებით, მათ შორის რუსული სპეცოპერაციით, სადაც ქართველ ხალხს წაართვა თავისუფალი არჩევანი და  ევროპული მომავალი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადად ჩახერგა. ამისთვის აუცილებელია ხელახალი არჩევნები“.

ანა ნაცვლიშვილი, „ძლიერი საქართველო“: „რა ენაზე უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ხალხს… რამდენჯერ უნდა შეგვატყობინონ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირთან დაახლოების შანსი და ჩვენი ევროკავშირთან გაწევრიანების ნულს უტოლდება. დღეს, ჩვენი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ საერთაშორისო არაღიარება იმ მახინჯი არჩევნების, რომელიც ვიხილეთ, რომლის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობის ნება ხელისუფლებამ უბრალოდ ჩაიჯიბა, მოიტაცა და ეს მოიტაცა ცალსახად რუსული სპეცსამსახურების დახმარებით და მხარდაჭერით“.   

თეონა აქუბარდია, „გახარია საქართველოსთვის“: „პირველი, რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილის ოცნებამ ევროპიდან წამოსული გზავნილების მანიპულაცია, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, სინამდვილეში ყველაფერი არის ძალიან ცუდად  და ეს ჩანდა როგორც გაფართოების ანგარიშში… ასევე ჟოზეფ ბორელის განცხადებიდან… გზავნილების იდენტურობა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის… არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებისადმი ნდობა დაბრუნდეს და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი დაბრუნდეს, რომელიც დახურული რომ არის კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ივანიშვილის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, მათ შორის არჩევნების არათავისუფალ და არასამართლიანი ჩატარების შედეგად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button