skip to content
ახალი ამბები

სიახლეების ბლოგი | წინააღმდეგობა | ხელოვნებათმცოდნეების საპროტესტო აქცია თბილისში

მასობრივ პროტესტს, რომელიც „2028 წლამდე“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადების შემდეგ 28 ნოემბერს დაიწყო, პოლიციის სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. მას შემდეგ ქართველები მთელი ქვეყნის მასშტაბით წინააღმდეგობის აქციებს მართავენ. ის, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილების წინააღმდეგ პროტესტით დაიწყო, გრძელდება როგორც ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ძალისხმევა ქვეყნის კონსტიტუციური კანონიერების გზაზე დასაბრუნებლად. „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და მისი არჩეული მთავრობის ლეგიტიმურობა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სადავოა, ვინაიდან არჩევნები გაყალბებულად მიიჩნევა (იხ. წინა სიახლეების ბლოგი).


პარასკევი, 13 დეკემბერი

16:57 – პროკურატურამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი დაზარალებულად ცნო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული 7 დეკემბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო. საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. სამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა ოთხი პირის: გ.ლ.-ს,  ლ.თ.-ს, გ.კ.-ს და  ზ.ძ.-ს  პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მათი კუთვნილი ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები. მოხდა დასახელებული პირების და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა. ეჭვმიტანილთა გადაადგილების მარშრუტის დასადგენად შემოწმდა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და ძველი თბილისის რაიონის სხვადასხვა ქუჩებზე განთავსებული 35 ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. გამოძიება გრძელდება, აცხადებს სამსახური.

14:00 – ქართულმა ბიზნეს კომპანიებმა „ქართულ ოცნებას“ 16 მილიონი ლარი შესწირეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, ზოგიერთი კომპანია აგრძელებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას და ბოლო არჩევნებზე მათ მმართველ პარტიას 16 მილიონი ლარი შესწირეს. ამავე ინფორმაციით, 28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა და საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა 13-მა ბიზნეს ასოციაციამ. ინდივიდუალურად საპროტესტო განცხადება გაავრცელა 70-მდე მსხვილმა და საშუალო ბიზნესმა. ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა; 300-ზე მეტმა მეწარმემ უარი თქვა საახალწლო  ბაზრობებში და ღონისძიებებში მონაწილეობაზე.

ორგანიზაციის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან, პარტიაზე ყველზე მეტი თანხა აქვს შეწირული შემდეგ დონორებს:

  • „არ ემ ჯი გოლდის“ ყოფილი დირექტორი, დავით ბალანჩივაძე – 472 ათასი ლარი
  • „გზა“, გიორგი ჭყონია – 460 ათასი ლარი
  • „ქართუ ჯგუფი“, ნატო ხაინდრავა – 448 ათასი ლარი
  • „ლილო-მოლი“, გია ანდღულაძე – 397 ათასი ლარი
  • „მარნისკარი“, ვაჟა ციგროშვილი – 379 ათასი ლარი
  • „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ზურაბ ჩხაიძე – 300 ათასი ლარი
  • „დუგლაძეების ღვინის კომპანია”, დავით დუგლაძე – 282 ათასი ლარი
  • „კ და ქართული სპირტი“, ირაკლი ბექაური – 267 ათასი ლარი

13:40 – აუდიტის, ფინანსური და ტექნიკური სფეროების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

აქციის მონაწილეები აუდიტისა და ფინანსური სფეროებიდან, ტექნიკური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მსვლელობას მართავენ და თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. დემონსტრაცია სოლიდარობის გამოხატულებაა, რა დროსაც სხვადასხვა ჯგუფები იკრიბებიან და თავიანთ შეშფოთებას გამოხატავენ.

12:30 – მეწარმეები „აწარმოე საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ

მეწარმეები უზნაძის ქუჩაზე მდებარე „აწარმოე საქართველოში“-ს ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ და ახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ მოუწოდეს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს გვერდში დაუდგნენ მათ და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

12:00 – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში დანაშაულისა და რეპრესიების დოკუმენტირებას იწყებენ

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი დანაშაულისა და სხვა სახის რეპრესიების დოკუმენტირების პროცესს იწყებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე, სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა, შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე“. მან მოუწოდა დაზარალებულებს მიაწოდონ ინფორმაცია და დაარწმუნა ისინი, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურად იქნება დამუშავებული. „თუ თქვენ განგიცდიათ, ან გახდით სხვადასხვა ძალადობის, მათ შორის წამების მსხვერპლი ან მოწმე, გთხოვთ შეავსოთ ის ფორმა, რომელსაც ჩვენ საჯაროდ დავდებთ, ან მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია მეილის მეშვეობით – evidence@gyla.ge “, – განაცხადა მან. მისივე თქმით, შეგროვებული მტკიცებულებები, მსხვერპლთა თანხმობით, გამოყენებული იქნება დარღვევების მასშტაბის შესასწავლად, საქმეების მოსამზადებლად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, გაეროს ხელშეკრულების ორგანოებისა და, პოტენციურად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის.

11:25 – ოპოზიციის ლიდერები ტელეკომპანია „იმედს“ აკრიტიკებენ, როგორც ივანიშვილის პროპაგანდის ინსტრუმენტს

ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ დღეს ბრიფინგი გამართა ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრის ფარგლებში, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ გუშინ დაწყებულ გამოძიებას ეხებოდა. მათ არხს „ივანიშვილის რეპრესიული და პროპაგანდისტული მექანიზმი“ უწოდეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა შეწყვიტა თანამშრომლობა საქართველოსთან, პრორუსული ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ განხილვები და დებატები კიდევ ერთი გზავნილია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ არის ივანიშვილის ბერკეტი მათ წინააღმდეგ. „პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და ტელეკომპანია „იმედმა“ უნდა იცოდნენ, რომ რუსული პროპაგანდა, ძალადობის წახალისება არ დარჩება დაუსჯელი“, – განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.

11:15 – IT სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანთან საპროტესტო აქციას მართავენ

IT სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანთან ზედიზედ მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ რეპრესიულ რეჟიმს და ქვეყნის ანტიდემოკრატიულ ტრაექტორიას. „ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მომიტინგემ.

ხუთშაბათი, 12 დეკემბერი

21:38 – პოეტ ზვიად რატიანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

პოეტ ზვიად რატიანს საკუთარი სახლის წინ ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე რატიანს სპეცრაზმის წარმომადგენლები დაესხნენ თავს, რის შემდეგაც იგი დააკავეს და მან 8-დღიანი პატიმრობა მოიხადა.

19:15 – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საერთაშორისო ქმედებაა საჭირო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შესაჩერებლად

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი: „სასწრაფოდ საჭიროა საერთაშორისო ქმედება, რათა შეწყდეს სასტიკი ძალადობა ქართველ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. დანია მუშაობს პარტნიორებთან კონკრეტულ ზომებზე“.

18:09 – ბრიტანელი დეპუტატი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანიის გამოძიებაზე დებატებისკენ მოუწოდებს

დეპუტატმა ბლერ მაკდუგალმა გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში დააყენა საკითხი ეროვნული კრიმინალური სააგენტოს (NCA) მიერ კომპანია Hunnewell Partners-ის ფუნქციონირების გამოძიების მიზანშეწონილობის შესახებ. ეს უკანასკნელი საკონტროლო პაკეტს ფლობს ტელეკომპანია „იმედში“, რომელსაც დეპუტატმა „ქართული ოცნების“ „მთავარი პროპაგანდისტული იარაღი“ უწოდა.

17:30 – ესტონელი დეპუტატი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიხელსონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტია საქართველოში და ხაზი გაუსვა, რომ ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი პრეზიდენტის ასარჩევად. მისი თქმით, „დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა განაცხადონ, რომ არ ცნობენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დაგეგმილ გადაწყვეტილებას შაბათს ახალი პრეზიდენტის არჩევის შესახებ. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი პრეზიდენტი ზურაბიშვილია. საკონსტიტუციო კრიზისის მოსაგვარებლად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, პირველ რიგში, საჭიროა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება“.

15:53 ​​ რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა ქუჩიდან აიყვანეს და, სავარაუდოდ, დააკავეს

მეგობრების თქმით, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი ვატო ბჟალავა ქუჩიდან (სავარაუდოდ პოლიციელებმა) აიყვანეს, როდესაც ის ძაღლს ასეირნებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი ახლოს მდებარე ხეზე მიაბეს და მარტო დატოვეს. ოჯახი მას დაკავების იზოლატორებში ეძებს. რონდელის ფონდმა „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ ბჟალავა, სავარაუდოდ, დაკავებულია და რომ ამ ინციდენტზე ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. მეგობრები აცხადებენ, რომ ის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული (სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).

15:05 – პოლონელი ევროპარლამენტარი საქართველოში არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და „უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა“. „ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ“, – განაცხადა მან.

15:00 – იუკნევიჩიანე ზურაბიშვილის ევროპული ხედვის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს

ევროპარლამენტის წევრმა რასა იუკნევიჩიანემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ და განაცხადა: „ეს გადამწყვეტი მომენტია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ზურაბიშვილს მის მცდელობაში, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დააბრუნოს“.

14:12 – ოპოზიციური ძალები სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებენ და პარლამენტს არ ცნობენ

ერთობლივ განცხადებაში სამმა ოპოზიციურმა ძალამ, კერძოდ, “კოალიციამ ცვლილებისთვის”, “ძლიერმა საქართველომ” და “ერთოანობა-ნაციონალურმა მოიძრაობამ”, აღნიშნა, რომ ისინი არ ცნობენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და ივანიშვილი „საქართველოს მოქალაქეების და ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ კონსტიტუციური გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულეს. მათ განაცხადეს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის უფლება არა აქვს. „ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელად საგარეო ურთიერთობებში“, – ნათქვამია განცხადებაში. ოპოზიციამ ასევე დაგმო მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.

13:00 – IT სპეციალისტების პროტესტი

IT სპეციალისტებმა პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მათ დაგმეს აქციების სასტიკი დარბევა, პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. IT სპეციალისტებმა ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.

12:15 – ფინანსისტები კონსტიტუციაში ასახული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ითხოვენ

ფინანსისტებმა და მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც გმობენ ევროკავშირში ინტეგრაციის ძალისხმევის შეჩერებას და საქართველოს კონსტიტუციაში ასახული საგარეო პოლიტიკის განხორციელებისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ასევე გაკრიტიკებულია საქართველოს მოქალაქეების მიმართ უხეში მოპყრობა, მათ შორის უკანონო დაკავებები და დაკავებულთა ფიზიკური შეურაცხყოფა. ისინი დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, დევნის შეწყვეტასა და კანონით გარანტირებულ მოქალაქეთა შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვას მოითხოვენ.

11:15 – მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 23 დეკემბრამდე გადადო

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 23 დეკემბრამდე გადადო. მოსამართლემ გვარამიას საქმე 3 წუთში განიხილადა და მოპასუხე მხარის არ დასწრების გამო სხდომა გადადო. გვარამია, რომელსაც 17 ნოემბრის აქციაზე ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული ბრალდება აქვს წარდგენილი, მომდევნო სხდომამდე დროებითი დაკავების იზოლატორში დარჩება.

11:00 – ოპოზიციური ძალების ლიდერები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

ოპოზიციური ძალების „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდნენ და მათთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს. დეტალები უცნობია, რადგან შეხვედრა დახურული იყო. ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ გუშინ X-ზე დაწერა, რომ ვიზიტი მიზნად ისახავს „ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველებისთვის სოლიდარობის გამოხატვას“. ასევე დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

10:26 – შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.

00:09 – პარლამენტმა უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ გააუქმა

საქართველოს პარლამენტმა განაცხადა, რომ 12 დეკემბრიდან გაუქმებულია პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე. მანამდე, 6 დეკემბერს, პარლამენტმა უსაფრთხოების უფრო მკაცრი, „წითელი დონე“ გააუქმა.

ოთხშაბათი, 11 დეკემბერი

22:30 – აშშ-ის ელჩი ხაზს უსვამს მედიის როლს დემოკრატიის საქმეში, გმობს ძალადობას

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, რათა ხაზი გაესვა მედიის მნიშვნელოვანი როლისთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში. შეხვედრაზე ელჩმა დაგმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის შედეგად ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა ძალადობისა და რეპრესიის შიშის გარეშე, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

20:30 – აქციის კიდევ ერთი მონაწილე 2 500 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი 4 დეკემბერს პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ 2 500 ლარით დააჯარიმა. იგი პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული ბრალდებით (მუხლი 173) დააკავეს. ექიმს თავდაპირველად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სახლში მიაკითხეს და დაკითხვაზე დაიბარეს. მეორე დღეს, 4 დეკემბერს, პოლიცია მას ნუცუბიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდა და საკუთარი მანქანიდან გაიტაცა, როცა ის საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

20:20 – ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრები საბა ბირკაია და ირაკლი არდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ოპოზიციური „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საბა ბირკაია და ირაკლი არდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

20:15 – საპროტესტო აქციის მე-14 დღე ქუთაისში: მოწოდებები ევროპული მომავლისა და ახალი არჩევნებისკენ

ქუთაისში საპროტესტო აქციები უკვე მეთოთხმეტე დღეა გრძელდება. დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან.  მათი გზავნილი ნათელია: ისინი უარს აცხადებენ რუსულ გავლენაზე და ახალგაზრდებისთვის ევროპული მომავალი სურთ. აქციის მონაწილეები უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

20:00 – თბილისში საჯარო მოხელეების აქცია იმართევა, კოლეგებს შეერთებისკენ მოუწოდებენ

საჯარო სექტორში ჯერ კიდევ მომუშავე საჯარო მოხელეები, იმ პირებთან ერთად, რომელთაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობები დატოვეს, რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და რუსთაველის გამზირზე მსვლელობას გეგმავენ. ისინი მკაფიო გზავნილს უგზავნიან საჯარო მოხელეებს, რომლებიც თავს შეშინებულად გრძნობენ და არ შეუძლიათ ხმამაღლა ისაუბრონ, და მოუწოდებენ მათ შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს.

19:50 – სახალხო დამცველი საჯარო მოსამსახურეთა შრომით უფლებებსა და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს

სახალხო დამცველი ეხმიანება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა მიმართვას, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე და საჯარო მოხელეებს ამ უფლებით სარგებლობის კონსტიტუციური უფლება აქვთ. მისი თქმით, საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებთან და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობას და საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეახსენებს, რომ დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს, ხოლო მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობებს საზოგადოებას.

18:35 – სახალხო დამცველი: იზოლატორებში გამოკითხული 352 პირიდან, 226 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, 157-ს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით მისმა წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 პირი. მათგან 226 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, 157-ს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

18:20 – საქართველოს პარლამენტი უმაღლესი თანამდებობის პირებს ვადის ამოწურვის შემდეგ დაცვას უზღუდავს

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია. ცვლილებებს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

18:00 – სახალხო დამცველმა გაეროს წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებები და პროტესტთან დაკავშირებული შეშფოთება განიხილა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ასევე სახალხო დამცველის აპარატის როლს აქციაზე დაკავებულთა და დაშავებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ყურადღება გაამახვილეს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლისა და მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების საკითხებზე.

17:00 – ახალი კანონპროექტი მე-11 მოწვევის პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს

დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ ახალი კანონპროექტი წარადგინა. შემოთავაზებული ცვლილებებით, ისევე როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება მე-11 მოწვევის პარლამენტშიც იქნება შესაძლებელი. თუ ერთი პარტიული სიით არჩეული წევრები დატოვებენ თავიანთ პარტიას და დარჩება მინიმუმ 7 დეპუტატი, მათ შეეძლებათ პოლიტიკური ჯგუფის ფორმირება, რომელსაც ეყოლება თავმჯდომარე და ფრაქციის მსგავსად, შეუძლია აირჩიოს თავმჯდომარის ორი მოადგილე იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის წევრთა რაოდენობა 7-ს გადააჭარბებს. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

16:52 – სტუდენტები და პროფესორები განათლების პოლიტიკას სამინისტროს წინ აპროტესტებენ

სტუდენტები და პროფესორები განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ მთავრობის პოლიტიკა, რომელიც „ძირს უთხრის აკადემიურ ხარისხს და ევროპულ ინტეგრაციას“. აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ბანერები წარწერით „არა რუსულ დიპლომებს!“, „კენწეროში გატკბილდების“ და სკანდირებენ „გაიფიცე!” და „დიდება საქართველოს!” „ჩვენ არ გვინდა რუსული დიპლომები და გვინდა ევროპული დიპლომები, თავისუფალი განათლება“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა. მოგვიანებით ისინი რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდებიან.

16:40 – ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს და ოთხ სტუდენტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანს მამუკა ჯორბენაძეს და ამავე უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

13:12 – არასამთავრობოები საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეების სასამართლო დარღვევებზე საუბრობენ და მოსამართლეებს ასახელებენ

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადების მიხედვით, ბოლო საპროტესტო აქციების დროს 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 430-ს ადმინისტრაციული ბრალი წარუდგინეს, ხოლო 36-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „სამართლიანი სასამართლოს პრინციპი“ დაირღვა. მათი თქმით, მოსამართლეები არ დაინტერესებულან დაკავებულებზე ძალადობის შემთხვევებით, გააჩუმეს ისინი და განაცხადეს, რომ ცემის შემთხვევები მათ განხილვის ფარგლებში არ შედიოდა. განცხადებაში კონკრეტულად დასახელებულია მოსამართლეები: ლელა გილდენბერგერი, ზვიად ცეკვავა, ლელა ჩაგარეიშვილი, კობა ჩაგუნავა, მანუჩარ ცაცუა და ნინო ენუქიძე, რომლებიც დაკავებულთა საქმეების განხილვისას ნაწამებ პირთა წინააღმდეგ „რეპრესიებში“ მონაწილეობდნენ.

10:54 – პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობისთვის ხუთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, 3 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად  სცემეს ორ პირს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. ხუთივე პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

10:53 – „ქართული ოცნების“ დეპუტატი გორდულაძე აქციებზე ლაზერების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქციების დროს ლაზერების გამოყენების აკრძალვის ინიციატივა წარუდგინა. „პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად გამოიყენება ლაზერები, სანათები შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მოხდეს შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენცია. ხშირად არის გამოყენებული ეს ლაზერები იმისათვის, რომ მინათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. ამავდროულად, შესაძლებლობა ნაკლები აქვთ მოხელე სამართალდამცავებს, რომ თავიანთ საქმიანობა განახორციელონ, მაშინ როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს,“ – განაცხადა გორდულაძემ.

სამშაბათი, 10 დეკემბერი

23:50 – მილერი სანქციებზე: თქვენ მოგიწევთ დალოდება, სანამ მათ გამოვაცხადებთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი: „არ ვაპირებ ვისაუბრო რაიმე პოტენციურ სანქციებზე, რომლებსაც ჩვენ დავუწესებთ ქართველ ოფიციალურ პირებს ან ინდივიდუალ პირებს საქართველოში. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილებით. თქვენ იხილეთ მდივნის განცხადება გასულ კვირას, სადაც მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის ახალი სანქციების დაწესება, რათა საქართველოს პასუხი ვაგებინოთ ამ ნაბიჯებზე. რაც შეეხება მათ, ვისაც ეს სანქციები შეეხება – თქვენ მოგიწევთ დალოდება, სანამ მათ გამოვაცხადებთ“.

19:17 – პროკურატურამ რუსთაველზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის ერთ პირს ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის თქმით, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

15:00 – არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში დაკავებების, წამებისა და წარუმატებელი სასამართლოს საგანგაშო მასშტაბებზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, 28 ნოემბრიდან დღემდე საქართველოში 460-ზე მეტი პირია დაკავებული, მათგან 430 ადმინისტრაციული, 31 კი სისხლის სამართლის ბრალდებით. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 300-ზე მეტი ადამიანი აწამეს ან არასათანადოდ მოეპყრნენ, 80-ზე მეტს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დაკავებულებს ხშირად ემუქრებათ მკაცრი სასჯელი, მათ შორის ჯარიმა 2000-3000 ლარის ოდენობით და 4-14 დღიანი პატიმრობა. თბილისის დაკავების იზოლატორებში გადატვირთულობის გამო ბევრი დაკავებული სხვა რეგიონებშია გადაყვანილი. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად უწევენ იურიდიულ დახმარებას დაკავებულ მომიტინგეებს, გმობენ წამებისა და სისასტიკის ფართოდ გამოყენებას. მონაცემები რეპრესიების, უკანონო დაპატიმრებებისა და ჩხრეკის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მიეწოდება.

14:30 – სახალხო დამცველი საპროტესტო აქციაზე დაკავებულებთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მისი აპარატის თანამშრომლები 327-ზე მეტი დაკავებული მოინახულა, მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს 225 პირი, ხოლო ხილული დაზიანება აღენიშნება 157 პირს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“, – განაცხადა იოსელიანმა.

ბოლოდროინდელ ინციდენტებზე საუბრისას, სახალხო დამცველმა მკაცრად დაგმო ჟურნალისტებზე თავდასხმა: „დაუშვებელია ის, რაც ვიხილეთ ბოლო დღეებში რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და გაუსწორდნენ უსასტიკესი მეთოდებით. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას გამოძიებული, ყველა ამ შემთხვევაზე ადამიანებმა, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინეს, უნდა აგონ პასუხი“. იოსელიანმა მადლობა გადაუხადა რთულ პირობებში მომუშავე ჟურნალისტებს და მოუწოდა როგორც ხელისუფლებას, ასევე აქციის მონაწილეებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება.

14:05 – აქცია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაკავებული თანატოლებისა და დეკანის მამუკა ჯორბენიძის მიმართ სოლიდარობის ნიშნად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულია, რითიც ხაზს უსვამენ შეშფოთებას აკადემიური თავისუფლებისა და პოლიტიკური ჩაგვრის თაობაზე.

12:46 – ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექიმ გიორგი ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა განაცხადა, რომ ახობაძემ უკანონოდ შეიძინა 3 გრამზე მეტი „ალფა პევეპე“. მისივე თქმით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა. ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-ფლობისთვის, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული გირაო 30 000 ლარის ოდენობით და პოლიტიკოსების (მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის) თავდებობით დაკავებულის გათავისუფლება. დაცვის მხარე, რომელსაც ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე წარმოადგენს, ბრალდებას აპროტესტებს და ამტკიცებს, რომ დაპატიმრების ორდერი და დაკავების ოქმი უკანონოა და არ გააჩნია ვიდეო მტკიცებულება. ახობაძე ბრალდებას უარყოფს და შიმშილობს. მისი თქმით, მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც მის სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.

11:00 – ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ რეჟიმზე სანქციების დაწესებას მოითხოვს

„ოთხივე პარტია ვმუშაობთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დასავლეთმა დაუწესოს სანქციები იმ ადამიანებს, ვინც პირდაპირ ჩართულია ძალადობაში“, განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე. მისი თქმით, ქართველი ხალხი აგრძელებს თავისი ევროპული მომავლის დაცვას და „ახლა ჯერი ევროკავშირსა და აშშ -ზეა, რომ დაიცვას ჩვენი მომავალი და მოქალაქეები, დაცვაში სანქციები და სისტემის მორყევა იგულისხმება“. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ სანქციების საგანი იყო ის მძიმე დარღვევები ფუნდამენტური უფლებების კუთხით, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი ახორციელებს“, – განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.

03:12 – საია თბილისში 10 შესაძლო დაკავების შესახებ იტყობინება, მათ შორის ერთის სისხლის სამართლის ბრალდებით

საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ცხელ ხაზზე წუხელ თბილისში 10 პირის შესაძლო დაკავების შესახებ შევიდა ზარი. მათ შორის, გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

ორშაბათი, 9 დეკემბერი

21:05 – ჯო უილსონი „ქართულ ოცნების“ მაღალჩინოსნების დაუყონებლივი სანქცირებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა განაცხადა, რომ „საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება აგრძელებს ქართველების სასტიკ დარბევას. მოვუწოდებ სასწრაფოდ დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელდასმულებზე „ქართულ ოცნებაში“. ჩვენ ვერ ვიდგებით გვერდით და ვერ დავუშვებთ საქართველოს დიქტატურაში გადავარდნას, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“.

19:00 – პოლიციამ ბათუმში ხუთი მომიტინგე დააკავა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, თუმცა ამის საშუალება მათ არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, რის გამოც ამავე უნივერსიტეტის დეკანმა ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დეკანი და მისი სტუდენტები მოგვიანებით უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ ლექტორის მეუღლესა და მის მეგობარს.

18:00 – აქტივისტ სანდრო ქინქლაძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლის აქტივისტს სანდრო ქინქლაძეს პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. იგი 8 დეკემბერს ქუჩაში მეგობართან სტუმრობის შემდეგ დააკავეს. მისი თქმით, ზოგიერთ პოლიციელს, ვინც ის დააკავა, ფორმა არ ეცვა.

17:31 – საპროტესტო აქცია ტელეკომპანია „იმედთან“ ცალმხრივი გაშუქების წინააღმდეგ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები და მხარდამჭერები ტელეკომპანია „იმედის“ წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედი“ ამჟამად ხელისუფლების პროპაგანდის მთავარი იარაღია, რომელიც მოვლენებს ცალმხრივად აშუქებს და ოპოზიციური პოლიტიკოსებისთვის მიუწვდომელია.

15:40 – კიდევ ორი ​​მოქალაქე დააჯარიმეს

მშვიდობიანი აქციის მონაწილე საბა ჭანკვეტაძეს, რომელიც 2 დეკემბერს დააკავეს და ისე სცემეს, რომ სამკურნალოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა, წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის (172-ე მუხლი) 2 200 ლარით დააჯარიმეს. კიდევ ერთი მომიტინგე, ლუკა კოტიაშვილი, რომელსაც პოლიცია სასტიკად გაუსწორდა და პოლიციის მანქანაში სცემა, რის შედეგადაც მან თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო, კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული ბრალდებით 2000 ლარით დაჯარიმდა.

15:15 – კულტურის სფეროს წარმომადგენლები სამართლიანობისთვის მარშს მართავენ, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები თბილისის იუსტიციის სახლიდან პოლიციის ადგილობრივ განყოფილებებამდე მიემართებიან, რათა პოლიციელებს მოუწოდონ, ყურადღება გაამახვილონ ნამდვილი დამნაშავეების დაკავებაზე, ძალადობის აღკვეთასა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას, ხაზს უსვამენ სისტემის შიგნით სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების აუცილებლობას.

15:11 – ახალი საკანონმდებლო პაკეტი პიროტექნიკის გამოყენებაზე რეგულაციებს აწესებს და საპროტესტო აქციებზე მათ გამოყენებას კრძალავს

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც, პიროტექნიკის ექსპორტის, იმპორტის, წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით რიგი რეგულაციები ამოქმედდება და მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დაიშვება. ასევე აიკრძალება აქციების დროს პიროტექნიკის გამოყენება.

ამ ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. პარლამენტში წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ნებართვა/ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასჯადი იქნება და გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. სანქციის სახით 6 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც. სამართალდარღვევის ახალ სახეს წარმოადგენს ასევე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორი არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირას განიხილავს.  

15:00 – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მიმდინარე აქციის მონაწილეები სისასტიკის გამოძიებას მოითხოვენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები არასათანადო მოპყრობასა და სისასტიკეში პასუხისმგებელი პირების გამოძიებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ყველა იმ ე.წ. „ტიტუშკის“ დასჯას ითხოვენ, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, მსახიობებს, ჟურნალისტებსა და სხვებს. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერის კახა კალაძის სიტყვები „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ შეცვალეს და დედაქალაქს „სიძულვილით სავსე ქალაქი“ უწოდეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ბიძინა ივანიშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა ძალაუფლების კონსოლიდაციისა და საქართველოს რუსეთთან დაახლოების მიზნით. გიგაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები გადამწყვეტია საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად და ქვეყნის პოლიტიკური გამოწვევების ხაზგასასმელად.

13:55 – სახალხო დამცველმა აშშ ელჩთან პოლიტიკურ გარემოსა და პოლიციის არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც მან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა, მათ შორის, აქციის მონაწილეთა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებაზე, გამოძიებისთვის მასალების თავმოყრასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი მიწოდებაზე. ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების აუცილებლობას.

12:37 – ბათუმში საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან გრძელდება

ბათუმში საპროტესტო აქციები ზედიზედ მეთორმეტე დღეა გრძელდება და სხვადასხვა ადგილას დემონსტრაციები იმართება. დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან მშვიდობიანი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ მოუწოდეს თანამშრომლებს გაიფიცონ და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. დაცვის პოლიციის მიერ გაძევების შემდეგ, აქცია შენობის წინ გაგრძელდა.

12:00 – საქართველოს პროკურატურის უფროსი გამომძიებელი გმობს მოქალაქეთა მიმართ ძალადობას

საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი დემეტრე გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მშვიდობიან მოქალაქეზე, მომიტინგეზე თუ ჟურნალისტზე ძალადობას არ აქვს, არ ჰქონია და ვერ ექნება გამართლება! ემპათია და ადამიანის თანაგანცდაა ყველა პროფესიის ქვაკუთხედი. მოძალადეების ქმედებებზე მყისიერი რეაგირება არის აუცილებელი. სხვა შემთხვევაში რაიმე სახის ნდობაზე ან თანამშრომლობაზე ფიქრი, უბრალოდ აბსურდია“.

11:38 – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია პირველისთანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

7 დეკემბერს ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევას გულისხმობს. სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე მან საქმეზე დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის თავდახმაში  მონაწილე პირებისა და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირება. ამასთან, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც გადაუდებელი წესით ამოღებული იქნა სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა დეტალური შესწავლა და ანალიზი უკვე დაწყებულია. 8 დეკემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩატარდა გ. ლ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და მოხდა მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერება. სამსახურის თქმით, სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი.

11:25 – კულტურის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროსთან

კულტურის სამინისტროსთან პროტესტის ნიშნად შეკრებილი კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა თანამშრომლებს მკაფიო გზავნილი გაუგზავნეს, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ უკანონოდ დაკავებულ მსახიობებსა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებს. აქციის მონაწილეები სამინისტროს თანამშრომლებს ევროკავშირის ღირებულებების მხარდასაჭერად მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ. „დღეს დუმილის დრო არ არის“, – მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თანამშრომლებს და მოუწოდა მათ, ხმა ამიუღონ და იმოქმედონ სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.

11:05 – ოპოზიციური კოალიციები პირობას დებენ, რომ გამოაშკარავებენ უფლებების დარღვევას და ანგარიშვალდებულებას მოითხოვენ

ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ, რომელმაც არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახა, ერთობლივი განცხადება გაავრცელა გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრის ფარგლებში. მათ აღნიშნეს, რომ გამოავლინეს ათობით დაზარალებული, რომლებიც როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლები გახდნენ. „ჩვენ არ დავტოვებთ არც ერთ შესაძლებლობას, საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელსაც არ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დაისაჯოს თითოეული მოძალადე და დაისაჯონ თანამდებობის პირები ამ თვითმარქვია რეჟიმისა, რომლებიც ადამიანების წამებაზე გასცემენ ბრძანებებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „ძლიერი საქართველოდან“. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მარიკა არევაძემ განაცხადა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს არც კი აინტეერესებთ სათანადო რეაგირება და საზოგადოების დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დანაშაულებრივი ჯგუფი იდენტიფიცირებულია და მათ შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება. მისი თქმით, ძალადობის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია შეტანილია რეესტრში, ასევე მზადდება ანგარიში, რომელიც უახლოეს დღეებში საერთაშორისო პარტნიორებს წარედგინებათ.

კვირა, 8 დეკემბერი

22:00 – საპროტესტო აქციის მე-11 დღე

ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლისა და ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების წინააღმდეგ გამართული უწყვეტი საპროტესტო აქციის მე-11 დღეს, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. საპროტესტო აქციები ასევე გრძელდება ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. ქართველი ემიგრანტები დემონსტრანტებისა და მათი მოთხოვნების მხარდასაჭერ აქციებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქალაქში მართავენ. სამხრეთ კორეაში მცხოვრები ქართველები გაყალბებულ არჩევნებსა და მომიტინგეების მიმართ ძალადობას აპროტესტებენ.

17:00 – პოლიცია ნაძვის ხეს იცავს მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა მასზე ნაცემი ჟურნალისტების ფოტოები მიამაგრეს

რუსთაველის გამზირზე საახალწლოდ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის დადგმა მიმდინარეობს, რომელსაც პოლიციის თანამშრომლები იცავენ. პოლიცია პარლამენტთან მას შემდეგ მივიდა, რაც აქტივისტებმა მასზე საპროტესტო პლაკატები და ნაცემი ჟურნალისტებისა და სხვა მოქალაქეების ფოტოები მიამაგრეს.

პოლიცია საახალწლო ნაძვის ხეს იცავს, 8 დეკემბერი, 2024. ფოტო: გიორგი ექსეულიძე

16:00 – მედიის სოლიდარობის აქციები თბილისსა და ქუთაისში

მედიის მუშაკები და სხვა მომიტინგეები თბილისის რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რათა სოლიდარობა გამოხატონ ჟურნალისტების მიმართ და გააპროტესტონ მათ წინააღმდეგ „ტერორი და რეპრესიები“. მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არა ერთ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მათ შორის ე.წ. ტიტუშკები გუშინ ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს, სადაც ხელისუფლება ამ წუთებში თბილისის მთავარ ნაძვის ხეს დგამს. სოლიდარობის აქცია დასავლეთ საქართველოს ქალაქ ქუთაისშიც იმართება.

14:30 – კობახიძემ აქციებზე სახის დაფარვის აკრძალვის შესახებ კანონი დააანონსა

„ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების და კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც გუშინ ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ე.წ. „ტიტუშკების“ თავდასხმას გამოეხმაურა. „ცოტა რთულია ამ ვითარებაში რეაგირება, ნიღბებით დადის ყველა, ვისაც არ ეზარება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ კანონს მომავალი კვირის ბოლოს მიიღებენ და დეკემბრის ბოლომდე სრულად ამოქმედდება.

14:30 – ირაკლი კობახიძე: პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს

„რუსთაველზე პროტესტის მონაწილეების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს და შესაბამისად, საერთო რაოდენობის კლებასთან ერთად, იკლებს ძალადობაც. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ პროტესტს მთლიანად გამოეცალა შინაარსი. ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ არავითარი ევროინტეგრაცია ხელისუფლებას არ შეუჩერებია და სინამდვილეში, რაც აწუხებთ ამ ადამიანებს, რუსთაველზე შეკრებილ 3000 თუ 4000 ადამიანს, არის ის, რომ მათ უკვე მეცხრედ წააგეს არჩევნები, თუმცა შესაბამისი მოთხოვნების დაყენებას ისინი ვერ ბედავენ, ვერ ბედავენ იმის მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ეს ადამიანები ყოფილან სინამდვილეში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები, რისი აღიარებაც მათ არ სურთ“, – განაცხადა კობახიძემ.

02:50 – ინფორმაცია ჟურნალისტისა და აქტივისტის დაკავების შესახებ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ჟურნალისტი ნიკა კაცია და სამოქალაქო აქტივისტი სანდრო ქინქლაძე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია აქტივისტი ბექა ყორშია.

შაბათი, 7 დეკემბერი

23:50 – „ქართული ოცნება“ „კოალიციაზე ცვლილებისთვის“ და ჟურნალისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას არ იღებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებზე და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ არ აიღეს მომხდარზე პასუხისმგებლობა და განაცხადეს, რომ თავდასხმა თავად ოპოზიციის მიერ იყო წაქეზებული და მათ ინტერესებში, ვისაც ქაოსი და არეულობა სჭირდება.

22:30 – ე.წ. ტიტუშკებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისი დაარბიეს, მის წევრებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ მიზანმიმართული ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევის დროს, ე.წ. ტიტუშკები ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში შეიჭრნენ და რამდენიმე წევრს სასტიკად გაუსწორდნენ. ტიტუშკები ასევე დაესხნენ თავს ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს, როდესაც ისინი ინციდენტს აშუქებდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ იქვე მყოფ საპატრულო პოლიციას ძალადობრივ თავდასხმაზე რეაქცია არ ჰქონია და ტიტუშკებთან ერთად წავიდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ მან დაიწყო გამოძიება თავდასხმის ფაქტზე, თუმცა თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ დანაშაულის ადგილზე არც პოლიციის და არც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არ გამოჩენილან.

18:00 – აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, როდესაც სასამართლომ რამდენიმე პირი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული, სადაც ჯგუფურ ძალადობაში სავარაუდო მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, რაც 4-6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს – შემთხვევის ადგილზე არეულობაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, კომიკოს ონისე ცხადაძეს, ზვიად ცეცხლაძეს, ანდრო ჭიჭინაძეს, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, რუსლან სივაკოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა,  საქალაქო სასამართლოს შენობასთან შეკრებილი მსახიობების პროტესტი მოყვა

სამართალდამცავები ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს მთელ პერიმეტრზე არიან მობილიზებული. დაკავებულთა მხარდამჭერები, მათ შორის ბევრი მსახიობი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობებ, რომ უდანაშაულო ადამიანები გაასამართლეს. ისინი სკანდირებენ „არა ძალადობრივ რეჟიმს“, „სირცხვილია!“.

17:00 – პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყო

აქციის მონაწილეები უკვე მეათე დღეა ქუჩაში გამოდიან. ისინი მელიქიშვილის ქუჩაზე პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან ბანერით: „სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“. ისინი ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ორგანიზებას მოითხოვენ. აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც: ბათუმში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ბოლო 10 დღის განმავლობაში აქციები საქართველოს 35-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.

15:40 – სახალხო დამცველი: დაკავებულები ამბობენ, რომ პოლიციამ დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს მათზე იძალადა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მან მოინახულა თბილისისა და საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში აქციის დროს დაკავებული 34 ადამიანი. დაკავებულთა ნაწილს დაზიანებები აღენიშნებოდა და, როგორც ამბობენ, პოლიცია მათ დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს გაუსწორდა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მან ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა. მისი თქმით, ზოგიერთი დაკავებული ამბობს, რომ პოლიცია არ უბრუნებს დაკავების დროს ჩამორთმეულ ტელეფონებს და სხვა პირად ნივთებს.

11:40 – 6-7 დეკემბრის აქციაზე დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 48 პირი, „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის“ ორი პირია დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 48 პირი. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს, კერძოდ, დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ს.კ.

შსს-ს განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ“.

ამავე ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა. შსს-მ ამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

„აქციის მონაწილეებმა, მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუზღუდეს, ისინი კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ“, – აცხადებს შსს.

02:50 – პოლიციამ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან დაშალა

დაახლოებით დილის 3 საათისთვის მომიტინგეებმა, რომლებიც ორივე მხრიდან იყო ალყაში მოაქციეს პოლიციელებმა და დაარბიეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და გაზის გამოყენებით, რუსთაველის გამზირი გვერდითი ქუჩების მეშვეობით დატოვეს. რესპუბლიკის მოედანზე პოლიცია ამ დრომდე რჩება.

01:20 – სახალხო დამცველი: აქციის დარბევისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს „შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია“.

00:40 – სპეცრაზმმა დარბევა დაიწყო, რამდენიმე პირი, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ცოტნე კობერიძე დააკავეს

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დარბევა დაიწყო, რა დროსაც წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ცოტნე კობერიძე. თუმცა, აქციის მონაწილეებმა წასვლაზე უარი განაცხადეს. პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაშლის პირველი მცდელობის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე რესპუბლიკის მოედნამდე აქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობა კვლავ რჩება.

00:20 – შსს: ორი პირი „წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა“ დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე. ამავე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლებმა, თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში საპოლიციო ღონისძიება – მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს. „პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – აცხადებს შსს.

პარასკევი, 6 დეკემბერი

20:10 – საპროტესტო აქციის მეცხრე დღე: მოქალაქეები რამდენიმე ლოკაციაზე იკრიბებიან

საპროტესტო აქციები საქართველოში უკვე მეცხრე დღეა რამდენიმე ლოკაციასა და ქალაქში გრძელდება. აქციები მიმდინარეობს ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში. დედაქალაქში ოთხი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს: განათლების სექტორის წარმომადგენლები განათლების სამინისტროს წინ აპროტესტებენ და მინისტრის გადადგომას ითხოვენ; ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტისკენ მიდიან; კულტურის სექტორის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ საეთერო დროის მოთხოვნით აქციას მართავენ (მოთხოვნები უკვე დაკმაყოფილებულია და ისინი 22:00 საათზე გავლენ ეთერში); და ბოლოს, მოქალაქეები ჩვეულებისამებრ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არიან შეკრებილები.

20:07 – სასამართლომ ოპოზიციონერ საბა სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს საბა სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება. პროცესზე საბა სხვიტარიძემ განაცხადა, რომ იგი გაიტაცეს და აწამეს. მისივე სიტყვებით, დაკავებისას პოლიციელმა არც კი განუმარტა, რაზე აკავებდნენ, ისე გადასცეს მისთვის გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს გორის ტერიტორიაზე.

18:22 – სასამართლომ „დაფიონის“ 8 წევრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ორგანიზაცია „დაფიონის“ რვა წევრს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები არიან: ზვიად ცეცხლაძე, ვასილ ქაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე.

ბრალდებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

18:15 – ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის „სერიოზული დარტყმა ქართველი ხალხის იმედებისთვის“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხასიათდებოდა სერიოზული დარღვევებით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას… ჩვენ ვგმობთ ხალხის მიმართ ძალის გამოყენებას და იმ პირთა დაკავებას, რომლებიც საკუთარ უფლებებს იყენებდნენ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. საჭიროა ძალადობის ყველა შემთხვევის გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა“.

17:17 – სასამართლომ ალეკო ელისაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ალეკო ელისაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

16:10 – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები სახალხო დამცველს შეხვდნენ

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეთ უორდს, საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის და გერმანიის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდნენ. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა, ისაუბრა პოლიციის მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, აქციებზე დაკავებულთა და დაზიანებულთა მდგომარეობაზე. პიტერ ფიშერმა X-ზე გამოთქვა შეშფოთება, რომ „საქართველოს საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებული არის განგაშის და შეშფოთების წყარო. მაქსიმალური პატივისცემა ყველას, ვინც სარგებლობს უფლებით გამოხატოს თავისი აზრი დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ“.

16:00 – შსს-მ სამი პირი დააკავა

შსს-მ სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, 20, 54 და 26 წლის სამი პირი დააკავა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილები არ დაემორჩილნენ პოლიციის ბრძანებას და თანამშრომლებს სხვადასხვა საგანი ესროლეს.

15:40 –  „ტიტუშკებიპუბლიკას ჟურნალისტს თავს დაესხნენ

ეროვნულ გალერეასთან „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ პუბლიკის ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს და პოლიციის თვალწინ სცემეს. ფეისბუქის პოსტის მიხედვით, როდესაც ხალხმა თავდამსხმელების დაკავება მოითხოვა, პოლიციელები მანქანაში ჩასხდნენ და კარი მიიხურეს.

15:20 – ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობა) ბრალის წარდგენის შემდეგ, 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

საქმე დრამატულად მას შემდეგ განვითარდა, რაც გვარამია მოულოდნელად მარნეულის იზოლატორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს ადვოკატის ან ოჯახის წინასწარი შეტყობინების გარეშე. გვარამიას მიერ ადვოკატის მოთხოვნის შემდეგ, მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. მოგვიანებით, გვარამიას ადვოკატებმა სასამართლო პროცესის გადადება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ მათ არ ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ სასამართლო პროცესამდე ერთი საათით ადრე მიაწოდა. მიუხედავად სასამართლო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული შეშფოთებისა, ის მაინც გაგრძელდა.

15:23 – ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფების მიმართ. „ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მინდა მივმართო ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების შესახებ, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის მოფრიალე დროშებს, ჩვენ გვესმის თქვენი. ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება“, – დაწერა რობერტა მეცოლამ.

15:15 – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და მსახიობები უკანონო დაკავებებს აპროტესტებენ

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მსახიობები და სტუდენტები მათი კოლეგების უკანონო დაკავებას უნივერსიტეტთან აპროტესტებენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, უნივერსიტეტმა სოლიდარობა გამოუცხადოს ამჟამად დაკავებულებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

14:51 – აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს

აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლში შევიდნენ, თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს  და უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება მოითხოვეს. დაცვის  თანამშრომლებმა აქტივისტები, რომლებიც შენობაში სასტვენებითა და ბანერებით შევიდნენ, გარეთ გაიყვანეს. შენობის შესასვლელი ჩაიკეტა, აქციის მონაწილეებმა კი პროტესტი გარეთ განაგრძეს. იუსტიციის სახლმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

12:45 – ეკონომისტები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ დაიცვან დემოკრატია და ეკონომიკური სტაბილურობა

ეკონომისტებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეები, გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობის განმახორციელებელი პოლიციელები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე. მათ ასევე გააკრიტიკეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე და განაცხადეს, რომ ეს არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ძირს უთხრის ეკონომიკურ განვითარებას. მათი თქმით, ეს ნაბიჯი საქართველოს დასავლეთისგან ჩამოაშორებს. ეკონომისტებმა ასევე დაგმეს ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა და ეროვნული ბანკის რეზერვების არასწორი მართვა და გააფრთხილეს, რომ ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკას და დამაზიანებელი იქნება ბიზნესისა და ფინანსური სექტორისთვის.

11:45 – „კოალიცია ცვლილებისთვისწევრი გელა ხასაია გაათავისუფლეს

ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია, რომელიც 4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიის „დროას“ ოფისში პოლიციის რეიდის დროს დააკავეს, ხელწერილით გაათავისუფლეს.

11:00 – ოპოზიციური კოალიცია დაკავებებზე საუბრობს და რუსულ საფრთხეებზე აფრთხილებს

გაერთიანებული ოპოზიციის საინფორმაციო ცენტრმა, რომელშიც ოთხი წამყვანი ოპოზიციური ძალაა წარმოდგენილი, ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოთხოვნები „ქართული ოცნების“ მიმართ: დამნაშავეთა სამართლებრივი დევნა, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.

„ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ 14:00 საათზე წამყვანი უფლებადამცველები ოთხივე კოალიციდან ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ სამართლებრივ საკითხებზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოში.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში 14 წლის მოზარდის დაკავების შესახებ განაცხადა. მან ასევე ისაუბრა იმ ადამიანების დაკავების რამდენიმე შემთხვევაზე, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილნი. „ეს ტერორი გაგრძელდება, უნდა გვესმოდეს რა სტილის რეჟიმთან გვაქვს საქმე. მისი სახე იქნება უფრო საშინელი, მდგომარეობა უფრო გაუარესდება მანამ, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ“, – განაცხადა მან. ჯაფარიძის თქმით, „რუსეთი ახლა ცდილობს, ვიდრე აშშ-ში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვა საკითხებზე საუბარი, მანამდე გაიფორმოს საქართველო, როგორც მისი საკუთარი ნაწილი“. „საქართველოს საკითხი, როგორც 2012 წელს ჰპირდებოდა ივანიშვილი, აღარ იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში დასავლეთსა და რუსეთ შორის დაპირისპირებაში… ჩვენი, ყველას ამოცანა არის ამის არ დაშვება, პროტესტი უნდა გაგრძელდეს “, – დასძინა მან.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, „ის კვალიფიციური უმრავლესობა, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას სჭირდება, ევროპის კავშირში არსებობს”.

10:39 – ალეკო ელისაშვილი კლინიკაში მკურნალობის შემდეგ იზოლატორში დააბრუნეს

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი კლინიკა ვივამედში მკურნალობის შემდეგ დუშეთის იზოლატორში გადაიყვანეს. მისი ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს გაიმართება. ელისაშვილი 4 დეკემბერს ქორთიარდ მარიოტთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ დააკავეს, საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნის ბრალდებით.

09:52 – პარლამენტი უსაფრთხოების წითელი დონიდან ყვითელ დონეზე გადადის

პარლამენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 6 დეკემბრიდან პარლამენტის სასახლეში  უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა. მანამდე ამავე შენობაში უსაფრთხოების წითელი მოქმედებდა. ახალი რეჟიმის პირობებში, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. ასევე, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.

09:00 – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბართ ეიდემ დაგმო ქართული პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მიერ სასტიკი ძალის გამოყენება მომიტინგეების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მისი თქმით, საქართველოს ქუჩებში განვითარებული მოვლენები ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, ასევე დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელია. ეიდემ შეშფოთება გამოხატა დაპატიმრებების, ოპოზიციის ოფისების დარბევისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების გამო და აღნიშნა, რომ ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს და მის ევროპულ მისწრაფებებს. მან დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ძალადობაში მონაწილე პირთა პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა. ნორვეგიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისადმი.

ხუთშბათი, 5 დეკემბერი

22:37 – მუსიკოსები გაფიცვას აცხადებენ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

100-მდე ქართველმა მუსიკოსმა “არალეგიტიმური ხელისუფლების” წინააღმდეგ გაფიცვა  გამოაცხადა და განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საჯარო ღონისძიებებში და გააგრძელებენ ბრძოლას იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ფიზიკურად ესხმის, აპატიმრებს და სცემს მშვიდობიან დემონსტრანტებს. მათ სჯერათ, რომ შეძლებენ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნონ.

20:41 – პოლიციამ ქუთაისში 15 წლის მომიტინგე დააკავა

ქუთაისში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 15 წლის მომიტინგე დააკავა. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ის მიწაზე წევს, თითქმის გონდაკარგული, პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების შემდეგ. ისმის სხვა მომიტინგეების შეძახილები, რომლებიც პოლიციას „ბავშვის” მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ.

20:29 – ელისაშვილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დუშეთის იზოლატორიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კოალიციის პრესსამსახურში განუცხადეს, ელისაშვილს სახისა და ფერდის არეში დაზიანებები აღენიშნება. მას გუშინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დააკავეს, პროკურატურამ მას ბრალი პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წაუყენა.

20:03 – პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

პოლიციამ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და კომიკოსი ონისე ცხადაძე დააკავა. დეტალები იმის შესახებ, თუ რატომ დააკავეს ისინი უცნობია. ორივე მათგანი აქტიურად აპროტესტებდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირის გზიდან ჩამოშორების თაობაზე.

20:00 – საპროტესტო აქციების მე-8 დღე საქართველოს მასშტაბით

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასობრივი საპროტესტო აქცია უკვე მე-8 დღეა იმართება. აქციები ასევე გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება ხელისუფლების რეპრესიების ფონზე, მათ შორის პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებების გამო.

18:40 – პროკურატურამ ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ალი ბაბაევის მიმართ  პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განცხადებით,  ელისაშვილმა ბაბაევს 2 დეკემბერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

18:00 – პოლიცია ამაღლების ქუჩაზე დავით კეზერაშვილის სახლში შესასვლელად ემზადება

პოლიცია ამ წუთებში ამაღლების 12-ში იმყოფება და დავით კეზერაშვილის სახლში შესასვლელად ემზადება. ვითარების შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

17:45 – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს მას შემდეგ, რაც თეატრის დირექტორმა კულტურის წარმომადგენლებს კარი დაუხურა

აქციის მონაწილეებმა თბილისში, რუსთაველის გამზირი მას შემდეგ გადაკეტეს, რაც რუსთაველის თეატრის დირექტორმა რობერტ სტურუამ თეატრის კარი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაუხურა. ჯგუფი თეატრში შესვლას გეგმავდა ერთობლივი სამოქმედო გეგმის განსახილველად და ერთიანი პოზიციის მისაღწევად, მაგრამ სტურუას უარის შედეგად მათ გამზირი გადაკეტეს.

17:00 – სახალხო დამცველი: 188 დაკავებული მომიტინგე პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 260 პირიდან 188 პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. სახალხო დამცველის აპარატი 15 ქალაქში მდებარე იზოლატორებს ეწვია. იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ „შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცველები იყენებენ მოქალაქეების დაკავებისას“. მან ცალკე გამოყო გუშინ დაკავებული „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიმართ „პოლიციელების მხრიდან დაკავებისას გამოყენებული არაპროპორციული ძალა“. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა საპროტესტო აქციების დროს მეტროსადგურების გასასვლელებთან მოქალაქეთა უფლებების დარღვევას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა „მკაცრად იმოქმედონ დადგენილი წესებით“. სკოლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იოსელიანმა განაცხადა, რომ მართალია მოსწავლეებს აქვთ შეკრების და გამოხატვის უფლება, „აკრძალულია სკოლების პოლიტიზირება, ისე როგორც მესამე პირების მიერ სასწავლო პროცესში ჩარევა“.

16:50 –კულტურის სექტორის წარმომადგენლები გაიფიცნენ

ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება სახელწოდებით „ეროვნული კრება“. გაფიცული კულტურის სექტორის წარმომადგენლები ყველას, ვისაც ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა სურს, რუსთაველის თეატრთან შეკრებისკენ მოუწოდებენ. „ეს არის ეროვნული კრიზისი”, – განაცხადა მსახიობმა კახა კინწურაშვილმა.

16:45 – მორიგი სტუდენტური პროტესტი ქუთაისში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქუთაისში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დაგმეს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ. სტუდენტები ქუთაისის მერიისკენ მსვლელობას გეგმავენ.

16:00 – ნიდერლანდებს სურს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კასპერ ველდკამპი გმობს საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას და მოუწოდებს ევროკავშირს შეაჩეროს უვიზო რეჟიმი. „მიუღებელია საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, ასევე პოლიტიკოსების დაკავება. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი. მივესალმები ბალტიისპირეთის ინიციატივას ინდივიდუალური სამოგზაურო აკრძალვების დაწესების შესახებ.

15:50 – აქციის მონაწილეებმა ჯვარი-მესტიის გზაჯვარედინი გადაკეტეს

ჯვარი-მესტიის გზაჯვარედინი, რომელიც სვანეთსა და სამეგრელოს აკავშირებს, მოქალაქეებმა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, მათ შორის ახალი არჩევნების ორგანიზება, ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება და შვიდდღიანი აქციების დარბევის დროს დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება.

13:30 – მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარლამენტის წინ უფროსი თაობის, განსაკუთრებით ბებია-ბაბუების თაობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები გმობენ ახალგაზრდების მიმართ ძალადობას, რასაც ბოლო შვიდი დღის განმავლობაში აქციების დარბევის დროს ჰქონდა ადგილი. საზოგადოებას მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციები დღისითაც უნდა გაიმართოს.

13:00 – შსს-მ სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირია დაკავებული. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ნ.ჯ. ხოლო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ს.ს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ის ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.

11:15 – უკრაინამ ბიძინა ივანიშვილსა და მის თანამოაზრეებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილსა და მის თანამოაზრეებს – 19 პირს, რომლებიც „ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან მოუწოდა ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ, „იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად“.

11:00 – ოპოზიცია მოქალაქეების ინფორმირებისთვის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ქმნის

ოპოზიციურ პარტიებთან გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი დღეიდან ამოქმედდება. ინიციატივის მიზანია მოქალაქეებს განახლებული და ზუსტი ინფორმაცია და შეფასებები მიეწოდოთ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებსა და ქმედებებზე.

11:00 – პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის ერთი პოლიციელზე თავდასხმისთვის

შსს-ს თბილისის პოლიციის სამმართველომ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ს.ჯ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს იუწყება, რომ „ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა“. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.  ასევე, 7 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.

09:50 – NCDC-ის მენეჯმენტი „ქართული ოცნების“ სავარაუდო გავლენის გამო დუმს, ნათქვამია განცხადებაში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ოფიციალურ LinkedIn-ის გვერდზე ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით, და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული“.

ინგლისურენოვანი განცხადება ასევე შეიცავს მიმართავს NCDC-ის საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლის თანახმადაც თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის კორუმპირებულიც არიან, რომლებიც მათი ხმების ჩახშობას ცდილობენ.

ოთხშაბათი, 4 დეკემბერი

22:55 – შსს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან გადადგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან ფეისბუქზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების სიმბოლოებით ატვირთა.

22:10 –  ე.წ. „ტიტუშკები“ ოპოზიციას თავს დაესხნენ, პოლიციამ ოპოზიციის ლიდერები დააკავა

თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო მარიოტის წინ, მობილიზებული ე.წ. „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც სასტუმროში სამოქმედო გეგმის განსახილველად იკრიბებოდნენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიცია ე.წ. „ტიტუშკებს“ შეუერთდა თავდასხმაში და სპორტსმენი და ოპოზიციური პარტიის „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ დავითაშვილი დააკავა.

პოლიციამ ასევე დააკავა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეზე ალი ბაბაევზე თავდასხმისთვის. ბაბაევმა გუშინ განაცხადა, რომ ელისაშვილმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაპირისპირების დროს პოლიციამ ტვ პირველის კამერა დააზიანა.

21:20 – პოლიციამ აქციის მონაწილეებს დამცავი აღჭურვილობა წაართვა, ორი პირი დააკავა

ოპოზიციის ოფისებსა და აქტივისტების სახლებში პოლიციის რეიდების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ვითარება თბილისში მალევე დაიძაბა, პოლიცია მეტროსადგურებში დემონსტრანტებს ელოდა, ჩხრეკდა მათ და გაზის ნიღბებსა და სხვა დამცავ აღჭურვილობას ართმევდა. თავისუფლების მეტროსთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ორი პირი დააკავეს.

19:17 – პრეზიდენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაიბარა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის დღევანდელი დარბევის გამო, მან  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე დაიბარა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მას ტელეფონით ვერ დაუკავშირდა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა/გამოძიებაზე.

18:37 – ზურაბიშვილი მმართველ პარტიაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს მმართველ პარტიაზე ძლიერი ზეწოლისკენ მოუწოდა. „ჩემი სასწრაფო მოწოდება ჩვენი პარტნიორების და იმ პირთა მიმართ, ვისაც სურს, რომ არ მოხდეს კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა – დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელსაც ქვეყანა ჩიხისკენ მიყავს! არ დაგაგვიანდეთ…!”

18:35 – „ერთიანობანაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა წევრები დააკავეს

დაკავებულია ახალგაზრდული ორგანიზაციის „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი, თუმცა რა ბრალდებით დაკავეს ისინი ჯერჯერობით უცნობია.

16:50 – ნიკა გვარამია და გელა ხასაია დააკავეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და ამავე კოალიციის წევრი გელა ხასაია პოლიციამ დააკავა.

16:02 – პოლიციამ ჩხრეკისასერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისლიდერები და ჟურნალისტები ოფისში არ შეუშვა

პოლიცია ჩხრეკის მიზნით ბროსეს ქუჩაზე მდებარე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა, ხოლო ჟურნალისტები და პარტიის ლიდერები ოფისში არ შეუშვა. შენობაში ასევე არ შეუშვეს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე. როდესაც მან ჩხრეკის ორდერის ნახვა მოითხოვა, პოლიციამ განაცხადა, რომ ის უკვე წარუდგინეს შიგნით მყოფებს. შესაბამისი საბუთების ნახვას ასევე ითხოვდა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა მისი მოთხოვნები უგულებელყოფილი იქნა.

15:45 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში პოლიცია შევიდა

ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში პოლიცია შევიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კოალიციის ლიდერებმა პოლიციელებს შესაბამისი დოკუმენტაცია მოსთხოვეს, მათ ოფისი დატოვა.

15:02 – პოლიციამდაიტოვესხელმძღვანელის ილია ღლონტის სახლში ჩხრეკა დაიწყო

პოლიციამ ჯგუფ „დაიტოვეს“ ხელმძღვანელის ილია ღლონტის სახლში ჩხრეკა დაიწყო. ჯგუფი სოციალურ ქსელებში საპროტესტო მოძრაობის მობილიზებითაა ცნობილი. პოლიცია მას ედავება „ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება“, ასევე არეულობაში მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ჩხრეკა ღლონტის ადვოკატის ადგილზე მისვლამდე დაიწყო.

14:50 – საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ევროპის საბჭო დეესკალაციისა და დიალოგისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსეტმა საქართველოში დაძაბულობის ესკალაციისა და პოლიტიკური ჩიხის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან განხორციელებულ სატელეფონო საუბრებში, მან ხაზი გაუსვა დეესკალაციის, კონსტრუქციული დიალოგისა და საბჭოს ძირითადი ღირებულებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების დაცვას. ხაზი გაუსვა რა აქციების დროს გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ბრალდებების გამოძიების მნიშვნელობას, ბერსეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საბჭოს ერთგულება საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიული სტაბილურობის მიმართ. გენერალურმა მდივანმა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ორგანიზაციის მზადყოფნა დაეხმაროს ქვეყანას მის მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

14:00 – შსს ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დატოვების შემდეგ „მზიურის პარკში მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დაზიანების“ ბრალდებით 42 წლის მამაკაცი დააკავა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

13:10 – საია: საქართველოში მიმდინარე მოვლენები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დისკრიმინაციას, წამებასა და ტანჯვას, რაც გამოიხატება ფიზიკური ძალადობითა და მძიმე გონებრივი და ფიზიკური შეურაცხყოფით. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ „სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს“, რადგან ის არღვევს რომის სტატუტის მე-7 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. საია  აპირებს, რომ ბრალდებები სისასტიკის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარუდგინოს და შექმნას საკოორდინაციო ფორმატი, რათა დაეხმაროს დაკავებულებს ან ყველა იმ პირს, ვისაც დარვების დროს ძალადობრივად გაუსწორდნენ.

12:43 – გამყრელიძე დაძაბულ აშშსაქართველოს ურთიერთობებსა და ჯანდაცვის პროექტების შეჩერებაზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (CDC) ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია. მან დაადასტურა, რომ ბევრი პროექტი, მათ შორის ისინიც, რომელთაც CDC ხელმძღვანელობდა, პოლიტიკური სიტუაციის გამო შეჩერებულია, თუმცა გრძელდება პროექტები სხვა პარტნიორებთან, როგორიცაა საფრთხის შემცირების სააგენტოს პროექტები. გამყრელიძემ ხაზი გაუსვა ამ თანამშრომლობის სწრაფად აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სექტორში აშშ-ს პარტნიორობის არარსებობამ შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს განვითარებას.

12:39 – ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი აქციაზე დაკავების შემდეგ 2 000 ლარით დააჯარიმეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი, რომელიც 2 დეკემბერს მეტრო რუსთაველთან აქციის დარბევისას დააკავეს, 2 000 ლარით დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩაგელიშვილი აცხადებდა, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, პოლიციამ იგი მაინც დააკავა.

12:10 – ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემებრს 15 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტრომ 3 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ყოველდღიური სტატისტიკა გამოაქვეყნა. საავადმყოფოში სულ 15 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 11 აქტივისტი, სამი მედიის თანამშრომელი და ერთი შსს-ს თანამშრომელი. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.

12:00 – სამედიცინო პერსონალი პროტესტის დარბევისას გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ გამჭვირვალობას ითხოვს

სამედიცინო პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დააკონკრეტოს რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების დარბევისას. ისინი აფრთხილებენ, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულმა გაზის კაფსულების დიდმა რაოდენობამ შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას და პოტენციურად პათოლოგიები გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება, ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია დარბევისას გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ.

06:25 – ვაჟაფშაველას გამზირზე აქცია დასრულდა

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაასრულეს. მანამდე სპეცრაზმმა ისინი რუსთაველის გამზირიდან დაშალა, შემდეგ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს, გადაკვეთეს ის და ვაჟა-ფშაველას გამზირისკენ დაიძრნენ.

05:35 – აქციის მონაწილეების მსვლელობა ვაჟა ფშაველას გამზირზე

გამთენიისას აქციის მონაწილეებმა ვაჟა ფშაველას გამზირს მიაღწიეს. თბილისის ქუჩებში მოქალაქეები მანქანების სიგნალებით  მხარდაჭერას გამოხატავენ.

05:00 – აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე

დილის 5 საათისთვის აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დაარბიეს. მანამდე სპეცრაზმმა ისინი დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბია, შემდეგ კი ქალაქში გაფანტულ ჯგუფებს დაედევნა. ხალხის დიდმა ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა, გადაკვეთა ის და მსვლელობით ვაკის პარკისკენ ავიდა.

სამშაბათი, 3 დეკემბერი

23:33 – სპეცრაზმმა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყო

სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყეს მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა უკვე დატოვეს რუსთაველის გამზირი. მათ ასევე დაიწყეს პარლამენტის წინ დარჩენილი აქციის მონაწილეების დაკავება.

23:25 – სპეცრაზმი აქციის დარბევას იწყებს

სპეცრაზმმა დემონსტრანტების დარბევა ჭიჭინაძის ქუჩიდან და თავისუფლების მოედნიდან დაიწყო. პარლამენტის შენობიდან წყლის ჭავლის გამოშვების შემდეგ, სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისკენ აქტიურად დაიძრა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია დატოვეს.

23:04 – გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრი: საქართველოსთან ყველა სახის თანამშრომლობა გადახედვის პროცესშია

სვენია შულცე, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი: „საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან განვითარების კუთხით თანამშრომლობა აღარ არის შესაძლებელი. საქართველოსთან ყველა სახის თანამშრომლობა გადახედვის პროცესშია. აღარ განხორციელდება ახალი პროექტები და ხელი აღარ მოეწერება საკრედიტო შეთანხმებებს. შესაძლოა, მივიღოთ დამატებითი ზომები ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით”.

22:55 – შსს აფეთქების მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ აფეთქების მომზადების ბრალდებით 25 წლის აქციის მონაწილე დააკავა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. „ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი“, – აცხადებს შსს.

21:42 – ჯო უილსონი და სტივ კოენი: აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას

აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა და მაღალი რანგის წევრმა სტივ კოენმა განაცხადეს: „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს თავიანთ ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენისთვის ბრძოლაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ დასაჯოს ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ქართველების უფლების დარღვევაზე, გამართონ მშვიდობიანი პროტესტი და აირჩიონ საკუთარი ლიდერები“.

21:05 – შსს: სისხლის სამართლის ბრალდებით 5 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 293 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ბრალდებით 5 აქციის მონაწილე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით გრძელდება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ბრალდებით დაკავებულ პირებს, მათმა რიცხვმა 293-ს მიაღწია. მათგან თბილისის საქალაქო სასამართლომ 89 პირს უკვე შეუფარდა სასჯელი, 43-ს ჯარიმა შეეფარდა, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა, 5-ს კი გაფრთხილება.

18:40 – პოლიციის სამმართველოსთან უკანონო დაკავებებისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ აქცია იმართება

მოქალაქეები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ უკანონო დაპატიმრებებისა და ბოლო დროს პოლიციის სისასტიკის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები დევნის შეწყვეტას მოითხოვენ და ძალოვანი სტრუქტურების მიერ აქციების სხვადასხვა გზით ჩახშობას აპროტესტებენ.

21:02 – პოლიციამ ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

ბათუმში ერთი აქციის მონაწილე უკვე დააკავეს. აქციის მონაწილეები ადგილობრივებთან ერთად აჭარის მთავრობის შენობის წინ აპროტესტებენ.

19:20 – ჯანდაცვის მინისტრი: 3 დეკემბრის მდგომარეობით, ჰოსპიტალიზებულია 26 აქციის მონაწილე

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 3 დეკემბრის მდგომარეობით 26 მომიტინგე გადაიყვანეს საავადმყოფოში სხვადასხვა სახის დაზიანებებით. მისი თქმით, არც ერთ შემთხვევაში სერიოზული, ფატალური შედეგი არ არის მოსალოდნელი. რაც შეეხება 22 წლის ბიჭს, რომელიც დღეს დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს თვალის დაკარგვის საშიშროების გამო, რაც ბიძამისის თქმით, ცრემლსადენი გაზის ბალონის სროლამ გამოიწვია, სარჯველაძე ამტკიცებს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაყვანამდე, ბიჭმა აღნიშნა, რომ დაზიანება აქციის მონაწილეთა მიერ ნასროლი პიროტექნიკით იყო გამოწვეული. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, სარჯვალაძემ განაცხადა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა ნიშანი ნორმალურია და რომ მას ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება, ხოლო თუ საოპერაციოდ საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობა გახდება, სახელმწიფო ამაზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს.

17:30 – იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კიტამურა ტოშიჰირომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ იაპონია ყურადღებით ადევნებს თვალს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომლის დროსაც მომიტინგეები და უსაფრთხოების ძალები ერთმანეთს დაპირისპირდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები და დაზიანებები მოყვა შედეგად. “იაპონია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, და იმედოვნებს, რომ ის მიიღებს კონსტრუქციულ ზომებს, რათა გაუგოს საკუთარ ხალხს და განმუხტოს ვითარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

16:39 – განათლების სამინისტრო სკოლების შეფერხებებს გმობს და „ბავშვთა დაცვისკენ“ მოუწოდებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უკმაყოფილება გამოხატა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბოლოდროინდელი შეფერხებების გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ „კონკრეტული პირები“ ზეწოლას ახდენენ სკოლებზე, ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის. „მსგავსი ქმედება არღვევს არასრულწლოვანთა ზოგადი განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას და ქმნის ნიადაგს ძალადობრივი გარემოსთვის“, – აცხადებს სამინისტრო.

16:05- მიხელსონი: საპრეზიდენტო ინსტიტუტი ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშშვილის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო: „გასაკვირი არაა. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი საქართველოში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტია. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ეს დამოუკიდებლობა 14 დეკემბერს დაანგრიოს“.

16:00 – საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელები არსებით განხილვაში არ მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 3 დეკემბერს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მან არსებით განხილვაში არ მიიღო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და 30 ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობას ეჭვქვეშ აყენებდა.

15:50 – სტივენ დოუტი გმობს პოლიციის ძალადობას საქართველოში და დეესკალაციისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში სტივენ დოუტიმ დაგმო სპეცრაზმის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ძალადობა მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ და მას შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზული დარღვევა უწოდა, როგორც ამის თაობაზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღნიშნა. დოუტიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას განმუხტოს სისასტიკე და გააფრთხილა, რომ „დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორება მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირს გამოუთხრის ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან“.

13:30 – აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს, მის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

ბლოგერი და აქტივისტი დოდი ხარხელი პოლიციამ მისი შვილის საბავშვო ბაღთან დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მიზნით აქტივისტის სახლთან პოლიციაა მობილიზებული.

13:20 – ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების მხარდასაჭერად, ლიეტუვაში აქცია გაიმართა

ლიეტუვის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა X-ზე დაწერა, რომ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. „სოლიდარობის აქცია ვილნიუსში, რათა გამოვხატოთ ლიეტუვის გულითადი მხარდაჭერა საქართველოში ჩვენი დებისა და ძმების მიმართ, რომლებიც იბრძვიან რუსული ოცნების/ქართული კოშმარის წინააღმდეგ და ევროკავშირში/ნატოში ღირსეული ადგილის დასაკავებლად“, – წერს პავილიონისი.

13:15 – მასწავლებლებისა და მოსწავლეების საპროტესტო აქცია საქართველოს მასშტაბით გრძელდება

საპროტესტო გამოსვლები დაიწყო თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში, ბათუმში, რუსთავსა და ხაშურში, რადგან მასწავლებლები და მოსწავლეები გმობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, რომ მათ არ სურთ გახდნენ რუსეთი.

12:50 – შსს მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის 37 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 37 წლის პირი დააკავა, რომელსაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედება, პოლიციელებზე და საჯარო დაწესებულებებზე თავდასხმის, კერძოდ, პოლიციის წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების გამო. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი“, – აცხადებს შსს.

12:40 – ჯანდაცვის სამინისტრო: 2 დეკემბრის საპროტესტო აქციის შედეგად 26 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბრის საპროტესტო აქციების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 26 ადამიანი. აქედან, აქციის 23 მონაწილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენელია. სამინისტრომ დაადასტურა, რომ არცერთი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და რომ სამედიცინო დახმარება გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, მათ შორის აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.

12:20 – ჯო უილსონი: დონალდ ტრამპი დაუდგება ქართველ ხალხს და არა ამჟამინდელ რეჟიმს

ინტერვიუში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ ქართველი ხალხის პროტესტის მიმართ და პარალელები გაავლო აღმოსავლეთ ევროპაში წარსულში განვითარებულ დემოკრატიულ მოძრაობებთან. მან ხაზი გაუსვა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებაში მიცემის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სანქციები უნდა დაუწესდეთ იმ პირებს, რომლებიც ამ ჩახშობის ორგანიზატორები არიან. უილსონმა ასევე გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით არალეგიტიმურია საარჩევნო დარღვევებისა და კონსტიტუციის შელახვის გამო. აშშ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ მიუხედავად ქართველი ოფიციალური პირების მტკიცებისა, მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც დემოკრატიის მხარდამჭერია, „დადგება საქართველოს ხალხის და არა იმ რეჟიმის გვერდით, რომელმაც არჩევნები გააყალბა“.

12:00 – ევროკომისარი მარტა კოსი: „თქვენს ნებას პატივი უნდა სცენ“

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა და პატივისცემა ქართველი ხალხის ნების მიმართ, გაყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. „დღეს მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ შემაშფოთებელ ვითარებაზე. ვაფასებ ქართველი ხალხის გაბედულ მონდომებას განაგრძოს ევროპისკენ მიმავალი გზა. თქვენს ნებას პატივი უნდა სცენ. ევროკავშირი თქვენს მხარესაა“.

11:00 – საია გმობს დეკემბრის საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევას და ხაზს უსვამს უსაფრთხოების საკითხებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაგმო 2-3 დეკემბერს საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა და გააკრიტიკა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება. ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა შენობების სახურავიდან გამოშვებული გაზის კაფსულების საშიშროებას და გააფრთხილა, რომ ასეთმა ქმედებებმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საიამ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც შევჩენკოს ქუჩაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დევნა დაიწყო, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, შევჩენკოს ქუჩაზე დროებით განათებები ჩაქრა, რამაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაამძაფრა.

10:26 – მიხაელ როთი საქართველოშიგაყალბებული არჩევნებისგამო ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა X-ზე დაწერა, რომ საჭიროა გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯი საქართველოში თავისუფლების მებრძოლებისა და პროევროპელების მხარდასაჭერად. მან ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე როთმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა ცნოს „გაყალბებული არჩევნები“ და თავისუფალი+სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოითხოვოს“.

03:00 – შეტაკება დემონსტრანტებსა დაშავებშიჩაცმილ კაცებს შორის

დილის 3 საათზე დემონსტრანტებსა და დაუდგენელ „შავებში“ ჩაცმულ მამაკაცებს შორის შეტაკებამ უფრო რადიკალური სახე მიიღო თბილისის ვიწრო ქუჩებში, რადგან დემონსტრანტები პატარა ჯგუფებად დაიშალნენ. ისინი იყენებენ პიროტექნიკას. პოლიცია ისვრის გაზის ჭურვებს და ცალკე მყოფ აქციის მონაწილეებს აკავებს, რომლებიც ხელში ჩაუვარდებათ. ახლომახლო ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

01:30 – აქციის რამდენიმე მონაწილემ ორბელიანის ქუჩაზე გადაინაცვლა და მოძრაობა გადაკეტა

აქციის მონაწილეთა ნაწილმა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაარბიეს, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის გავლით ორბელიანის ქუჩაზე გადაინაცვლა და ორბელიანის მოედანთან მოძრაობა გადაკეტა. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება.

ორშაბათი, 2 დეკემბერი

23:10 – მოსამართლემ შოთა ნარსიას 2 800 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) უფროსი მკვლევარი შოთა ნარსია დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში და 2800 ლარით დააჯარიმა. ნარსია 1 დეკემბრის აქციის დარბევის დროს დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, ნარსიას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

22:25 – სირაძე: აგრესიული ჯგუფის გამო აქციის დარბევა დაიწყო

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ, რომელსაც დღეს ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ დაასანქცირეს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ვინაიდან, თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა“. მისი თქმით, სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნებისა და პიროტექნიკის სროლა, პოლიციის თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფის მიყენება.

„ყველამ კარგად დაინახეთ, რომ შსს-ს თანამშრომლები უსაფრთხოების დაცვის მიზნით იდგნენ პარლამენტის ტერიტორიაზე და იგერიებდნენ იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც აქციის მონაწილეებისგან ჰქონდა ადგილი. 100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული, ესროდნენ პიროტექნიკას, ესროდნენ სხვადასხვა რკინის საგანს და სერიოზული დაზიანება მიიღეს პოლიციელებმა, მათ შორის დასჭირდათ ქირურგიული ჩარევები“, – განაცხადა სირაძემ.

22:19 – პოეტ ზვიად რატიანს რვადღიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ პოეტ ზვიად რატიანს რვადღიანი პატიმრობა მიუსაჯა. რატიანი 29 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დარბევისას დააკავეს. დაკავებისას სასტიკად სცემეს, მის სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მას აღენიშნება „მეხუთე მალის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის და ძგიდის მოტეხილობა,  თავზე და მთელ სხეულზე აღენიშნება სხვადასხვა სიმძიმის გემატომები, დაჟეჟილობები”. მას დღეს დილით ოპერაცია ჩაუტარდა და კვლავ საავადმყოფოში იმყოფება.

22:00 – პოლიციამ აქციის მონაწილეების დარბევა უჩვეულოდ ადრე დაიწყო

სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ რესპუბლიკის მოედნისკენ გაქცეულიყვნენ. შემდეგ სპეცრაზმმა ძირითადი ქუჩები გადაკეტა და ახლა მშვიდობიან დემონსტრანტებს ვიწრო ქუჩებში მისდევს. ბევრი დემონსტრანტი კვლავ ადგილზე რჩება.

21:16 – ოპოზიციის წევრ საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს გელა ხასაიას სამი ე.წ. ტიტუშკა საკუთარ სახლთან დაესხა თავს, როდესაც ის აქციაზე მისვლას ცდილობდა. მას სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

19:11 – პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს

პარლამენტის შენობაში განლაგებულმა სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. თუმცა აქციის მონაწილეები პროტესტს აგრძელებენ.

17:30 – „მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის“ – საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან

საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, ისევე როგორც არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცის მასწავლებლები შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. აქციაზე გამოხატეს შეშფოთება საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ხელისუფლების მთავრობის პოლიტიკის გამო. აქციის მონაწილეებმა დაკავებულთა გათავისუფლება და ძალადობის შეწყვეტა მოითხოვეს.

17:20 – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი შესაძლო სანქციებს აანონსებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ კანადა აპირებს სანქციები დაუწესოს ინდივიდუალურ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და კორუფციაში არიან ჩართულნი. კანადამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და გამოხატა შეშფოთება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო.

17:00 – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლანდსბერგისმა სანქცირებული თანამდებობის პირების სია გამოაქვეყნა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. სია ასე გამოიყურება: ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური (შს მინისტრი), შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე), იოსებ ჭელიძე (შს მინისტრის მოადგილე), ალექსანდრე დარახველიძე (შს მინისტრის მოადგილე), გიორგი ბუთხუზი (შს მინისტრის მოადგილე), ზვიად ხარაზიშვილი “ხარება” (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი), მილერი ლაგაზაური (ხარაზიშვილის მოადგილე), მირზა კეზევაძე (ხარაზიშვილის მოადგილე), ვაჟა სირაძე (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), თეიმურაზ კუპატაძე (კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი).

16:15- გიორგი გაბეხაძე შსს აკადემიას ტოვებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უფროსმა ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია!“, – გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაბეხაძის გადადგომას.

16:10 – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განცხადება გაავრცელა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვადასხვა მიმართულებით აქამდე არსებული ქვეყნის ყოველი პროგრესი უკავშირდება სწორედ ევროინტეგრაციის პროცესს. გაერთიაანებამ მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. „ვთვლით, რომ 2028 წლამდე მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმის თაობაზე ხელისუფლების გადაწყვეტილება, ისევე როგორც მათ მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში. გაერთიანებამ დაგმო ბოლო დროს სპეცრაზმის ძალადობის გამოყენება აქტივისტების მიმართ, ამ ქმედებებს მიუღებელი უწოდა და მოუწოდა ხელისუფლებას ვრობას, პრიორიტეტული იყოს დემოკრატიული ღირებულებები და გამჭვირვალობა გადაწყვეტილების მიღებისას. „მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ევროინტეგრაციის გზით არის შესაძლებელი მივაღწიოთ საზოგადოების კეთილდღეობას, სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, ღირსეულ დასაქმებას და ზოგადად, ადამიანის უფლებათა განუხრელ დაცვასა და პატივისცემას“, – აცხადებს გაერთიანება.

16:00 – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დროებით იხურება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 10 დღით წყვეტს სასწავლო პროცესს.

15:50 – ICC გმობს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (ICC) დაგმო ქართული ოცნების გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. განცხადებაში ICC-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი და გააფრთხილა, რომ ამგვარმა ქმედებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იწვევს ინვესტორების ნდობის შელახვას, უცხოური ინვესტიციების შეჩერებას და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდვას, განსაკუთრებით ვაჭრობის კუთხით.

14:18 – „ჩვენ გვინდა ევროპა!” სტუდენტთა საპროტესტო მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ

სტუდენტები ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი თსუ-ის პირველი კორპუსისკენ მიემართებიან, სადაც აპირებენ მოითხოვონ სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სასწავლო პროცესის შეჩერება და სტუდენტებისთვის საპროტესტო აქციაში ჩართვის უფლება.

14:10 – მშობლების საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

მშობლები 18 წლამდე შვილებთან ერთად საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენებას გმობენ. საპროტესტო აქციებს „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილიც შეუერთდა, თუმცა, მისი თქმით, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც დედა.

13:30 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც იგი პოლიციამ თამარაშვილის გამზირზე დააკავა და გზის ხელოვნურად გადაკეტვის მცდელობის ადმინისტრაციული ბრალი წაუყენა.

12:30 – ჯანდაცვის მინისტრი: 37 დაშავებული ბოლო 24 საათის განმავლობაში

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 24 აქტივისტი და 12 პოლიციელი. სარჯველაძემ ხაზი გაუსვა როგორც აქტივისტებისთვის, ისე პოლიციელებისთვის მიყენებული დაზიანებების სიმძიმეს და განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პიროტექნიკის გამოყენების შედეგად პოლიციელებისთვის მიყენებულ მძიმე დაზიანებებს.

11:47 – პრეზიდენტი: დაკავებულ მომიტინგეებს სცემენ

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ „დაკავებულთა უმრავლესობას აქვს დაზიანებები თავისა და სახის არეში, სახის ძვლების მოტეხილობა, თვალის კაკლების დაზიანება, ღია ჭრილობები. ისინი ექვემდებარებოდნენ სისტემატურ ცემას დაკავებასა და უკვე გადატვირთულ იზოლატორებში გადაყვანის პროცესში, როგორც ამის თაობაზე იურისტები იტყობინებიან“.

11:02 – სკოლები, უნივერსიტეტები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ

დღეს საქართველოს მასშტაბით სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და კურსდამთავრებულები გაიფიცნენ. თბილისში კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა გზა გადაკეტეს. სკოლების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში, მათ შორის სამეგრელოში, გორში, ქუთაისში, ბათუმში და ა.შ. სკოლების გარდა, უნივერსიტეტის სტუდენტებიც გაიფიცნენ როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს რეგიონებში.

11:00 – შსს: დაკავებულია სულ 224, პოლიციელები დაშავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სულ 224 პირი დააკავეს. დაკავებები განხორციელდა წვრილმანი ხულიგნობის (მუხლი 166) და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის (მუხლი 172) ადმინისტრაციული ბრალდებებით. საპროტესტო აქციების დროს შსს-ს 113 თანამშრომელი დაშავდა.

08:50 – „კოალიცია ცვლილებისთვისერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ ახლახანს თბილისში, ვაკის პარკთან დააკავა.

06:30 – პოლიცია აქციის მონაწილეები ძალადობრივად დაარბია

დაახლოებით დილის 6:30 საათზე პოლიციის შენაერთები აქტიურად დაიწყეს აქციის მონაწილეების დაშლა. მათ აქციის მონაწილეებს ალყა შემოარტყეს და რუსთაველის გამზირის დასატოვებლად მხოლოდ ერთი ქუჩა დაუტოვეს. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ამ ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა. პოლიცია დანარჩენ დემონსტრანტებს დაედევნა და მეტრო რუსთაველისკენ გაჰყვა, სადაც რამდენიმე მათგანი ძალის გამოყენებით დააკავეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ჭავჭავაძის გამზირზე გაიქცა, რომლებიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კიდევ ერთი ეპიცენტრია. დაახლოებით 07:30 საათზე მათ ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და საპროტესტო აქციას აგრძელებენ.

01:45 – სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა დარბევა დაიწყო

სპეცრაზმი მომიტინგეებისკენ მიიწევს და ცდილობს მათ დაშლას წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ძლიერი გამოყენებით. აქციის მონაწილეები უკან იხევენ და ბარიკადების აწყობას იწყებენ.

01:15- ყოფილი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ბოლო მოვლენებზე საუბრობს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებას ან არ ესმის, ან უგულებელყოფს მომიტინგეების გზავნილს და დასძინა, რომ „ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე“.

00:10 – ექიმები: საქართველოს ადგილი ევროკავშირშია

სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლებმა განცხადება (მანიფესტი) გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ „ქვეყნის დღევანდელი მმართველები არ იცავენ კანონს, თელავენ ადამიანის უფლებებს, ძალადობენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან საქართველოს ევროპულ მომავალს“. განცხადებაში ნათქვამია: „ექიმები ვდგავართ, ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენი თავისუფლებისა და საერთო სახელმწიფოს გადარჩენისთვის ბრძოლაში.  საქართველოს მომავალი დემოკრატიულ საერთაშორისო თანამეგობრობაშია. საქართველოს ადგილი ევროპის კავშირშია“. ექიმების თქმით, მათი მოვალეობაა, დაიცვან ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება, რასაც „ყველაზე უკეთ თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში შევძლებთ“.

00:05 – შს მინისტრის მოადგილე პროტესტიდან მცირეწლოვანი ბავშვების გაყვანას ითხოვს და სამართლებრივი ქმედებების შესახებ აფრთხილებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერებით ვრცელდება კადრები, სადაც მიმდინარე შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეინიშნებიან მცირეწლოვანი ბავშვები. მან მოუწოდა მოქალაქეებს შეწყვიტონ „კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“ და მოუწოდა „მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები“. დარახველიძემ მშვიდობიანი დემონსტრანტები პარლამენტზე ძალადობრივ თავდასხმებში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

კვირა, 1 დეკემბერი

23:40 – სენატორი რიში საქართველოს მოუწოდებს შეწყვიტოს ძალადობა და შეცვალოს ევროკავშირთან დაკავშირებული გადაწყვეტილება

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და მოუწოდა ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ. „საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას. ეს დღევანდელი ხელისუფლების ნამდვილ სახეს აჩვენებს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“.

23:00 – ერთიანობანაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სპეცრაზმის სამიზნე გახდა

ლევან ხაბეიშვილის თქმით, სპეცრაზმი მას თავს დაესხა, როდესაც ჭიჭინაძის ქუჩიდან 15 ნიღბიანი მამაკაცი გამოვარდა და მისი დაკავება სცადა. თუმცა, საზოგადოების ჩარევით სპეცრაზმმა მისი დაკავება ვერ შეძლო. ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სპეცრაზმი მას განზრახ ეძებდა და დასძინა, რომ ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გასვლისას გაიგო. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ 30 აპრილს გამართულ აქციაზე, ლევან ხაბეიშვილი პოლიციამ სასტიკად სცემა.

22:50 – გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ბალტიისპირეთის ქვეყნები სანქციებს დაუწესებენ თბილისში პროტესტის ჩამხშობებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა X-ზე დაწერა, რომ „ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო ერთობლივად შეთანხმდნენ ეროვნული სანქციები დაუწესონ მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტი ჩაახშო. დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ ელიან“.

22:40 – პოლიციამ ჭიჭინაძის ქუჩაზე გაფრთხილება გაავრცელა

სულ ცოტა 15 წუთიანი წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა. მომიტინგეებმა მაინც განაგრძეს დემონსტრაცია, ზოგიერთმა ჭიჭინაძის ქუჩის შესასვლელთან წყლის ჭავლის მანქანისთვის გზის გადაკეტვა სცადა.

22:25 – სპეცრაზმი ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლს იყენებს

პარლამენტის გარშემო ვითარება იძაბება. სპეცრაზმმა ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეები ისევ ისვრიან პიროტექნიკას.

21:35 – პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს

სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის შიგნიდან წყლის ჭავლი გამოიყენა შენობის გარშემო შეკრებილი მომიტინგეების დიდი მასის დასაშლელად. საპასუხოდ, აქციის მონაწილეებმა ცოცხალი კედელი გააკეთეს და მტკიცედ დგანან საქართველოს დროშებით, როგორც წინააღმდეგობის სიმბოლოთი ხელში. ძალის გამოყენების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე აქციის უამრავი მონაწილე რჩება.

20:15 – შსს: სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, 1997 წელს დაბადებულმა პირმა რომელიც „ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია“, 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე „აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა“. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

19:50 – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარედ შეკრებილი აქციის მონაწილეებმა კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა კოსტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მოძრაობა გადაკეტეს. მათ ტელევიზიის ხელმძღვანელობას მათთან შეხვედრის ვადა 19:30 საათამდე განუსაზღვრეს. ისინი ტელეკომპანიას ცრუ ნარატივების გავრცელებაში, მმართველ პარტიის სამსახურსა და განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობის წართმევაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები, რომელთაგან ბევრი ჟურნალისტი, კინორეჟისორი და საზოგადო მოღვაწეა, ეთერის დათმობას ითხოვენ.

18:00 – თბილისში 1 დეკემბერს სამი საპროტესტო აქცია იგეგმება

1 დეკემბერს სამი საპროტესტო აქცია იგეგმება:
18:00 საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან
19:00 პარლამენტთან
19:00 ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

იმავდროულად, საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ხაშურში, გორში, ოზურგეთსა და ატენში.

17:00 – აშშ-ში საქართველოს ელჩი გადადგა

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ეს ინფორმაცია ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.

14:00 – აქციის მონაწილეები ვაკის გზაჯვარედინის ბლოკირებას განაგრძობენ

მოხალისეებს საკვები მოაქვთს, რადგან აქციის მონაწილეთა ჯგუფი ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან რჩება და გამთენიისას პოლიციის დარბევის შემდეგ მთავარი გზაჯვარედინი აქვს გადაკეტილი. მათ სხვა აქტივისტებიც უერთდებიან.

მოხალისეები ჭავჭავაძის გამზირზე საკვებს არიგებენ, 1 დეკემბერი, 2024. ფოტო: ბაჩო თაველიშვილი

07:45 – აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან განდევნეს, მათ ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და პროტესტს აგრძელებენ

რუსთაველის გამზირი პოლიციამ აქციის მონაწილეებისგან გაწმინდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა და მოძრაობა გადაკეტა. ისინი ხალხს მოუწოდებენ, არ წავიდნენ სამუშაოდ და შეუერთდნენ მათ.

06:00 – აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რჩებიან

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობა რჩება. პოლიცია აგრძელებს წინ მყოფთა დარბევას ცრემლსადენი გაზით, უმრავლესობა კი უკან რჩება.

03:00 – აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნისკენ განდევნეს

შსს-ს მიერ ცრემლსადენი გაზის ინტენსიური გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეები პარლამენტის მოედნიდან ოპერისკენ და რესპუბლიკის მოედნისკენ განდევნეს. პოლიცია დევნის და აკავებს აქციის მონაწილეებს. თუმცა, ისინი არ იშლებიან. დაკავებულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გააჩერეს სახანძრო მანქანა, რომელსაც წყლის ჭავლის მანქანისთვის წყალი მიჰქონდა და წყალი დააქცევინეს.

02:00 – პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებს

პოლიციამ პარლამენტის გარშემო მომიტინგეების დასაშლელად, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რჩებიან.

00:50 – პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს, მომიტინგეებს აფრთხილებს

პარლამენტის გარშემო ვითარება იძაბება. სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა და ახლა დაშლის გაფრთხილებას ავრცელებს. აქციის მონაწილეები ისევ ისვრიან პიროტექნიკას.

შაბათი, 30 ნოემბერი

23:50 – პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ვითარება იძაბება

სიტუაცია იძაბება რუსთაველის გამზირზე, სადაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მესამე დღეა მიმდინარეობს. რამდენიმე დემონსტრანტმა პარლამენტის ფანჯრები ჩაამსხვრია და პარლამენტის შენობას პიროტექნიკა დაუმიზნა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფიტული  შენობის წინ დაწვეს. ხანძარი პარლამენტის შენობაშიც გაჩნდა.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კვლავ ბარიკადები აღმართეს, თუმცა პოლიციის მხრიდან რაიმე რეაგირება ჯერ არ მოყოლია.

20:30 – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციის მონაწილეებს პირდაპირი ეთერი დაუთმო

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი ეთერი დაუთმო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მაუწყებლის შენობასთან მისი მიკერძოებული გაშუქებისა და სარედაქციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად მივიდნენ. გადაცემას არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი უძღვება. გადაცემის სტუმრები აპროტესტებენ, რომ ტელეკომპანია უსამართლოდ აშუქებს მოვლენებს, ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ, და ოპოზიციის წარმომადგენლებს ეთერს არ უთმობს.

20:20 – რუსთავი 2-ის ბრიუსელის კორესპონდენტი არხს ტოვებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ბრიუსელის კორესპონდენტმა თამარ ნუცუბიძემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. „არასდროს ისე შორს არ ვყოფილვართ ევროკავშირისგან როგორც ახლა! ათი წლის წინ, აქ ბრუსელში, სწორედ იმიტომ ჩამოვედი რომ, ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია გამეშუქებინა. გამომდინარე აქედან, თქვენი, მაყურებლის წინაშე ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვტოვებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს“, დაწერა მან სოციალურ ქსელში.

19:15 – იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გადადგა

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ვეკუამ თანამდებობა დატოვა, სავარაუდოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

19:00 – საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს ქალაქებში: ახალციხეში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, ასპინძაში და სხვა. ხალხი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს აჩერებს.

18:00 – ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელზე წვდომას ითხოვენ

ჟურნალისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მივიდნენ და არხისგან მიუკერძოებელ გაშუქებასა და მმართველი პარტიის პროპაგანდის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი პირდაპირი ჩართვას მოითხოვენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში აშუქებს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო ძალადობა და ძალის არაპროპორციული გამოყენება, ასევე ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მოუწოდა ხელისუფლებას ოპერატიულად და ეფექტურად გამოიძიოს ეს ქმედებები და უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპული იდეა და ინსტიტუტია და ყოველთვის განაგრძობს საზოგადოების წინაშე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

17:38 – სასამართლომ აქციის ორ დაკავებულს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ორ მოქალაქეს, გიორგი წაქაძეს და ზურაბ წიკლაურს დღეს 5 და 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ისინი 28-29 ნოემბრის ღამეს დააკავეს. იმ ღამეს სულ 150 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში სდებენ ბრალს.  სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქციის დროს პოლიციის ძალის გადამეტებულ გამოყენებას იძიებს.

17:00 – საქართველოს ელჩმა ნიდერლანდებში თანამდებობა დატოვა

საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დაწერილ წერილში მან აღნიშნა, რომ ის პირნათლად ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს, ვიდრე „მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა“.

14:10 – რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, დიპლომატებს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ ხალხს და დიპლომატებს. „როგორც ევროკავშირის წევრი, რუმინეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს მათ ლეგიტიმურ ბრძოლაში ღირსების, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. ასევე ვუცხადებთ სოლიდარობას დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად გამოვიდნენ“, – წერს სამინისტრო X-ზე.

14:00 –აქციის შედეგები: პარლამენტთან რევოლუციის მოწოდებისა და „ქართული ოცნების“ შეურაცხმყოფელი წარწერები საღებავით გადაფარეს

გასული ღამის საპროტესტო აქციის შემდეგ, მუნიციპალურ დასუფთავების სამსახურს საქართველოს პარლამენტის შენობის კედლებიდან წარწერების მოხსნა დაევალა. წარწერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას შეურაცხყოფდა და რევოლუციისკენ მოუწოდებდა შავი სპრეის საღებავით დაიფარა. მართალია ვითარება ამ დროისთვის მშვიდია, მოსალოდნელია, რომ ის ხანმოკლე იქნება, რადგან მოქალაქეები დღეს საღამოს კვლავ შეკრებას გეგმავენ.

12:00 – ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატები და თანამშრომლები ქართველ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებმა და თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველ კოლეგებს, რომლებიც გაემიჯნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ჩვენ მთელი გულით მივესალმებით ჩვენი ქართველი კოლეგების გაბედულ ნაბიჯს, რათა საკუთარი ხმა ყველას გააგონონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და მისი მომავალი ევროკავშირსა და ნატოს უკავშირდება. ქართველი ხალხის მისწრაფებები, რომელთაგან 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არ შეიძლება ჩაიშალოს“, – აცხადებენ ხელმომწერები.

ისინი ასევე მოუწოდებენ სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების დიპლომატებსა და თანამშრომლებს შეუერთდნენ ქართველ კოლეგებთან სოლიდარობის აქციას.

06:10 – პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია

დაახლოებით დილის 6:10 საათზე პოლიციამ, რომელთა უმეტესობასაც სახეები დაფარული ჰქონდა, ასევე უცნობმა მამაკაცებმა შავებში, გაფრთხილების გარეშე სადამსჯელო ოპერაცია დაიწყეს რუსთაველის გამზირის გასაწმენდად. მათ აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს და სცემეს. შემდეგ მომიტინგეები რესპუბლიკის მოედნისკენ განდევნეს და რუსთაველის გამზირი მოძრაობის აღსადგენად გაათავისუფლეს. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია უმოწყალოდ და ძალადობრივად ურტყამს აქციის მონაწილეებს, მათ შორის თავსა და სახეში.

04:10 – 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ 29 და 30 ნოემბერს ამ დროისთვის 60-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. დამკვირვებლის თქმით, დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ყოველ წუთს იღებს ცხელი ხაზის საშუალებით. საია ამბობს, რომ დაკავებულების პოვნას ხშირად დრო სჭირდება და ყველა ძალისხმევას იყენებს, რომ ისინი ადვოკატმა რაც შეიძლება მალე ნახოს. ორგანიზაციის თქმით, ადვოკატის გარეშე არავინ რჩება.

04:00 – პროტესტი გრძელდება

30 ნოემბერს, დილის 4 საათზე, რუსთაველის გამზირზე მყოფი დემონსტრანტები, რომელთა პროტესტიც მთელი ღამე გაგრძელდა, კვლავ იქ იმყოფებიან. ადგილზეა მობილიზებული სპეცრაზმი, რომელმაც არაერთხელ სცადა მომიტინგეების დაშლა ძალის, წიწაკის სპრეის, გაზის ჭურვების, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით.

01:20 – პრეზიდენტი: ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი თავდასხმების მოწმე ვართ

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული სასტიკი თავდასხმების კომენტირებისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის X-ის ანგარიშზე დაწერა: „კიდევ ერთხელ გავხდით ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების მოწმე, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ამ ქმედებების პატიება დაუშვებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებაში უნდა მიეცენ“.

00:30 – ბათუმში სულ მცირე ოთხი პირი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, სადაც აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მიმდინარეობს, სულ მცირე ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. რუსთაველის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია.

პარასკევი, 29 ნოემბერი

23:59 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ საჯარო მოხელეების სოლიდარობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა მთელ საქართველოში დაიწყო და არ დასრულდება. მან ასევე მოუწოდა სპეცრაზმს, ხელი არ აწიონ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. 

23:54 – ტვ პირველის ჟურნალისტი აქციაზე მძიმედ დაშავდა

TV პირველი იუწყება, რომ აქციის დროს მძიმედ დაშავდა მისი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს მარიამი ცდილობდა ამ მომენტის დაფიქსირებას, როდესაც ფიზიკურ დაპირისპირებაში მოხვდა, მიწაზე დაეცა და თავი დაარტყა.

23:33 – შსს-მ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი. წყალში, სავარაუდოდ, ქიმიური გამღიზიანებელია შერეული. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები მზად არიან ნებისმიერ დროს განახორციელონ რეპრესიები. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აგინებენ ისინი ხმის გამაძლიერებელში აქციის მონაწილეებს და ემუქრებიან მათ.

20:00 – რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტა, რადგან სულ უფრო მეტი ხალხი მიდის, რათა გააპროტესტონ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. უსაფრთხოების ძალები უკვე მობილიზებულია თავისუფლების მოედანზე, სადაც ასევე გადაიკეტა მოძრაობა.

19:25 – რუსთაველის გამზირზე მორიგ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

უკვე მეორე დღეა თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას აპირებს. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან, რომელიც უკვე გადაკეტილია. შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცაა მობილიზებული.

19:10 – ნიუტონის თავისუფალი სკოლა სწავლას დროებით აჩერებს

ნიუტონის თავისუფალი სკოლა 2 დეკემბერს დროებით დაიხურება. „ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას“, – აღნიშნულია სკოლის ფეისბუქის პოსტში.

19:05 – საქართველოს ორი უნივერსიტეტი ეხმიანება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას

საქართველოს ორი კერძო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციები ეხმიანებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ და ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის მომავალს. „საქართველოს სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისა და ფასეულობებისაკენ ეფუძნება ხალხის ნებას და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით“, – აცხადებს თავისუფალი უნივერსიტეტი.

19:00 – ჟურნალისტების საპროტესტო მსვლელობა დაშავებული კოლეგების მიმართ სოლიდარობის ნიშნად

ადგილობრივმა ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს 29 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დარბევის დროს დაშავებულ კოლეგებს.

18:30 – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლების განცხადება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 112-მა თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიმართ ერთგულება. თანამშრომლები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის ინტერესებს. „ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ საქმიანობა შეუფერხებლად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და დავიცვათ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ფასეულობები. ვრჩებით ერთგულნი ქვეყნის, მისი კონსტიტუციის, კანონის, საერთასორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების, ხალხისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რაც თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და განმტკიცებული დათქმაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

18:00 – ევროპარლამენტარების განცხადება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნილს უშაკოვსმა და საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც სინანული გამოხატეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ 2022 წლის მარტში შეტანილი განაცხადი და კანდიდატის სტატუსის მიღება 2023 წლის დეკემბერში მნიშვნელოვანი მომენტები იყო, რომლებიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო პროცესის წინსვლისთვის. სანაცვლოდ, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა,  მათ შორის საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტები და ძირი გამოუთხარა არჩევნების მთლიანობას. ევროპარლამენტარებმა ასევე დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი პროევროპელი მომიტინგეების მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და პროდემოკრატიული მოძრაობების მიმართ, რომელთა მიზანიც ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებაა.

17:00 – კიდევ ერთი უნივერსიტეტი სწავლის პროცესს დროებით აჩერებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, კიდევ ერთმა კერძო უნივერსიტეტმა, სწავლის პროცესი დროებით შეაჩერა. „ვიზიარებთ პოზიციას, რომელიც სტუდენტებმა და ჩვენმა აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა გუნდმა გამოხატა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით“, – აცხადებს უნივერსიტეტი.

15:55 – სანდუ: მოლდოვა გმობს პოლიციის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს: „ქართველები ევროპელები არიან. საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერავინ წაართმევს მათ. მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

15:50 – საქართველოს მასშტაბით აქციები გრძელდება

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივები იკრიბებიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ აქციები ზუგდიდსა და ქუთაისში იმართება. სამოქალაქო აქტივისტები და საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას და პოლიციის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებზე ძალადობას.

15:10 – კიდევ ერთი უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს

სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს. სტუდენტები სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებენ, აცხადებენ უნივერსიტეტში.

15:05 – სტუდენტების მსვლელობა ევროკავირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების წინააღმდეგ

სტუდენტები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და მას „რუსულ რეჟიმს” უწოდებენ. სტუდენტები პროტესტის ნიშნად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ მიდიან. მათი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს წინსვლისთვის.

15:00 – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა.

მიხაელ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „ეს ხდება ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვშიშობდით: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების ნაცვლად. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანგრევს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში“.

მარია შტენერგარდი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „სერიოზულად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ განცხადებით, რომ ის შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და უარს იტყვის ევროკავშირის გრანტებზე 2028 წლამდე. ეს ემატება შემაშფოთებელ მოვლენებს, მათ შორის წლის დასაწყისში მიღებულ შემზღუდავ კანონებს და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გამოვლენილ დარღვევებს“.

გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი: „ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით!

მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხმა წუხელ თბილისსა და რამდენიმე სხვა ქალაქში აჩვენა, რომ არ სურს თავისი ქვეყანა რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს დაუთმონ“.

12:25 – საქართველოს ელჩი ბულგარეთში თანამდებობას ტოვებს

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. „ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში (ორ ათეულ წელზე მეტი), მე აქტიურად ვიყავი ჩართული ჩემს კოლეგებთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წინსვლასა და მყარი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაში ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენს დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეექმნას საფრთხე“, – წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

12:00 – ორი უნივერსიტეტი დროებით სასწავლო პროცესს აჩერებს

ორმა კერძო უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა და საქართველოს უნივერსიტეტმა დროებით სასწავლო პროცესი შეაჩერა.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას. გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე“, – ნათქვამია საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებაში.

10:30 – ევროკავშირის ელჩი: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება „ძალიან გულსატკენია“

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტის შესახებ „ძალიან სამწუხარო“, „ძალიან სავალალო“ და „გულსატკენია“. „ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ“, – განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს. მისი თქმით, საქართველო არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, განაგრძოს თუ არა ევროინტეგრაცია.

09:35 – შსს: დაკავებულია 43 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აქციის დროს  წვრილმანი ხულიგნობისა (მუხლი 166) და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლი) ბრალდებით 43 პირია დაკავებული. შსს-ს ცნობით, აქციის დროს დაშავდა 32 პოლიციის თანამშრომელი, 13-ს ოპერაცია დასჭირდა, ერთი კი კვლავ საავადმყოფოშია.

შსს-ს ინფორმაციით, „გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები“. თუმცა, უამრავი ინფორმაცია პოლიციის მიერ ძალის უკანონო და გადამეტებულ გამოყენებაზე მიუთითებს. მოწმეების თქმით, პოლიცია მიზანმიმართულად იყენებდა წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და ქიმიურ გამღიზიანებლებს. იგივე ფაქტის თაობაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც აღნიშნა.

08:15 – პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

29 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში სპეციალური „წითელი უსაფრთხოების დონე“ ამოქმედდა, რომელიც ნებისმიერ პირს, მათ შორის ჟურნალისტებს შესვლას უკრძალავს, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური. ამავე ინფორმაციით, შენობაში ვერ შევა ვერავინ, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”.

06:30 – პრეზიდენტი: ველოდები მკაცრ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: „თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება პროტესტი და რეპრესიები. სამიზნეები არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ველოდები მკაცრ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან“.

05:50 – ორი პოლიტიკოსი ქალი დაშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქალი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია და ნანა მალაშხია (ქალი ევროკავშირის დროშით 2023 წლის უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციიდან) საპროტესტო აქციის დროს დაშავდა. ორივე მათგანი „კოალიცია ცვლილებისთვის| წევრია. ხოშტარიას ხელი, მალაშხიას კი ცხვირი აქვს გატეხილი.

05:40 – აქციაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას, რომელიც ღამის საპროტესტო აქციას აშუქებდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა იმ პირთაგანმა, რომლებიც შავებში იყვნენ ჩაცმული, ჩაფხუტებითა და გაზის საწინააღმდეგო ნიღბებით და სპეცრაზმელებთან ერთად მოქმედებდნენ. ისინი მშვიდობიან მომიტინგეებს დევნიდნენ და ცემდნენ. როგავა დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

04:07 – პრეზიდენტი: მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28-29 ნოემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა. მან დაწერა: „მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთაც  არაპროპორციულად და მიზანმიმართულად ესხმიან თავს, როდესაც ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ და მოვლენებს განუწყვეტლივ აშუქებენ“.

04:05 – კიდევ ერთ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად  

გავრცელებული ინფორმაციით, პუბლიკას ჟურნალისტი ლექსო ქეშელაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სცემეს და დააკავეს. მისმა კოლეგამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ლექსო ხაზზე გამოვიდა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ ცხვირი აქვს გატეხილი და თავზე აქვს დაზიანებები. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას კამერა წაართვეს.

01:08 – სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა

ჭიჭინაძის ქუჩაზე პარლამენტთან განლაგებულმა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო. აქციის დასაშლელად ეს ზომა ჯერ ინტენსიურად არ გამოიყენება, თუმცა ვითარება კვლავ დაძაბულია. პოლიციამ მომიტინგეს  ხელნაკეთი ბანერი წაართვა, რომელზეც ეწერა „აჯანყდი“.

00:10 – შსს: აქციის მონაწილეების ქმედების შედეგად პოლიციელი დაშავდა

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუხედავად პოლიციელების მოწოდებისა მომიტინგეების მიმართ, რომ პროტესტი მშვიდობიანად გამოეხატათ,  „შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“.  შსს ასევე აცხადებს, რომ აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი

23:55 – დიპლომატების ერთობლივი წერილი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ათობით თანამშრომელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. ისინი გამოხატავენ თავიანთ ერთგულებას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გაფართოების ფანჯარა, რომელიც ახლა ღიაა, შესაძლოა აღარასოდეს გაიხსნას. მათივე თქმით, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს.

23:30 – პრეზიდენტი საპროტესტო აქციას უერთდება, სპეცრაზმს ესაუბრება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს შეუერთდა, სადაც სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. აქციაზე მისვლის შემდეგ პრეზიდენტი პირდაპირ სპეცრაზმის წარმომადგენლებთან მივიდა და მათთან საუბარი სცადა. მან ჰკითხა მათ: „თქვენი მოვალეობა არ არის რომ დაშალოთ ხალხი, რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?  მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ, არც ქვეყნის, არც შვილების, არც წინაპრებზე”.

23:20 – შსს აქციის მონაწილეებს „კანონსაწინააღმდეგო ქმედების“ შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირების თაობაზე აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციელები მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. შსს-ს თქმით, საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. „მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

20:54 – პოლიციამ ქუთაისში მშვიდობიანი მომიტინგე დააკავა

პოლიციამ ქუთაისში მიშა მუმლაძე დააკავა. ის ქუთაისში ადგილობრივებთან მშვიდობიან აქციას მართავდა, როცა ხალხს ქუჩის გადაკვეთისკენ მოუწოდა, პოლიციელები კი თავს დაესხნენ, ტანსაცმელი დაახიეს და მიუხედავად ხალხის მოწოდებისა, რომ გაჩერებულიყვნენ, რადგან ის ცუდად იყო, პოლიციელებმს ის მანქანამდე მიიყვანეს და დააკავეს. პოლიციამ განაცხადა, რომ მუმლაძემ მათ ბრძანებას პატივი არ სცა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

20:00 – კულტურის სფეროს, სსო-ების წარმომადგენლები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ბრძოლისკენ მოუწოდებენ

კულტურის სფეროს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტის შესახებ „ქართული ოცნების“ „არაკონსტიტუციური“ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაანონსეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რატი ამაღლობელმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილებას ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უნდა შეეგუონ მას. მან საქართველოში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ბრძოლა დააანონსა და მოუწოდა ევროკავშირს უგულებელყოს არალეგიტიმური ხელისუფლების განცხადება. მისი თქმით, დღეს საქართველოს თავისუფალი მოქალაქისთვის ახალი ეტაპი დაიწყო.

თბილისში, ქართული ოცნების ოფისის წინ მოქალაქეები იკრიბებიან.

19:00 – პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩანიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა. ამ გადაწყვეტილებს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.

18:15 – „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ დღესვე მიღებული რეზოლუცია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

This post is also available in: English Русский

Back to top button