კობახიძე ევროკავშირსა და აშშ-სთან დაშორების მნიშვნელობას აკნინებს, მომიტინგეებს ემუქრება
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის მთავარი გზავნილები, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ მასობრივი საპროტესტო აქციების საპასუხოდ.
კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველომ არ შეაჩერა გაწევრიანების პროცესი და მიმართა ევროკავშირს: „დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს“. იგი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ბრიფინგს გამოეხმაურა და განაცხადა: „საქმე შანტაჟის ნაცვლად“. კობახიძემ აღნიშნა, რომ „რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ენჯეოების თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო“.
კობახიძე პრემიერ-მინისტრად „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გამოაცხადა, რომელსაც ბევრი 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ არალეგიტიმურად მიიჩნევს. მისმა განცხადებამ გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე საპროპტესტო აქციებს ხელისუფლებამ პოლიციის გადაჭარბებული ძალის გამოყენებით უპასუხა.
მიუხედავად ამისა, კობახიძე ამტკიცებს, რომ „არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად“.
აშშ-საქართველოს ურთიერთობები
კითხვაზე, რომელიც აშშ-სთან ურთიერთობას ეხებოდა, რომელმაც 30 ნოემბერს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ განაცხადა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს „დროებითი მოვლენაა“, რომელიც აშშ-ის შიდა პოლიტიკით აიხსნება.
„ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინის მიმართებით და საქართველოს მიმართებითაც, თუმცა ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია მომავალ ადმინისტრაციასთან, კობახიძემ უპასუხა: „„ჩვენი მხრიდან იყო კომუნიკაცია, იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას“.
კობახიძის თქმით, თბილისი 20 იანვარს დაელოდება ტრამპის ინაუგურაციას და იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი ხარისხობრივად შეცვლის როგორც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს“.
რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის პოზიციის შესახებ დასმულ კითხვაზე, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილის სანქციებისკენ მოუწოდებს, კობახიძემ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაა მთავარი და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
მიმდინარე საპროტესტო აქციები
კობახიძემ კომენტარი გააკეთა ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და განაცხადა, რომ „მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა და წარმატებით დაიცვა სახელმწიფო, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მორიგი მცდელობისაგან“.
„გუშინწინ ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი” ვერ შედგება, გუშინდელი დღე კი იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი“, – აღნიშნა მან. „ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი“.
„პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონ ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ“, – დასძინა კობახიძემ.
ასევე წაიკითხეთ:
- სიახლეების ბლოგი | ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი პროცესი
- 30/11/2024 – აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს
- 30/11/2024 – პრეზიდენტი: ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)