skip to content
ახალი ამბები

ჯოზეფ ბორელი არჩევნების სავარაუდო გაყალბების გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა 29 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გამოვლენილი დარღვევების გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მან პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს სთხოვა, რომ საქართველოში არსებული „მძიმე ვითარების“ სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს.

ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები „ძალიან შემაშფოთებელია“. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს და მათ არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები „თავისუფალი და სამართლიანი“ იყო.

„გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად“, – განაცხადა მან.

ბორელმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი“.

„პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

„საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს“, – განაცხადა ბორელმა.

„მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button