ორბანი: ქართველებმა სერიოზულად არ უნდა მიიღონ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ევროკავშირის დებატები
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში 29 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ორბანმა კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ევროკავშირში ამის შესახებ გარკვეული დებატები იქნება, მაგრამ ქართველებმა ეს სერიოზულად არ უნდა მიიღონ.
პრესკონფერენციის გახსნისას, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ მადლობა გადაუხადა ორბანს ვიზიტისთვის და უნგრეთ-საქართველოს „ნაყოფიერი“ თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობას და აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა, უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი ძალიან დასაფასებელია. მან ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის საერთო ქრისტიანულ ღირებულებებს და მადლობა გადაუხადა ორბანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ქვეყანაში მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვიზიტისგან თავი შეიკავა, რადგან ეს ქართველების მიერ არჩევნებში საგარეო ჩარევად იქნებოდა აღქმული. ორბანმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის „ურთიერთხელსაყრელ“ ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ორივე ქვეყანა „თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის მებრძოლია“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი უკრაინის დიდი მხარდამჭერია და განაცხადა, რომ უნგრეთმაც და საქართველომაც იციან როგორია ომი და მიულოცა ქართველებს, რომ მათ არჩევნებში მშვიდობა და ევროკავშირი აირჩიეს. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ პროევროპული პოლიტიკა აქვს და სასაცილოა ამაში ეჭვის შეტანა. მან შეაქო პრემიერ-მინისტრი კობახიძე ქართველების ევროპული მისწრაფებების შესრულებისთვის. მან მიულოცა საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ დაუშვა საქართველო კიდევ ერთი უკრაინა გამხდარიყო. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ათი წლის შემდეგ საქართველო საუკეთესო ფორმაში იქნება, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას და განაცხადა, რომ უნგრეთმა და საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში ექსპერტები გაცვალეს.
პრემიერ-მინისტრმა ორბანმა მიულოცა კოლეგას არჩევნებში გამარჯვება და განაცხადა, რომ თვალს ადევნებდა არჩევნების შესახებ დებატებსა და კრიტიკულ მოსაზრებებს ევროკავშირში, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს, რომ არჩევნები არადემოკრატიული იყო. მისი თქმით, საქართველოში უნგრელი დამკვირვებლები გამოგზავნეს და მათი ინფორმაციით, არჩევნები დადებითი იყო ყველა ასპექტში – თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უნგრელებს ესმით, რომ საქართველომ ამ არჩევნებში მშვიდობა აირჩია. მან ქართველებს მიმართა და განაცხადა, რომ ევროკავშირში დებატები სერიოზულად არ უნდა აღიქვან, რადგან ასეც ხდება – როცა კონსერვატორები იმარჯვებენ, მისი თქმით, ასეთი დებატები ყოველთვის არის. მისი თქმით, ევროკავშირის სახელმძღვანელოს წესების მიხედვით – თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ არჩევნები დემოკრატიულია, ხოლო თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ არა.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით 28 ოქტომბერს ჩამოვიდა. ის ჯერ რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროში მივიდა, სადაც ის ადამიანები მართავდნენ აქციას, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გააყალბეს. ხალხი პრემიერ-მინისტრ ორბანის ავტოკოლონას ხმამაღალი სტვენით, ყვირილითა და უარყოფითი კომენტარებით შეხვდა. ორბანს მხოლოდ ერთი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრესკონფერენციის შემდეგ ქვეყანა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/10/2024 – ევროკავშირის მინისტრების ერთობლივი განცხადება საქართველოში არჩევნების შესახებ
- 28/10/2024 – პაპუაშვილი არჩევნების გაყალბების თაობაზე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ბრალდებებს უარყოფს
- 27/10/2024 – NDI-სა და IRI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასება საქართველოს არჩევნების შესახებ
- 27/10/2024 – საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებები და დასკვნები
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)