
ბლინკენი: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მის ფრანგ კოლეგასთან საუბრისას საქართველო ერთ-ერთი განხილულ საკითხთა შორის იყო და აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა “ღრმად შემაშფოთებელია.”
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ კონფერენციაზე ბლინკენმა ასევე თქვა: “ეს არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლაა, არამედ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებისგან უკანდახევა. იმ მისწრაფებებისგან, რომლებიც აშენებს ისეთ მომავალს, რომელიც კიდევ უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან.”
“ჩვენ ვნახეთ ეს უკუსვლა, ვნახეთ მთავრობის ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა იმ ხალხის მკაფიო სურვილს, ვისზეც ამტკიცებენ, რომ მათ წარმოადგენენ. ვნახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, ვნახეთ რეპრესიული ქმედებები მთავრობის მხრიდან იმ ხალხზე, რომელიც ცდილობს ილაპარაკოს თავისუფლად, ღიად. შემდეგ კი ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმოქმედეთ. დავასანქცირეთ “ქართული ოცნების” პარტიის ლიდერი ივანიშვილი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები, შევაჩერეთ ამერიკის დახმარება საქართველოს მთავრობის მიმართ,” განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე გაიხსენა, რომ “ეუთოში ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის საფრანგეთთან, მუშაობის შედეგად ჩვენ ავამოქმედეთ ეუთოს ვენის მექანიზმი, რითაც ასევე ცხადი გავხადეთ, რომ ყველა ის ნაბიჯი უნდა შეიცვალოს, რაც გადაიდგა [საქართველოს მთავრობის მიერ], მათ შორის საკანონმდებლო ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვნად ავიწროებს სამოქალაქო საზოგადოების სივრცეს თავისუფალი გამოხატვისა და მოქმედების თავისუფლებისთვის.”
მან ხაზი გაუსვა, რომ არსებობს “მკაფიო ერთობა მიზნის მისაღწევად აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე.”
ასევე წაიკითხეთ
- 27/12/2024 – აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა
- 20/12/2024 – აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, ირაკლი კობახიძე შსს-ს მაღალჩინოსნებს აჯილდოებს და კომპენსაციებს პირდება
- 19/12/2024 – აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ სისასტიკისთვის შსს-ს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა
- 05/12/2024 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გმობს „ქართული ოცნების“ ძალადობას და დამატებით სანქციებს აანონსებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)