გაზეთი “ახალგაზრდა ივერიელი”: ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების წინასაარჩევნომ მიმართვა ქართველ ხალხს
გაზეთი “ახალგაზრდა ივერიელი” 20.10.1990
კონტექსტისთვის: 1990 წლის 28 ოქტომებრს, საბჭოთა საქართველოში, უზენაისი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო დაგეგმილი. არჩევნებში, მონაწილეობას იღებდნენ ეროვნული იდეების მქონდე პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები, მათ შორის ზვიად გამსახურდიას “მრგვალი მაგიდა: თავისუფალი საქართველო”. მისი მთავარი კონკურენტი კი კომუნისტური პარტია იყო.
მიმართვა ქართველ ხალხს
თავდაპირველად უნდა გითხრათ, რომ ჩვენს ქართულ ემიგრაციას, რომელიც სხვადასხვა პარტიელთა და უპარტიოთაგან, შედგებოდა, მუდამ ერთი საერთო მიზანი ასულდგმულებდა და ის შემდეგში მდგომარეობდა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი ჩვენი სამშბოლოს განთავისუფლება, საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენდა. 69 გრძელი და მოუშუშებელი ტკივილებით სავსე წლის შემდეგ, ჩვენი, დღევანდელი ქართული ეროვნული ემიგრაციის მიზან სწრაფვაც იგივეა, რაც მუდამ იყო წარსულში.
[…]საჯაროობამ აშკარად გამოავლინა საბჭოთა დაპყრობილი ხალხების ლტოლვა ეროვნული დამოუკიდებლობისაკენ, რის აღსაკვეთად, ცენტრალური ხელისუფლება სხვა არა დარჩენია რა, თუ არა საალყო მდგომარეობის გამოცხადება და ხალხთა შორის კონფლიქტების გაღვივება. საბჭოთა ხალხების უკმაყოფილებას კიდევ უფრო აძლიერებს ეკონომიკის სრული მოშლილობა, ხალხი სულ უფრო მეტად განიცდის ჯანმრთელობისათვის აუცილებლად საჭირო პროდუქტების ნაკლებობას, უზარმაზარი ქვეყანა იმყოფება შიმშილობის კატასტროფის წინაზე.
ასეთ ვითარებაში, 28 ოქტომბერს, დანიშნულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები. საბჭოთა პრაქტიკაში პირველად ჩატარდება მრავალპარტიული კანდიდატების პირობებში. ხელისუფლება ირწმუნება, რომ არჩევნები იქნება ჭეშმარიტად დემოკრატიული. ამომრჩევლები თავისუფალი იქნებიან ყოველგვარ ზემოქმედებისგან და მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოავლინონ მათი ნება-სურვილი. იმისთვის რომ არჩევნები ნამდვილად დემოკრატიული იყოს, მრავალპარტიულობა არ კმარა. საჭიროა აგრეთვე არჩევნებში მონაწილე პარტიებს, თანაბარი პირობები ჰქონდეთ არჩევნების წინ და დღეს არსებობდეს სრული სამოქალაქო მშვიდობა და ამომრჩეველთა უშიშროება გარანტირებული იყოს, არსებობენ ეს წინაპირობები? ჩვენ, გვგონია რომ არა!
არჩევნებს აწყობს მოსკოვის მიერ დანიშნული მთავრობა და კომუნისტური პარტია, რომლის ხელმძღვანელობაც ასევე კრემლის ხელისუფალთა მიერაა შერჩეული. ამის უარყოფა შეუძლებელია. და ეს პარტია, დამპყრობელი პარტია, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს “საქართველოს კომუნისტური პარტიის” აბრით. ამ პარტიის განკარგულებაშია განუსაზღვრელი ფულადი სახსრები, მთელი სახელმწიფო და პარტიული აპარატი, სანდო შემოწმებული თანამშრომლებით. არაფერი ამის მსგავსი არ გააჩნიათ ოპოზიციურ პარტიებსა და პარტიათა გაერთიანებებს. მათი ხელმძღვანელები გუშინ გამოვიდნენ საპატიმროებიდან და სამალავებიდან. მათ ჯერ სუსტად იცნობს ქართული საზოგადოება. […]ამ უთანასწორობას აძლიერებს მძლავრი საოკუპაციო ჯარების, თუნდაც ფსიქოლოგიური, ზემოქმედება და საიმპერიო საიდუმლო სამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობა, რომელიც შენიღბულად, ოსტატურად აღვივებენ საზოგადოებაში შუღლს, მტრობას, ტერორს. რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნების დღეს, მით უფრო იზრდება დაუცველობის განცდა, შიშიანობა. მდგომარეობის კიდევ უფრო დასაძაბად, ამ უხილავმა ძალებმა, ფაქტობრივად განახორციელეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოდან ჩამოშორება, რამაც არ შეიძლება არ აღაშფოთოს ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი. ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას ძალაუფლება და თუ ამას გააკეთებს ოქტომბრის არჩევნების არჩეული ოფიციალური უზენაესი საბჭო ეს იქნება ყველაზე უკეთესი.
მაშასადამე, რამდენადაც მეტი ქართველი პატრიოტი გავა მის დეპუტატად, იმდენად უკეთ წავა ჩვენი საქმე, და ეს თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი ხმების მიცემით. თქვენ, თქვენი მაღალი პოლიტიკური შეგნებით, უნდა გადალახოთ ყველა ზემოაღნიშნული დაბრკოლება, მასიურად უნდობლობა უნდა გამოუცხადოთ კომუნისტური პარტიის მიერ წამოყენებულ დეპუტატობის კანდიდატებს, იმ კომპარტიის, რომელიც არჩევნებში თვალთმაქცურად “საქართველოს კომპარტიად” გამოდის, სინამდვილეში კი ჩვენი სამშობლოს დამპყრობელთა პარტიაა და რომლის 69 წლის მმართველობამ უფსკრულის პირას მიიყვანა საქართველო და ქართველი ერი. მასიურად ხმა მიეცით თქვენთვის კარგად ცნობილ, პატიოსან, მტკიცე დემოკრატ მამულიშვილებს, ეროვნული განმანთავისუფლების მოძრაობის რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ ისინი, მათ რომელთაც ღრმად სწამთ ჩვენი სამშობლოს განთავისუფლება და მზად არიან თავიც დასდვან მისთვის, თუ კი საჭიროება მოითხოვა.
გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს!
მრავალჟამიერი და დიდება ქართველ ერს!
პარიზი, 14 ოქტომბერი, 1990 წელი.
მიხეილ ქავთარაძე, ჟურნალ “ივერიას” რედაქტორი;
ოთარ პატარიძე, ჟურნალ “ივერიას” დირექტორი;
გიორგი წერეთელი, ჟურნალ “გუშაგის” რედაქტორი და დირექტორი;
კარლო ინასარიძე, ჟურნალ “მებრძოლი საქართველოს” რედკოლეგია;
ჯაბა ხაბულიანი, ჟურნალ “ჩვენი დროშას” რედკოლეგია;
მამია ბერიშვილი, საქ.სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთელ ბიუროს პრეზიდიუმი;