ახალგაზრდა ივერიელი, 1990: კომკავშირული მეტამორფოზის აბსურდულობა
კომკავშირული მეტამორფოზის აბსურდულობა
გაზეთი ახალგაზრდა ივერიელი 12.05.1990
რედაქციისგან: 1990 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტს“ სარედაქციო კოლეგიის ნაწილი გამოეყო. მათ დააარსეს კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფალი გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, რომელიც მალევე ჩადგა ეროვნული მოძრაობის რიგებში.
კონტექსტისთვის: 1990 წელს, საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა. საქართველოში, მათ დაკარგული ჰქონდათ ეფექტური პოლიტიკური კონტროლი და ყოველდღიურ დღისწესრიგს ეროვნული მოძრაობა განსაზღვრავდა. ირღვეოდა საბჭოთა პოლიტიკური აპარატიც, საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე არა კომუნისტურ პარტიაში, არამედ ეროვნული მოძრაობის რიგებში დგებოდა
საქართველოს ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ანტიჰუმანური, ანტიეროვნული ბუნება, დღიდან დაარსებისა ამ ორგანიზაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა სრული სახით წარმოჩენა და ყოველივე ამის ისტორიულ სამსჯავროზე გამოტანა უახლოესი მომავლის საქმეა. ამ წერილის ავტორნი თვითმხილველნი არიან იმ უბადრუკი მეტამორფოზისა, რომელიც საქართველოს კომკავშირმა განიცადა მისი აგონიის უკანასკნელ სტადიაში – რიგ გარეშე XXXIV ყრილობიდან, 5 მაისის პლენუმამდე და თავს ვალდებულად თვლიან საზოგადოების მზერა მიაპყრონ იმ მოვლენებს, რომლებიც კომკავშირის ფარდის მიღმა კულისებში წარმოებს და რამაც კომკავშირის ლიკვიდაციამდე ორი კვირით ადრე ერთ-ერთი პირველთაგანი, მისი ყოფილი პირველი მდივანი „შეიწირა“. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კომკავშირის დემონტაჟის პროცესით თავიდანვე დაინტერესებული იყო საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა. კომუნისტური ეთიკით შეპყრობილთაგან განსხვავებით, ეროვნული მოძრაობა 649000 კომკავშირელს და თვით აპარატის 4000-იან ამალას თავის მოსისხლე კლასობრივ მტრად კი არ მიიჩნევდა, არამედ აღიქვამდა მათ, როგორც ეროვნულ საწყისს მოწყვეტილ გზააბნეულ ხალხს და მათი ამ საწყისში დაბრუნება ჰქონდა განზრახვული. აქედან გამომდინარე, იყო მცდელობა დასაბამი დასდებოდა მათ მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, რაც გამოიხატა იმ პიროვნულ თუ კოლექტიურ დიალოგებში, რომლებსაც ეროვნული მოძრაობის წარმოამდგენლების აწარმოებდნენ კომკავშირის ცკ-ის აპარატის უმაღლესი ნომეკლატურის პირებთან. ამ საკითხით დაინტერესებულთა მკითხველთათვის ცნობილია, თუ რა წინააღდეგობებს ჰქონდა ადგილი დიალოგის პროცესში, რაც პერიოდულად პრესის საშუალებით ქვეყნდებოდა. იდეა, შექმნილიყო თვისობრივად ახალი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც მის წევრებს მავნე, დრო მოჭმული პოლიტიკური წნეხისგან გაანთავისუფლებდა და ამით მათ მიეცემოდათ საშვალება საკუთარი ნიჭი და უნარი ეროვნული ინტერების საკეთილდღეოდ გამოეყენებინათ, სამწუხაროდ, კომკავშირისა და პარტიის ფუნქციონერთა მეცადინეობით კრახით დასრულდა. იგი დასრულდა პლენუმით, რომელიც აპრტიის ცენტრალური კომიტეტიდან მოვლენილი უმაღლესი პარტიული ფუნქციონერების მკვეთრი დიქტატით წარიმართა.
„ახალგაზრდობას ეკუთვნის მომავალი“- ასე აცხადებენ ოფიციოზის წარმომადგენლები, მაგრამ არა იმ ახალგაზრდობას რომელიც ყოვლად გაუმართლებელ ფარულ ალიანსშია ზემოაღნიშნულ უმაღლეს პარტიულ ფუნქციონერებთან და რომელიც თავისი პირადი სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის მზად არის ათიათასობით ახალგაზრდის მომავლის გასაწირად.
იმ გლობალური პროცესების ფონზე, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში მიმდინარეობს რაც სოციალისტური სტრუქტურების რღვევის საერთო კანონზომიერებაში გამოიხატება, სურვილი იმისა რომ მოხდეს მკვეთრი დაპირისპირება ახალგაზრდობას შორის პარტიულ პლატფორმაზე, რუმინეთში დატრიალებულ ტრაგედიის ინსპირირებას წააგავს. ამ დროს ახალგაზრდობის ყველა ჯანსაღი ძალების ზნეობრივი ვალდებულია თავიდან აიცილოს მოსალოდნელი საშიშროება და კომკავშირის თვითლიკვიდაციის საქმე მიიყვანოს ბოლომდე. კომკავშირს სიცოცხლის და არსებობის მორალური უფლება არც არასოდეს ჰქონია
გელა ჩორგოლაშვილი
თენგიზ დიხამინჯია
თედო პაატაშვილი
კონსტანტინე გამსახურდია
ვახტანგ ბახტაძე
11 მაისი 1990 წ.