skip to content
მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

1990 წლის 28 ოქტომბრის, უზენაესი საბჭოს, არჩევნები.

1990 წლის 28 ოქტომბერს, საბჭოთა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები გაიმართა. არჩევნებს გაემიჯნა ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ) და სხვა შედარებით პატარა ჯგუფები. მათი თქმით, თუ საბჭოთა ხელისუფლება ოკუპანტი იყო, მაშინ არჩევნებიც არალეგალური გამოდიოდა – მასში მონაწილეობა კი ირიბად ნიშნავდა საოკუპაციო ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებას.

ეროვნულ დემოკრატიულმა და სხვა შედარებით მცირე პარტიებმა, სექტემბერში, საკუთარი არაფორმალური არჩევნებში ჩაატარეს – აირჩა ეროვნული კონგრესი.

ეროვნული კონგრესის არჩევნების პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოფიციალური არჩევნები ჩატარდა. მასში, მრავალი პოლიტიკური ჯგუფი მონაწილეობდა, მათ შორის ორი გამოკვეთილი ფავორიტი იყო – “მრგვალი მაგიდა: თავისუფალი საქართველო” (სიის პირველი ნომერი ზვიად გამსახურდია) და “საქართველოს კომუნისტური პარტია” (სიის პირველი ნომერი გივი გუმბარიძე).

“მრგვალ მაგიდას” მზარდი ელექტორალური ბაზა ჰქონდათ, რომლის მთავარი დაპირება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო. მსგავსი დაპირება ჰქონდა კომუნისტურ პარტიასაც, მაგრამ საზოგადოებას ახალი სახეების ხილვა სურდა, და არა კარგად ცნობილი და ამავდროულად საეჭვო ხედვების მქონე კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებისა.

საარჩევნო კანონის თანახმად, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარი. პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში სადეპუტატო მანდატებს
მიიღებდა მხოლოდ ის პარტია, რომელიც არჩევნების შედეგად ნამდვილი ხმების 4%-ს მაინც მოაგროვებდა, ხოლო მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამარჯვებულად ჩაითვლებოდა კანდიდატი, რომელიც ნამდვილი ხმების 50%-ზე მეტს მოაგროვებდა.

საარჩევნო კომისია 35 წევრისგან შედგებოდა. კომისიამ თავმჯდომარის მოადგილედ
აირჩია თენგიზ სიგუა, პოლიტიკური მოძრაობა „შოთა რუსთაველის საზოგადოების“ წევრი. კომისიის მდივნის მოვალეობა დაეკისრა ლევან მესხს, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანება „სახალხო ფრონტში“ იყო გაწევრიანებული.

წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდი გამოდგა. იყო აქციები და დემონსტრაციები მაგრამ დაპირისპირებაში ის არ გადაზრდილა. იყო პრობლემებიც, მაგალითად კომუნისტური პარტია ისე იყო შეზრდილი სახელმწიფოში, რომ სერიოზულ ხარვეზებს აჩენდა. ბოლოს და ბოლოს, ოფიციალური სახელმწიფოს გაზეთი “კომუნისტი” იყო, მაშინ როცა “კომუნისტი” იყო პოლიტიკური სუბიექტის ოფიციალური გაზეთიც. ფაქტობრივად, პარტიული პროპაგანდა და ოფიციალური სახელმწიფო ცნობები ერთად იბეჭდებოდა.

1990 წლის 7 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა:

რეგისტრირებული ამომრჩეველი: 3 444 002 ადამიანი
მონაწილეობა მიიღო: 2 406 742 ადამიანმა
სულ აქტივობა: 69.88 %,
დაფიქსირებული ხმები: 2 311 923 ამომრჩევლის
ბათილად იქნა მიჩნეული 84 797 ბიულეტენი
ჩათვლილი აქტივობა 67.18%-ი.

პროპორციული სისტემით საარჩევნო სუბიექტებს შორის ამომრჩეველთა ხმები ამგვარად გადანაწილდა:
№1. „თავისუფლება“ – 71 602 – 3.10%;
№2. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია – 32 699 – 1.41%;
№3. საქართველოს კომუნისტური პარტია – 683 824 – 29.58%;
№5. „თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება“ – 80 262 – 3.47%;№6. საქართველოს სახალხო პარტია – 15 496 – 0.67%;
№7. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება – 53 673 – 2.32%;
№10. სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი – 8 029 – 0.35%;
№11. „განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება“ – 33 687 – 1.46 %;
№12. „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ – 1 248 111 – 53.99%;
№13. საქართველოს სახალხო ფრონტი – 43 771 – 1.89%;
№14. „დემოკრატიული საქართველო“ – 40 769 – 1.76%

არჩევნების შემდეგ პროპორციული სისტემით მანდატები ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის
გადანაწილდა: ბლოკმა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ 81 მანდატი მოიპოვა, ხოლო საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ – 44.

1990 წლის 18 ნოემბერს მუშაობას შეუდგა საბჭოთა საქართველოს ახალი პარლამენტი.

წყარო: საქართველოს არჩევნების ისტორია 1990-2018, ირაკლი ირემაძე.

მსგავსი/Related

Back to top button