ოპოზიცია “ქართული ოცნების” მორიგ წინასაარჩევნო გზავნილებს ეხმაურება
25 აგვისტოს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურის მოსახლეობას მიმართა. როგორც ბოლო მსგავს შეხვედრაზე მცხეთაში, ივანიშვილი ამბროლაურშიც კოლეგებისგან განცალკევებით, ტყვიაგაუმტარი მინიდან საუბრობდა. ამბროლაურში ივანიშვილის მიმართვა მცხეთაში მისი წინა მიმართვის თითქმის იდენტური იყო.
“სამოქალაქო საქართველო” გთავაზობთ ქართული ოპოზიციის გამოხმაურებებს:
ანა ნაცვლიშვილი, “ლელო”, კოალიცია” ძლიერი საქართველო”: “ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება ემსახურება რუსეთს. მას შემდეგ, რაც სწორედ ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ჩაკეტა ევროკავშირის კარი საქართველოსთვის და განზრახ გააჩერა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიან გაწევრიანებაზე, ივანიშვილი გადადის გეგმის შემდგომ ეტაპზე: კერძოდ, ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ. ესაა გზა აფხაზეთის აღიარების და საქართველოს ღალატის ბიძინას რუსული გეგმა”.
ზურაბ ჭიაბერაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, კოალიცია “ერთიანობა – საქართველოს გადარჩენისთვის”: “ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვისმენთ „ქართული ოცნებისგან“, ავლენს ერთადერთ რამეს – ეს არის სისუსტე. ეს არის ის, რომ ისინი გრძნობენ მოახლოებულ წაგებას, ისინი ხედავენ, რომ ამ არჩევნებში დამარცხდებიან და ბუნებრივია, ეხლა სასოწარკვეთილები იბრძვიან იმისათვის, რომ თავიანთი მხარდამჭერების მცირე ნაწილს მაინც გაუკეთონ მობილიზება… ერთადერთი რიტორიკა, რაც მათ აქვთ, ეს არის ძალადობის რიტორიკა და დაანონსება დიქტატურის, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს ევროკავშირისკენ სვლა და ევროკავშირი და დიქტატურა, რომელიც დააანონსა „ქართულმა ოცნებამ“, ერთმანეთთან შეუთავსებელია”.
ნიკა მელია, “ახალი”, “კოალიაცია ცვლილებისთვის”: “ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ საუბრობს იმას, რისი შესაძლებლობაც მას აქვს. ქუდზე კაცი ნამდვილად მოვა, ვეთანხმები, მაგრამ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ. ის, ერთი მხრივ, ანუგეშებს თავის მხარდაჭერებს, მეორე მხრივ, ცდილობს დაიყოლიოს ადამიანები, რომ საარჩევნო სიაში, მაგალითად, 73-ედ რომ წერენ რეგიონის წარმომადგენელს “ქართული ოცნების” სახელით, იმ ადამიანს აღარ სჯერა, რომ პარლამენტში მოხვდება და ამიტომ ივანიშვილი ცდილობს დაარწმუნოს ეს კატეგორიაც, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში”.
იაგო ხვიჩია, “გირჩი”: “”ქართულ ოცნებას” ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ან აფხაზეთის დაბრუნება თუ უნდოდა ან ნაცების გაუქმება თუ უნდოდა, ეს არსებობდა აქამდეც და, უბრალოდ, ახლა რომ ვერ აიღებენ ქოცები საკონსტიტუციო უმრავლესობას, იტყვიან, რომ დაპირებას ვერ შევასრულებთ, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ ვიღებთო და სინამდვილეში მათი მიზანი ხელისუფლებაში დარჩენაა და არა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება”.
რომან გოცირიძე, “ევროოპტიმისტები”: “”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო “ვოიაჟებს”, რომ დადიან სოფელ-სოფელ და განცხადებებს აკეთებენ, შეიძლება ვუწოდოთ მათი პროგრამის პრეზენტაცია, რომლის სათაური შეიძლება ჟღერდეს ასე – ღალატის პროგრამა. პირდაპირ ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს, კონსტიტუციას… ალბათ, საზოგადოებას ამზადებენ, რომ შეიძლება ამოღებული იყოს საქართველოს კონსტიტუციიდან ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება; ან შესაძლებელია, აფხაზეთის აღიარებაც კი და რაღაც ერთობლივი სახელმწიფოს შექმნა. ძალიან გაუგებარი და აბსურდული განცხადებები კეთდება და, რაც მთავარია, ყველა გამოსვლა ხაზგასმითაა მიმართული ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. ქვეყანას აბრუნებენ რუსულ ორბიტაზე”.
ანა ბუჩუკური, “გახარია – საქართველოსთვის”: “საკითხებს, რაც ჩამოთვალეს – პარტიის გასამართლება, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების გამოძიება, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება. ეს ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ „ოცნების“ მთელი პროპაგანდა და წინასაარჩევნო კამპანია დაფუძნებულია ტყუილსა და უღირსობაზე. ხელისუფლება, რომელსაც პოზიტიური დაპირების გაცემის ლეგიტიმაცია არ გააჩნია, დამარცხებულია, უბრალოდ ახლა ამ დამარცხებასთან შეგუების მტკივნეულ ეტაპს გადიან”.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/08/2024 – ოპოზიციის რეაქცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო გზავნილებზე
- 22/08/2024 – ივანიშვილი პოლიტიკურ შურისძიებასა და ქვეყნის გადარჩენის იმედზე საუბარს აგრძელებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)