ივანიშვილმა მეოთხე დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბრისას “რწმენაზე” მიანიშნა
25 აგვისტოს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურის მოსახლეობას მიმართა. როგორც ბოლო მსგავს შეხვედრაზე მცხეთაში, ივანიშვილი ამბროლაურშიც კოლეგებისგან განცალკევებით, ტყვიაგაუმტარი მინიდან საუბრობდა. ადგილზე მყოფი პირების ცნობებით, დასავლეთ საქართველოდან რაჭისკენ მიმავალ გზაზე პოლიცია მასობრივად იყო მობილიზებული.
ამბროლაურში ივანიშვილის მიმართვა მცხეთაში მისი წინა მიმართვის თითქმის იდენტური იყო. ივანიშვილმა არჩევნები კვლავ რეფერენდუმად წარმოაჩინა, რომელზეც “ეროვნული სუვერენიტეტის იდეა და ტრადიციული ღირებულებები” გარდაუვლად გაიმარჯვებს. ივანიშვილმა თქვა, რომ “ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში უხვად გაბნეული უცხოეთის აგენტები” ძალაუფლების დაბრუნებას ელიან, ამის შესრულება კი “საქართველოს ომში ჩართვას, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და შიმშილს, კიდევ მეტ დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ნიშნავს”.
ივანიშვილმა ისეც ისაუბრა მიზეზებზე, რომელთა გამოც მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს. ამ მიზეზებს შორისაა ოპოზიციის (“კოლექტიური ნაცმოძრაობის”) აკრძალვა, ჰომოფობიური კანონმდებლობის (“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”) მიღება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მზადყოფნა.
ივანიშვილმა ასევე ახსენა მეოთხე მიზეზი, რომელიც მმართველ პარტიას ჯერ კიდევ არ აქვს გაცხადებული. ივანიშვილმა მხოლოდ მინიშნებით თქვა, რომ ეს “ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხია”. არსებობს ვარაუდი, რომ “ქართული ოცნება” მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას აპირებს. ამჟამად კონსტიტუცია აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის “განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში”, ხოლო დამოუკიდებელი კონსტიტუციური კანონი განმარტავს მთელ რიგ პრივილეგიებს, რომლებითაც მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს.
ივანიშვილმა თავის გამოსვლაში მხოლოდ ერთხელ ახსენა, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, ისიც მხოლოდ “ეროვნული ღირსების შენარჩუნებით” და მაშინ, როდესაც “გადავარჩენთ ქვეყანას”.
შოვის ტრაგედია
რაჭაში საუბრისას ივანიშვილმა გაიხსენა გასული წლის აგვისტოში შოვში მომხდარი ტრაგიკული მეწყერიც, რომელმაც ოცდაათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. “სამწუხაროდ, ისევ მიწევს კოლექტიური ნაცმოძრაობის ხსენება”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, “კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ” “კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გააზრებულიც არ გვქონდა, რა მოხდა ჩვენს თავს, პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი და ბუნებრივ სტიქიაში ხელისუფლების ბრალეულობის ძებნა დაიწყო”.
შოვის ტრაგედიის შემდეგ რამდენიმე მეცნიერმა განაცხადა, რომ წინასწარი გაფრთხილების სისტემის არსებობის შემთხვევაში შოვში მსხვერპლის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. აღნიშნულ მეცნიერებს “ქართულმა ოცნებამ” ბრალი დასდო “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ინტერესების მსახურებაში. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ცოტა ხნის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ვრცელი კვლევა, რომლითაც დაადასტურა თავისი პირვანდელი შეფასება, რომ წინასწარი შეტყობინების მექანიზმის არსებობის შემთხვევაში მსხვერპლი არ იქნებოდა. კვლევაში მონაწილე რამდენიმე მეცნიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა.
“26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ ქართული ოცნების ახდენას”, – განაცხადა ივანიშვილმა სიტყვის დასასრულს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)