skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის რეაქცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო გზავნილებზე

21 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებთან ერთად მცხეთაში მხარდამჭერებს მიმართა. პარტიის ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს კამპანიის ძირითად გზავნილებზე, რომლებიც მათი პოლიტიკური საბჭოს უახლეს განცხადებაშია ჩამოყალიბებული. ქართულ ოცნებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტიის” გასამართლება და მათი პოლიტიკური ველიდან გაქრობა, ასევე ტრადიციული ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის სახელით ლგბტ უფლებების შეზღუდვა სურს. მათ ასევე სურთ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რადგან, მათი აზრით, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს.

“სამოქალაქო საქართველო” გთავაზობთ ქართული ოპოზიციის გამოხმაურებებს:

ნიკა გვარამია, “კოალიცია ცვლილებებისთვის” (პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე): “გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოცნება არის შუღლის, დაპირისპირებისა და ქაოსის პარტია, რომელსაც არაფერი არ აქვს შესათავაზებელი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ, კოალიცია ცვლილებისთვის, არ ვაპირებთ განხილვას, რა ილაპარაკა ადამიანმა, რომელიც მოსახლეობასთანაც შუშის ბარიერებს იშენებს და საკუთარ გუნდთანაც. საკუთარ გუნდსაც ელაპარაკება შუშის ბარიერებიდან…”

მამუკა ხაზარაძე, “ძლიერი საქართველო” (პარტია “ლელოს” ლიდერი): ვეთანხმები ბიძინას, ნამდვილად რეფერენდუმია ეს არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას სიღატაკეს, ემიგრაციას, სამარცხვინო პენსიებს, ბავშვთა შიმშილს, უმუშევრობას, ნეპოტიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლებას![…]მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა სცენაზე, რომელიც დაწერილ ტექსტსაც კი ვერ კითხულობს და ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრება ხალხს. ასეთი სამარცხვინო და კაპიტულანტური ხელისუფალი არასდროს ჰყოლია ჩვენს ქვეყანას!”

ნათია მეზვრიშვილი, პარტია “საქართველოსთვის”: “ბევრი რამ იყო ტრაგიკული „ოცნების“ გუშინდელ ღონისძიებაში – შიში (მათ შორის ერთმანეთით); სიყალბე; რწმენადაკარგული და გაქცევაზე მყოფი ხალხი; კორუმპირებული, გაცვეთილი, ყველა ნავში ნამყოფი სახეები; ივანიშვილი, რომელიც ისეა გასული 2012-იანის სააკაშვილივით, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ჰგონია, ისევ ჭარბი ნდობა აქვს…”

ლევან ბეჟაშვილი, “ერთიანობა – საქართველოს გადასარჩენად” (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”): “გუშინ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ როგორი არაადეკვატური ხელისუფლება ჰყავს საქართველოს. როგორ არაადეკვატურ ადამიანებს აქვთ მიტაცებული ხელისუფლება და საუბრობენ ხალხის ენით და საქართველოს სახელით. ჩვენ ვნახეთ ხელისუფლება, რომელიც ბრონირებული აკვარიუმის მეშვეობით ესაუბრებოდა საქართველოს მოსახლეობას და აბსოლუტურად არაფერს არ სთავაზობდა ახალს. სთავაზობდა ისევ წარსულზე დავას, სთავაზობდა ისევ ძალადობას ოპოზიციაზე, ოპოზიციის გაუქმებას, მედიის გაუქმებას, არასამთავრობო სექტორის გაუქმებას და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ზრუნავდა…”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button