რუსეთის საგარეო დაზვერვა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ “თბილისის მაიდანს” მოელის
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იწრმუნება, რომ აშშ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ “თბილისის მაიდანს” გეგმავს, რათა “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში დარჩენის საშუალება არ მისცეს. ინფორმაცია ამის შესახებ 26 აგვისტოს რუსულმა სახელმწიფო მედია სააგენტომ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ფერადი რევოლუციის” ფარგლებში რუსული დაზვერვა ელის, რომ მოხდება ქართველი სამართალდამცველების “პროვოცირება”, რომ მათ “პროტესტები ძალადობრივად ჩაახშონ”. სადაზვერვო სამსახურის მტკიცებით, ამას აშშ-ისგან “უმოწყალო პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხი” მოჰყვება, რაც იმითაა ნაკარნახევი, რომ თეთრი სახლი საქართველოში განვითარებული მოვლენებით “ღრმად უკმაყოფილოა” და გეგმავს “თბილისის მაიდანს”, რისი მიზანიც “არჩევნების შედეგების არაღიარებულად გამოაცხადება და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნაა”.
სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, ამ გეგმის ნაწილია არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ევალებათ “‘მთავრობის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების “ურყევი ფაქტების” გამოვლენა და აღრიცხვა, ასეთების არარსებობის შემთხვევაშიც კი”. სამსახური ასევე კმაყოფილებით იუწყება, რომ “ვაშინგტონის მიერ კონტროლირებული” ოპოზიციური პარტიები დაქსაქსულია და მათი კოალიცია, “ამერიკული ძალისხმევის მიუხედავად”, “ძალიან მყიფეა”.
“ამ ფონზე “ქართული ოცნების” მმართველ პარტიას მოსახლეობის ნდობის მოპოვება თავდაჯერებით შეუძლია. შედეგად, რისიც შეერთებულ შტატებს ეშინია, “ოცნებას” თავისუფლებად შეეძლება თავისი სუვერენული კურსის გაგრძელება და უარის თქმა დასავლეთის ისეთი მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება”, – ამბობს რუსული დაზვერვის პრესსამსახური.
იმისთვის, რათა არჩევნების მსგავსი შედეგი თავიდან აირიდონ, “ამერიკელები გეგმავენ, არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში საქართველოს მთავრობაზე წნეხი გაზარდონ, რათა “ქართული ოცნების” საარჩევნო პოზიციები შეძლებისდაგვარად შეასუსტონ. იგეგმება “კარგად ნაცადი” ხერხის გამოყენება – “ოცნების” ლიდერების, მათი ოჯახის წევრებისა და ასევე პარტიის დამფინანსებლების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესება”, – ასკვნის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური.
Also Read:
- 21/08/2024 – ივანიშვილი პოლიტიკურ შურისძიებასა და ქვეყნის გადარჩენის იმედზე საუბარს აგრძელებს
- 16/08/2024 – პუტინის თანაშემწე აშშ-ს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის „ორგანიზებაში“ ადანაშაულებს.
- 15/08/2024 – რუსმა დიპლომატმა გაეროში აგვისტოს ომში სააკაშვილის ბრალეულობაზე „ქართული ოცნების“ ციტატა გაიმეორა
- 01/08/2024 – რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე: კრემლი მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)