skip to content
ახალი ამბები

პუტინის თანაშემწე აშშ-ს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის „ორგანიზებაში“ ადანაშაულებს.

რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე და პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის „ორგანიზებაში“ ადანაშაულებს და ამ ომს „სააკაშვილის სამხედრო ავანტიურას“ უწოდებს. ” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პატრუშევი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.

პატრუშევის ბრალდებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრელებული მსგავსი შინაარსის განცხადება, რომელშიც მმართველმა პარტიამ 2008 წლის ომი შეაფასა როგორც კულმინაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადმინისტრაციის არაერთი მცდელობისა, რომ დასავლელი მფარველების მხარდაჭერით „რუსული ჯარი საქართველოში შემოებრუნებინა“.

„ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეული თანამგზავრია. სწორედ ამერიკელების ორგანიზებული იყო სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ამასთან. აშშ-ის პირდაპირ ჩარევას საქართველოს საქმეებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა მოყვა. მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათი ტანჯვის მიზეზი ამერიკელების ქმედებებია“, – განაცხადა პატრუშევმა.

ინტერვიუში პატრუშევი რუსეთის საზღვაო ამბიციებზეც საუბრობს. „უნდა ვაღიაროთ, რომ ძალის ფაქტორის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში არ შემცირებულა“… ნატო აგრძელებს მსოფლიო ოკეანეების გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქომე რაიონებში სამხედრო-საზღვაო ყოფნის გაძლიერბას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიების მიმდებარე ოკეანეებისა და ზღვების აკვატორიებში“, – აღნიშნა მან.

პატრუშევი დასავლეთს ადანაშაულებს „შავ ზღვაზე რუსეთის შეკავების სტრატეგიის აქტიურად განხორციელებაში, სადაც ნატო მონტრეს კონვენციის დარღვევით თავისი ყოფნის გასაძლიერებლად ემზადება. ოკეანეებზე გავლენის გასაზრდელად, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უგულებელყოფენ ან ცდილობენ გადახედონ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს“.

იმავე ინტერვიუში, პატრუშევი ასევე ადანაშაულებს დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის კურსკის რეგიონში შეჭრაში უკრაინის დახმარებისთვის და აცხადებს, რომ ამერიკის ინტერესების გამო უკრაინის მოსახლეობა იტანჯება, რადგან „შეერთებულმა შტატებმა მათი სახელმწიფო სამხედრო ანტირუსულ პროექტად აქცია. ვაშინგტონის ძალისხმევით შეიქმნა ყველა პირობა, რომ უკრაინამ დაკარგოს სუვერენიტეტი და ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ის ტერიტორიები, რომელთაც ამერიკის ზოგიერთმა მოკავშირემ უკვე დიდი ხანია თვალი დაადგა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button