skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე: კრემლი მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის

1 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ კრემლი მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის. მისი განცხადება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებისა და საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობების უპრეცედენტო გაუარესების ფონზე გაკეთდა.  

„სამწუხაროდ, აქამდე არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, გასაგებია, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის. საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ბევრი რამის ხელახლა გადახედვა ხდება“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კურსს“.

მისი თქმით, თუკი საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი, „ჩვენ ახლაც მზად ვართ მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს“. მან შესაბამისი პარლამენტების როლს გაუსვა ხაზი და განაცხადა: „ეს არის პარლამენტარების მისია, ამიტომაც აირჩევიან თავიანთი ხალხის მიერ, რომ საპარლამენტო დიპლომატია აწარმოონ, აღადგინონ ხიდები, აღადგინონ მეგობრობა…“

„როგორც ადრე ვისწრაფვოდით ქართველ ხალხთან მეგობრული, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებისა და შენარჩუნებისკენ, ამას კვლავ გავაგრძელებთ. თქვენ იცით, რამდენი ტურისტი მიემგზავრება რუსეთიდან საქართველოში და რამდენად სცემენ ისინი პატივს ქართველი ხალხის კულტურას, ქართველი ხალხის სამზარეულოს, მის ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს. ამიტომ არის ქართველი ხალხი ჩვენთან ახლოს, ჩვენს მიმართ მეგობრული. ვნახოთ, როგორ დასრულდება საარჩევნო კამპანია. გარე ზეწოლა საქართველოზე, და ჩვენ ამას ვხედავთ, ცხადია, ძალიან ძლიერია, ნაცნობი სცენარებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს“, – დასძინა მატვიენკომ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button