skip to content
ახალი ამბები

პრორუსული პარტია საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს დასავლეთის წინააღმდეგ „გაერთიანებისკენ“ მოუწოდებს

ქართული წარმომავლობის რუსმა ბიზნესმენმა და პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა მამუკა ფიფიამ 4 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიმართა თხოვნით, რომ „ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“ თავიანთი შესაბამისი ქვეყნები გააერთიანონ დასავლეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც, მისი თქმით, რუსული ცივილიზაციის „განადგურებას“ ცდილობს. მან ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „სწრაფად“ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

„დასავლეთი ცდილობს, რომ ომის უფსკრულში გადააგდოს საქართველო, კავკასიის პატარა ქვეყანა წინააღმდეგობას უწევს, ცდილობს თავის შენარჩუნებას და ფაქტიურად ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის“, – განაცხადა ფიფიამ კონფერენციაზე, რომელიც, როგორც მან აღნიშნა, 1783 წელს რუსეთის იმპერიასთან გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის წლისთავზე იმართება.

„არსებულ რთულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველომ და რუსეთმა კიდევ ერთხელ უნდა დაძლიონ უთანხმოება და გაერთიანდნენ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენ, ისევე როგორც ჩვენს წინაპრებს მე-18 საუკუნის ბოლოს, სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევქმნათ საერთო სივრცე ყველა გაგებით – საერთო ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო, სამხედრო-პოლიტიკური სივრცე. ამის გარეშე შეუძლებელია გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის პირობების უზრუნველყოფა“, – განაცხადა მან.

მან ასევე ისაუბრა საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ „ანტისახელმწიფოებრივი ძალები გადატრიალებას ამზადებენ“. მან ასევე გააფრთხილა, რომ „თუ მოხდება ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური ცვლილება, საქართველო დაშლისა და განადგურების საფრთხის წინაშე დადგება“. მან მოუწოდა ქართულ საზოგადოებას არ დაუშვას „პროდასავლური რევანში“.

ფიფიამ მოუწოდა ორივე ქვეყანას „დაიწყონ პირობების მომზადება კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენისთვის, მოსკოვსა და თბილისს შორის სტრატეგიული ალიანსის რაც შეიძლება მალე აღდგენის პერსპექტივით“. „დროა აღვადგინოთ უსაფრთხოების საერთო სივრცე“, დასძინა მან.

მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტს 2023 წელს მმართველი პარტიის წევრის, ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით ესტუმრა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მეგობარია. ამ უკანასკნელის სტუმრობამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 2019 წელს მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

2023 წლის ივნისში პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებმა პუტინს მიმართეს თხოვნით, რომ სრულად გაუქმდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, ასევე ამნისტია იქნას შემოღებული იმ პირებისთვის, ვინც იძულებული გახდნენ რუსეთში დარჩენის წესები დაერღვიათ. მოგვიანებით, პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო უწყებები შეისწავლიან ამ მიმართვას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button