
საქართველოში პროკრემლისტური ჯგუფი, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის კამპანიას იწყებს
პრორუსი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ჯგუფი, რომელთა უმეტესობას, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ აქვს კავშირი, 7 მაისს თბილისის სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით ხელმოწერების კამპანიის დასაწყებად შეიკრიბა.
შენიშვნა: სტატია ძირითადად ეფუძნება ტელეკომპანია „პირველის“ საგამოძიებო გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“, რომელიც ეთერში 10 მაისს გავიდა.
7 მაისის შეხვედრას, სახელწოდებით „მრგვალი მაგიდა: საქართველოს ადგილი ცვალებად სამყაროში და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები“, ხელმძღვანელობდა მამუკა ფიფია, ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი, რომელიც 2023 წელს დაარსებული პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია. გავრცელებული ინფორმაციით, ფიფიამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი რუსეთში გაატარა და რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მეგობარია. სწორედ ამ უკანასკნელის ვიზიტს საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გამოჩენას 2019 წლის ივნისში თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა.
7 მაისს გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე გამოკვეთილი პრორუსი ფიგურა შეიკრიბა, მათ შორის პაატა აბულაძე, თბილისის მერის, კახა კალაძის სიძე; ფრიდონ ინჯია, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ინჯიას მამა და თავადაც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი; და ნანა კაკაბაძე, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი, რომელიც ასევე პრორუსული ჯგუფია და ხშირად იმეორებს „ქართული ოცნების“ ნარატივებს.
მართალია სატელევიზიო რეპორტაჟი შეხვედრის შინაარსის შესახებ დიდ ინფორმაციას არ იძლევა, მასში მოყვანილია შეხვედრის მონაწილეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც ნათქვამია: „დადებითად ვაფასებთ და მივესალმებით რა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკას, აუცილებლად მიგვაჩნია რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის ოფიციალურ დონეზე გამართვა“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ვერ გადალახავს არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი გეგმავს კამპანიის დაწყებას პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისა და რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით. კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
ტვ პირველის რეპორტაჟის თანახმად, ხელმოწერები საბაბი გახდება ოფიციალური თბილისისთვის, რომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს და ამის საბაბად ქართველი ხალხის ნება დაასახელოს.
შეხვედრის შემდეგ მამუკა ფიფიამ ჟურნალისტს განუცხადა: „ჩვენ უნდა მივცეთ მანდატი ხელისუფლებას, ხელისუფლებამ უფრო თამამად უნდა იმოქმედოს… უნდა მოვახდინოთ ხალხის მობილაცია და მერე ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება… ეს შეიძლება დიპლომატიურიც იყოს და შეიძლება, როგორც რუსები გვთავაზობენ, პირდაპირ დაიწყოს დიალოგი მოსკოვში, სოხუმში, თბილისში და ცხინვალში“. მან დასძინა, რომ ის არც ხელისუფლების რგოლს წარმოადგენს და არც ადვოკატს. „ვხედავთ, რომ ხალხში ამის მოთხოვნაა“, – აღნიშნა მან.
თბილისის შეხვედრამდე, მამუკა ფიფია, გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა. ტელეკომპანია „პირველმა“ ის ფოტოებიც გაასაჯაროვა, სადაც ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ.
თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფიფია მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 9 მაისს სამხედრო აღლუმს დაესწრო. აღლუმს ასევე ესწრებოდა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. სიუჟეტში ჩანს ორივეს ფოტო, რომელიც წითელ მოედანზეა გადაღებული. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ფარცხალაძეს სანქციები 2023 წელს დაუწესა რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან კავშირებისა და საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის გამო.
ტვ „პირველმა“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად დანიშნულ უფროსს, ანრი ოხანაშვილს, მოსკოვში სამხედრო აღლუმზე ფარცხალაძის დასწრების შესახებ ჰკითხა და დაინტერესდა, თუ რატომ არ დასრულდა ორი წლის თავზე ყოფილი გენერალური პროკურორის რუსულ დაზვერვასთან სავარაუდო კავშირების შესახებ გამოძიება. ოხანაშვილმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
სიუჟეტის კიდევ ერთი პერსონაჟია მამუკა მერკვილაძე, რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი, რომელსაც, სიუჟეტის თანახმად, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში რუსული ინვესტიციების მოზიდვა დაავალა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო. ცნობილია, რომ მერკვილაძეს კავშირები აქვს რუსეთთან, მათ შორის პუტინის უახლოეს გარემოცვასთან, ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა ცოტა ხნის წინ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი წამოჭრა, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია კვლავ „წითელ ხაზად“ რჩება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის მოსკოვთან სასაუბროდ.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ომის შემდეგ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/04/2025 – გალუზინი: მოსკოვი თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა
- 11/02/2025 – გალუზინი: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოყვება
- 05/11/2024 – ლავროვი საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას უარყოფს, მზადაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
- 29/09/2024 – ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს
- 26/06/2024 – ზახაროვა: რუსეთი მზადაა მხარი დაუჭიროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის მცდელობებს
This post is also available in: English Русский